Glossary

საპროექტო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები

  • აეროპროექტი (რუს.:Аэропроект) – სამოქალაქო ავიაციის საპროექტო და სამეცნიერო-კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტი. დაარსდა 1934 წელს მოსკოვში. იყო მთავარი საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სახმელეთო ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში მუშაობდა
  • აკადემპროექტი (რუს.:Академпроект)- სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი. დაარსდა 1938 წელს ალექსეი შჩუსევის მიერ სამეცნიერო ინსტიტუტების, მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და სხვ. დასაპროექტებლად. ამჟამად – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტი
  • აჭარპროექტი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემოქმედებითი საპროექტო სახელოსნო, ბათუმი.
  • გიპროავტოდორტრანსი (რუს.:Гипроaвтодортранс) – საავტომობილო სარემონტო და სატრანსპორტო საწარმოებისა და ნაგებობების სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი
  • გიპროგორი (რუს.:ГИПроГор) – ქალაქგეგმარების სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი. დაარსდა 1929 წელს, როგორც რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ტრესტი. ამჟამად – რუსეთის ქალაქგეგმარებისა და საინვესტიციო განვითარების ინსტიტუტი
  • გიპროპრომსელსტროი (რუს.:Гипропромсельстрой) – სასოფლო-სამრეწველო საწარმოების სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი
  • გიპროტორგი (რუს.:Гипроторг) – სსრკ ვაჭრობის სამინისტროს საზოგადოებრივი კვებისა და სავაჭრო საწარმოების დაპროექტების საკავშირო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ “სოიუზგიპროტორგი”- ის საქართველოს ფილიალი
  • გრუზდორნიი (რუს.:Груздорнии) – საქართველოს სახელმწიფო საგზაო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საკავშირო “სოიუზდორნიი”-ს საქართველოს ფილიალი
  • თბილზნიიეპი (რუს.:ТБИЛЗНИИЭП) თბილისის ზონალური სამეცნიერო -კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი ტიპური და ექსპერიმენტული საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების დაპროექტებისთვის. ზნიიეპის სამიძირითადი მიმართულება – კვლევა, დაპროექტება და ექსპერიმენტული კონსტრუქციების გამოცდა იყო. ის იყო წამყვანი ინსტიტუტი სეისმომედეგი კონსტრუქციების დამუშავებაში. დაარსდა როგორც საკავშირო ინსტიტუტის ფილიალი 1964 წელს, 1991 წლის რეორგანიზაციის შემდეგ იარსება 2006 წლამდე
  • თბილქალაქპროექტი (რუს.:Тбилгоргроект) – საქართველოს სსრ თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი. დაარსდა 1933 წელს. თბილქალაქპროექტში დამუშავდა თბილისის გენერალური გეგმები, დაპროექტდა საცხოვრებელი რაიონები, საზოგადოებრივი, ადმინისტრაციული, სამრეწველო და სხვა ნაგებობები. 1990-იან წლებში გაუქმდა, როგორც სახელმწიფო დაწესებულება, და გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად.
  • სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოები – დაარსდა 1948 წელს (იყო საბჭოთა კავშირში პირველი მსგავსი პროფილის ორგანიზაცია). ემსახურებოდა არქიტექტურის რესტავრაციის დარგში სამეცნიერო და პრაქტიკული სამუშაოების წარმართვას
  • საქენერგოპროექტი (რუს.:Грузэнергопроект) – საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოს „საქენერგოს“ დარგობრივი სამმართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი
  • საქსახსოფლპროექტი იგივე საქსოფლმშენსახპროექტი (რუს.:Сельпроект) – საქართველოს სსრ სახმშენის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი, რომელშიც სოფლების დაგეგმარებისა და განვითარების, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების პროექტები მუშავდებოდა
  • საქსახპროექტი (რუს.:Грузгоспроект) – 1930-1932 წლებში ეწოდებოდა „ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს საპროექტო-საკონსულტაციო ტრესტი“. მრავალჯერ შეიცვალა დაქვემდებარება, თუმცა არ შეუცვლია სახელწოდება. 1959 წლიდან გაუქმებამდე ერქვა „საქართველოს სსრ სახმშენის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი“. საქსახპროექტში მუშავდებოდა სამრეწველო დანიშნულების ობიექტები – ფაბრიკები, ქარხნები და სხვ.
  • საქქალაქმშენპროექტი იგივე საქქალაქმშენსახპროექტი (რუს.:Гипрогорстрой) – ქალაქგეგმარებისა და ტერიტორიული დაგეგმარების საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი. ფილიალები სოხუმსა და ბათუმში. ექვემდებარებოდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს. 1995 წლიდან – “საქქალაქმშენპროექტი”
  • საქშახტპროექტი (რუს.:Шахтпроект) – საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოს ქვანახშირის, ნავთობისა და სამთო მადნეულის მრეწველობის სამმართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი. 1957-1965 წლებში – “საქსახშახტი”. 1965 წლიდან საქართველოს სსრ ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი “საქსახშახტი”. ინსტიტუტის პროფილი იყო სამთო საბადოების მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების დაპროექტება
  • სოიუზდორპროექტი, თბილისის ფილიალი (რუს.:Союздорпроект) – დაარსდა 1938 წელს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს საპროექტო-კვლევითი განყოფილების ბაზაზე, სახეწოდებით: “სოიუზდორპროექტის თბილისის კანტორა”. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში 1953 წლამდე. 1953-1976 წლებში ერქვა “სსი სოიუზდორპროექტის თბილისის ფილიალი”, 1976-1991 წლებში ერქვა თბილისის სახელმწიფო საპროექტო-კვლევითი ინსტიტუტი „თბილგიპროავტოტრანსი“, საბჭოთა კავშირის ტრანსპორტის მშენებლობის სამინისტროს დაპროექტებისა და კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში. ინსტიტუტის ძირითადი პროფილი იყო გზების მშენებლობისა და ხელოვნური ნაგებობების დაპროექტება. შეიცავდა სამოქალაქო ნაგებობათა განყოფილებასაც
  • ტურისტპროექტი (რუს.:ТуристПроект) – ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი შენობა-ნაგებობების საკავშირო საპროექტო ორგანიზაცია. დაარსდა 1978 წელს. ცენტრალური ინსტიტუტი იყო ლენინგრადში, ფილიალები ქონდა თბილისში, ნალჩიკში, კიევში, უჟგოროდში, ფეოდოსიაში და კრასნოიარსკში.
  • ხრამჰესპროექტი – საპროექტო ორგანიზაცია ხრამჰესის ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის. ხრამჰესი (1947), მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე
  • ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი – საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა -ძიების მთავარი ცენტრი. დაარსდა 1941 წელს. ამჟამად – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

სამშენებლო ორგანიზაციები

  • აქსისი – დეველოპერული კომპანია, დაარსდა 1998 წელს.
  • თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო – შეიქმნა 1965 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. თბილისში მეტროს მშენებლობა გადაწყდა 1952 წელს. პირველი რიგის პირველი უბანი ხუთი სადგურით გაიხსნა 1966 წელს.
  • გუშოსდორი (რუს.:Гушосдор) – გზატკეცილების მთავარი სამმართველო 1936 წლიდან. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შემადგენლობაში. 1953 წლიდან – საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ევალებოდა გზების მშენებლობა, რემონტი და ექსპლუატაცია.
  • ორგდორსტროი (რუს.:Оргдорстрой) – გზების მშენებლობის ორგანიზაციის სახელმწიფო ბიურო.
  • საქარქფონდი (სამშენებლო კომპანია) – პროფილი- არქიტექტურა და პროექტირება, მშენებლობა
  • საქჰიდროენერგომშენი – საქართველოს სსრ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს ტრესტი, ევალებოდა ჰიდროელექტროელექტროსადგურების მშენებლობა. ამჟამად – სააქციო საზოგადოება იგივე სახლწოდებით

სამთავრობო ორგანიზაციები

  • გზების მშენებლობის სამინისტრო (საქართველოს სსრ) – 1956-1968 წლებში – საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს გზატკეცილების სამმართველო, 1968-1988 წლებში – გზების მშენებლობის სამინისტრო. გაუქმებულია
  • გოსგრაჟდანსტროი (რუს.:Госгражданстрой) – სამოქალაქო მშენებლობისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტი. დაარსდა 1963 წელს და იყო სახმშენის სისტემაში. ხელმძღვანელობდა ყველა სამეცნიერო-კვლევით საპროექტო ინსტიტუტს თბილისში, კიევსა და ტაშკენტში
  • თბილქალაქაღმასკომი – თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი (აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო)
  • თბილისის საქალაქო სათათბირო – რუსეთის იმპერიის დროს, XIX საუკუნიდან 1918 წლამდე, ქალაქის თვითმმართველობის ორგანო
  • მშენებლობის სამინისტრო (საქართველოს სსრ-ის) – ექვემდებარებოდა საკავშირო მშენებლობის სამინისტროს და ხელმძღვანელობდა მშენებლობის საკითხებს რესპუბლიკაში. გაუქმდა 1991 წელს.
  • სავაჭრო პალატა (საქართველოს სსრ) – საკავშირო და რესპუბლიკური ორგანიზაცია, რომელიც საგარეო ვაჭრობის საკითხებით იყო დაკავებული. გაუქმდა 1991 წელს და გარდაიქმნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატად
  • სახმშენი – საქართველოს სსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტი, იყო სსრკ-ის სახმშენის (რუს.:Госстрой ), სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის დაქვმდებარებაში. დაარსდა 1950 წელს, გაუქმდა 1991 წელს. სახმშენის ფუნქციებში შედიოდა საერთო ტექნიკური კანონმდებლობის დანერგვა ქვეყანაში სამშენებლო საქმის განვითარების მიზნით, და შესაბამისად, ყველა პროცესის ხელმძღვანელობა არქიტექტურისა და მშენებლობის დარგებში. 1955 წელს სახმშენის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ნორმები და წესები (რუს.:Строительные нормы и правила – СНиП) სავალდებულო იყო მთელი სსრკ-ის ტერიტორიაზე. ყველა ინდივიდუალური პროექტი, რომლის ღირებულებაც სამ მილიონ მანეთს აღემატებოდა, უნდა დამტკიცებულიყო მოსკოვის სახმშენის ცენტრალურ ოფისში. გაუქმდა 1991 წელს და გადაკეთდა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროდ, 1996 წელს დაერქვა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო (ამ სამინისტროსთან მუშაობდა სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო), რომელიც შეუერთდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს, რომელიც, თავისთავად, 2005 წელს შეუერთდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს
  • ძეგლთა დაცვის კომიტეტი – 1934 წელს დაარსდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის კომიტეტი. 1959 წელს – ორგანიზაცია „საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება“. მის მიზანი იყო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენა, დაცვა, აღდგენა-გამაგრება და შესწავლა. 1978 წლის შეიქმნა “ისტორიის, კულტურის, ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო” (შემოკლებით – ძეგლთა დაცვის სამმართველო). 2004 წელს შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი (სამთავრობო დაწესებულება). 2008 წლიდან – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

სასწავლო დაწესებულებები

  • ამიერკავკასიის ჰიდრომელიორაციის ინსტიტუტი – დაარსდა თბილისში 1925 წელს, 1931 წელს გადაიტანეს განჯაში, აზერბაიჯანში. სავარაუდოდ, ექვემდებარებოდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამმართველოს, რომელიც ექვემდებარებოდა ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის სამმართველოს
  • თბილისის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი – დაარსდა 1930 წელს სამშენებლო ფაკულტეტის ბაზაზე, როდესაც საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს გამოეყო დარგობრივი ინსტიტუტები, მათ შორის – ამიერკავკასიის რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტიც.
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – დაარსდა 1922 წელს საქართველოს სამხატვრო აკადემიის სახელით. 1929 წელს ის მკვეთრად გამოსახული საწარმოო განხრის უმაღლეს სამხატვრო ტექნიკურ ინსტიტუტად (უსტექინი) გადაკეთდა, ხოლო 1931 წელს სრულიად გაუქმდა. 1933 წელს აღდგენილ იქნა, როგორც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ამჟამად – აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • თბილისის სამხატვრო სასწავლებელი – დაარსდა 1901 წელს, როგორც ფერწერისა და ქანდაკების საშუალო სკოლა.
  • მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი (რუს.:Московский Архитектурный Институт (МАИ), პირველი სახელწოდება – МАрхИ. დაარსდა 1933 წელს. იყო სსრკ-ის სპეციალიზებული უმაღლესი სკოლა, რომელსაც მხოლოდ არქიტექტურის ფაკულტეტი ჰქონდა. ამჟამად – მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი (სახელმწიფო აკადემია)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – დაარსდა 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით. 1928 წელს თბილისის ამ ფაკულტეტისა და თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (დაარსდა 1917 წელს) საინჟინრო ფაკულტეტის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1936 წელს მას ეწოდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1948 წელს მიენიჭა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელი, 1972 წელს დაჯილდოვდა ლენინის ორდენით და დაერქვა ვ.ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1990 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, რომელშიც შედიოდა არქიტექტურის განყოფილება, შეიქმნა უნივერსიტეტის დაარსებისას, 1922 წელს. 1924-1928 წლებში მას ერქვა სახუროთმოძღვრებო განყოფილება, 1948 წლიდან – არქიტექტურის კათედრა, 1969 წლიდან – არქიტექტურის ფაკულტეტი და 1991 წლიდან – არქიტექტურის ინსტიტუტი. 2005 წლიდან დღემდე – არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.
  • სტუდენტური საპროექტო ბიურო (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის) – სტუდენტური საპროექტო სახელოსნო დაარსდა 1960 წელს, 1970 წელს დაერქვა სტუდენტური საპროექტო ბიურო. სტუდენტებს შეეძლოთ პროფესიული პრაქტიკის გავლა და პროფესორების ხელმძღვანელობით ემუშავათ რეალურ პროექტებზე
  • მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო-პროფესიული სასწავლებელი – დაარსდა თბილისში 1946 წელს და იყო ერთ-ერთი უძველესი პროფესიული სკოლა საქართველოში. ამზადებდა დეკორატიული ხელოვნების სხვადასხვა დარგის ხელოსნებს და სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობდნენ ასევე არქიტექტურის რესტავრაციის სფეროში. 2005 წლიდან – საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული ლიცეუმი. 2010 წელს შეურთდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას. გაუქმდა 2017 წელს
  • პეტერბურგის კარლ მაის სკოლა (რუს.:Петербургская школа Карла Мая) – გერმანული წარმოშობის რუსი პედაგოგის, კარლ ივანოვიჩ მაის მიერ 1856 წელს დაარსებული ვაჟთა სკოლა არსებობდა 1918 წლამდე.
  • პეტერბურგის სამხატვრო აკადემია (რუს.:Петербургская Академия Художеств) – რუსეთის იმპერიის სახვითი ხელოვნების უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. არსებობდა 1757-1918 წლებში. სახვითი ხელოვნების გარდა იყო კლასები, სადაც სხვადასხვა ხელობას ასწავლიდნენ

პროფესიული გაერთიანებები და ღონისძიებები

  • არქიტექტურის აკადემია (სსრკ) – სამეცნიერო ორგანიზაცია, დაარსდა 1933 წელს, როგორც საკავშირო არქიტექტურის აკადემია (რუს.:Всесоюзная Академия архитектуры), 1939 წელს დაერქვა სსრკ-ის არქიტექტურის აკადემია (რუს.:Академией архитектуры СССР), 1956 წელს გარდაიქმნა სსრკ-ის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიად. არსებობდა 1963 წლამდე.
  • არქიტექტურის საერთაშორისო აკადემია (ინგლ.:International academy of Architecture (IAA) – არასამთავრობო, თვითდაფინანსებადი ორგანიზაცია საკონსულტაციო სტატუსით. დაარსდა 1987 წელს იუნესკოს მიერ არქიტექტურისა და არქიტექტურული განათლების განვითარების მიზნით. მთავარი ოფისის მდებარეობა – სოფია, ბულგარეთი. 1991 წელს ამ აკადემიის მოსკოვის (სსრკ-ის) ფილიალის ბაზაზე შეიქმნა არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მოსკოვის განყოფილება (რუს.:Московское отделение Международной академии архитектуры (МААМ)
  • აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემია – МААСВ დაარსდა 1990-იანი წლების დასაწყისში აზერბაიჯანის ინიციატივით.
  • არქიტექტორთა კავშირი სსრკ (სსრკ) (რუს.:Союз архитекторов СССР) – დაარსდა 1932 წელს საბჭოთა არქიტექტორთა კავშირის (რუს.:Союз советских архитекторов (ССА) სახელით, კომპარტიის ცკ-ის დადგენილების (“ლიტერატურულ-სამხატვრო ორგანიზაციების გარდაქმნისშესახებ”, 23.04.1932) საფუძველზე.ამავე დადგენილებით გაუქმდა ყველა მანამდე არსებული თავისუფალი შემოქმედებითიგაერთიანება. სსრკ-ის არქიტექტორთა კავშირის პერიოდული გამოცემა იყო ჟურნალი „არხიტექტურა სსსრ“ (რუს.:Архитектура СССР, 1933-1992). სსრკ-ის არქიტექტორთა კავშირის 8 ყრილობა ჩატარდა 1937, 1955, 1961, 1965, 1970, 1975, 1981 და 1987 წლებში. სსრკ-ის არქიტექტორთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა ყველა რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკის, სამხარეო და საქალაქო არქიტექტორთა კავშირები და ორგანიზაციები.
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი – დაარსდა 1934 წელს როგორც “საქართველოს საბჭოთა არქიტექტორთა კავშირი”, 1947 წლიდან – “საქართველოს არქიტექტორთა კავშირი”. 1990 წლამდე შედიოდა სსრკ-ის არქიტექტორთა კავშირის შემადგენლობაში. 1990 წელს დაერქვა “საქართველოს ხუროთმოძღვართა დამოუკიდებელი კავშირი“, ხოლო 1991 წელს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება. საქართველოს არქიტეტორთა კავშირი არის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) წევრი
  • INTERARCH – არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენა, 1981 წლიდან რეგულარულად (ორ ან სამწლიანი ინტერვალით) ეწყობა ბულგარეთში არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის (IAA) მიერ
  • არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი (UIA – Union Internationale des Architectes) – დაარსდა 1948 წელს. ის არის ეროვნული პროფესიული ორგანიზაციების ფედერაცია, რომლის მიზანია გააერთიანოს არქიტექტორები, გავლენა მოახდინოს საკანონმდებლო პროცესებზე, ხელი შეუწყოს არქიტეტურის განვითარებას საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად

თანამდებობები

  • ქალაქის მთავარი არქიტექტორი – თანამდებობა სსრკ-ში დაწესდა 1930-იან წლებში. მთავარი არქიტექტორი ხელმძღვანელობდა ქალაქის გეგმარებასა და განაშენიანებას და პასუხისმგებელი იყო არქიტექტურის ხარისხობრივ დონეზე, გენგეგმის შემუშავებისა დამისი განხორციელების, მშენებლობის ეკონომიურობის უზროვენლყოფის, ახალი საცხოვრებელი რაიონების მშენებლობისა და ძველის რეკონსტრუქციის სწორად წარმართვაზე. ქალაქის მთავარი არქიტექტორი ხელმძღვანელობდა მთავარ არქიტექტურულ-გეგმარებით სამმართველოს. ის პირდაპირ ექვემდებარებოდა ქალაქის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს ან რესპუბლიკის სახმშენს. სხვადასხვა წლებში, თბილისის მათავარ არქიტექტორთან მუშაობდა დარგის სპეციალისტებით დაკომპლქტებული მრჩეველთა საბჭო, რომელიც პროექტების განხილვაში იღებდა მონაწილეობას
  • საქალაქო არქიტექტორი (რუს.:Городской Архитектор) – რუსეთის იმპერიის დროს, ქალაქის მთავარი არქიტექტორის თანამდებობა. ევალებოდა მშენებლობებზე “ტექნიკურ-პოლიციური” ზედამხედველობა, უკანონო მშენებლობის არ დაშვება, ნებართვების გაცემა, პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენა და შემოწმება და სხვ. ითვლებოდა მაღალი რანგის ჩინოვნკად და ჰქონდა დიდი პასუხისმგებლობა, ამიტომ ნიშნავდნენ საუკეთესო არქიტექტორებს და ინჟინრებს

წოდებები

  • დამსახურებული არქიტექტორი – დაწესებულია 1969 წელს. საბჭოთა კავშირისა და/ან რესპუბლიკური საპატიო წოდება, ენიჭებოდა განსაკუთრებული დამსახურებისათვის საბჭოთა კავშირის (საკავშირო დონეზე) ან რესპუბლიკის (რესპუბლიკურ დონეზე) არქიტექტურის განვითარებაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
  • დამსახურებული ინჟინერი – დაწესებულია 1960 წელს. საბჭოთა კავშირისა და/ან რესპუბლიკური საპატიო წოდება, ენიჭებოდა განსაკუთრებული დამსახურებისათვის საბჭოთა კავშირის (საკავშირო დონეზე) ან რესპუბლიკის (რესპუბლიკურ დონეზე) სამშენებლო-საინჟინრო საქმის განვითარებაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის
  • დამსახურებული გამომგონებელი – დაწესებულია 1959 წელს. საბჭოთა კავშირისა და/ან რესპუბლიკური საპატიო წოდება, ენიჭებოდა ავტორებს ისეთი გამოგონებებისთვის, რომლებიც ტექნიკისა და ტექნოლოგიების ახალ მიმართულებებს ედებოდა საფძვლად და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ სახალხო მეურნეობის განვითარებისთვის
  • სსრკ სახალხო არქიტექტორი – საპატიო წოდება შემოღებულია 1967 წელს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ. ენიჭებოდა განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის საბჭოთა არქიტექტურის განვითარებაში, ქალაქგეგმარებაში გამოცენილი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, თანამედროვე სამოქალაქო, სამრეწველო და სასოფლო არქიტექტურული კომპლექსების, შენობებისა და ნაგებობის შექმნაში, რომლებაც საყოველთაო სახალხო აღიარება მოიპოვეს. პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელსაც საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორის წოდება მიენიჭა, იყო არჩილ ქურდიანი (1970)
  • ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე – დაწესებულია 1936 წელს. საბჭოთა კავშირისა და/ან რესპუბლიკური საპატიო წოდება, გაიცემოდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ. ჯილდოვდებოდნენ საქართველოში ცნობილი მსახიობები, კომპოზიტორები, მწერლები, მხატვრები, რეჟისორები, არქიტექტორები და სხვ. განსაკუთრებული მიღწევებისათვის ხელოვნების განვითარების საქმეში

ჯილდოები და პრემიები

  • კომკავშირის პრემია (საქართველოს სსრ) – 1966 წელს სსრკ-ის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის მიერ დაწესებული ჯილდო. ენიჭებოდა ახალგაზრდა ავტორებს ან/და კოლექტივებს ლიტერატურის, ხელოვნების, ჟურნალისტიკისა და არქიტექტურის დარგებში განსაკუთრებლი მიღწევებისათვის. გაუქმდა 1991 წელს. (კომკავშირი – საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი, ალკკ, რუს.:Всесоюзный ленинский коммунистический союз молодёжи (ВЛКСМ)
  • მინისტრთა საბჭოს პრემია (სსრკ და საქართველოს სსრ) – სსრკ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო, დაწესდა 1969 წელს. გაიცემოდა სახალხო მეურნეობისა და მეცნიერების განვითარებისათვის შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისათვის. გაუქმდა 1991 წელს.
  • საპატიო ნიშნის ორდენი – სსრკ-ის სახელმწიფო ჯილდო. დაწესებული იყო 1935 წელს მაღალი მიღწევებისთვის წარმოების, მეცნიერების, სახელმწიფოს, კულტურის, სპორტის და სხვ. საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. ჯილდოვდებოდნენ როგორც პიროვნებები, ასევე დაწესებულებები. ორდენით აჯილდოვებდნენ ასევე უცხოელებს და სსრკ-ის საზღვრებს გარეთ არსებულ ორგანიზაციებს. გაუქმდა 1991 წელს
  • სსრკ-ის სახელმწიფო პრემია – კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და მინისტრთა საბჭოს მიერ 1966 წელს დაწესებული სახელმწიფო ჯილდო (სტალინის პრემიის /1941-1955/ სანაცვლოდ). გაიცემოდა ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში. ლენინის პრემიის შემდეგ სსრკ-ის მნიშვნელობით მეორე ჯილდო შეადგენდა 5 000 მანეთს. გაუქმდა 1991 წელს. რესპუბლიკებს ჰქონდათ დაწესებული დარგობრივი სახელმწიფო პრემიები, მაგ. – საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია არქიტექტურის დარგში
  • უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი და საპატიო სიგელი (საქართველოს სსრ) – საბჭოთა ჯილდო, გაიცემოდა მიღწევებისათვის სახალხო მეურნების, მეცნიერების, კულტურის და სხვა დარგების განვითარებაში. ჯილდოვდებოდნენ მოქალაქეები, დაწესებულებები, ორგანიზაციბი და სხვ.
  • შოთა რუსთაველის სახელობის პრემია – საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაარსდა 1965 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ. ენიჭება ხელოვნების, არქიტექტურისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგებში, ნაწარმოებებისთვის, რომლებმაც ეროვნული აღიარება მოიპოვა.
  • შრომის წითელი დროშის ორდენი – სსრკ-ის საერთო-სამოქალაქო ჯილდო დაწესედა 1928 წელს და გაიცემოდა შრომაში საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის. გაუქმდა 1991 წელს.
  • ღირსების ორდენი – საქართველოს სახელმწიფო ჯილდო. დაარსდა 1992 წელს. ჯილდოვდებიან ყველა სფეროში მოღვაწე მოქალაქეები, რომელთაც წვლილი შეაქვთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი – სსრკ-ის სახელმწიფო ჯილდო. დაწესებული იყო 1972 წელს საბჭოთა კავშირის შექმნის 50 წლისთავთან დაკავშირებით. ორდენით აჯილდოვებდნენ საჭოთა კავშირის მოქალაქეებს და უცხოელებს, ისევე როგორც დაწესებულებებს, სოციალისტურ ერებს შორის მეგობრობისა და ძმური თანამშრომლობისთვის გაწეული მოღვაწეობისთვის. გაუქმდა 1991 წელს

სხვადასხვა

  • არქფონდი – საქართველოს სსრ (ასევე საკავშირო) არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებით-საწარმოო გაერთიანება
  • თბილქალაქგაფორმება (კომბინატი) – სახელმწიფო კომუნალური საწარმო, რომელშიც ქალაქის სარეკლამო, სავაჭრო, განათებისა და ურბანული დიზაინის სხვა ობიექტების დაპროექტება და დამზადება ხდებოდა
  • მინისტრთა საბჭოს სამშენებლო-არქიტექტურული საბჭო (საქართველოს სსრ) – განიხილვდა სახელმწიფო მნიშვნელობის სამშენებლო პროექტებს
  • სამხატვრო კომბინატი – სამხატვრო-საწარმოო კომბინატი ამზადებდა დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ყველა დარგის პროდუქციას საქართველოსა და სსრკ-ის მასშტაბით, ისევე როგორც შენობების და ნაგებობების მხატვრული გაფორმების პროექტებს და მათ პრაქტიკულ რეალიზაციას.