თბილისის არქიტექტურის არქივი არის პროექტი, რომელიც თბილისის საერთო არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია სხვადასხვა კოლექციასა თუ არქივში გაფანტული დოკუმენტური მასალის ელექტრონული ფორმით არქივირება და საერთო ბაზაზე გასაჯაროება. კონკრეტული ნამუშევრების და კრებულების აღრიცხვის და მათზე ინფორმაციის აღნუსხვის პარალელურად, ელექტრონულ ბაზაზე მოთავსებულია სახელთა საძიებელი. მასში თავმოყრილია ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც გავლენა იქონიეს ქართულ არქიტექტურასა და ქალაქმშენებლობაზე – რაც გულისხმობს თუნდაც ერთი გამორჩეული ნაგებობის ან/ და შენობის რეალიზებას ან რესტავრაციას, ურბანული პროექტების განვითარებას, ასევე არქიტექტურის თეორიასა და სწავლებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

კონცეფცია

არქივში ინახება რეალური ფაქტების და ცნობების შემცველი დოკუმენტები და ჩანაწერები – ის, რაც აყალიბებს საერთო, კოლექტიურ მეხსიერებას. არქივი არ ასახავს წარსულს, ის არეგულირებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და, შესაბამისად, ხელს უწყობს ცოდნის ფორმირებას. არქიტექტურის ისტორიაც არქიტექტურის არქივში იწერება. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურის განხორციელებული ფორმით შეგროვება, სხვა ობიექტებისაგან განსხვავებით, შეუძლებელია. არქიტექტურის არქივი ინახავს იმ მასალას, რომელიც ასახავს აშენებულ სამყაროს და რაც შეიქმნა უშუალოდ არქიტექტურის კონტექსტში – ის, რის გარეშეც არქიტექტურა, როგორც ასეთი, არ იარსებებდა. კულტურული მეხსიერების რეკონსტრუქციის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ ამ რესურსის სრულფასოვანი გააზრება და შესწავლაა.

თბილისის არქიტექტურის არქივის მიზანი

1990-იანი წლების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო საპროექტო ან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაუქმებასთან ერთად, ამ სტრუქტურებში დაცული მასალის უმეტესი ნაწილი განადგურდა. თუმცა შემორჩენილია განსაზღვრული რაოდენობის კატალოგიზებული პროექტები ცენტრალურ და მუნიციპალურ არქივებში, ისევე როგორც კერძო და საოჯახო კოლექციებში. მაშინ, როდესაც თბილისის არქიტექტურის დიდი ნაწილი სახეცვლილი ან საერთოდაც დანგრეულია, არსებული დოკუმენტების შეგროვება და ელექტრონული ფორმით აღრიცხვა, დახარისხება, აღწერა და საერთო ბაზაზე განთავსება, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მასალის მოპოვება, ერთმანეთთან დაკავშირება და გასაჯაროება ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, საქართველოში არქიტექტურის მიმართ ცნობიერების ამაღლებას. გარდა ამისა, გამოიწვევს ინფორმაციის გაცვლას და, შესაბამისად, ახალი ნარატივებისა თუ აღმოჩენების განვითარებას.

ჩვენი სამომავლო მიზანია არქიტექტურის საერთო საარქივო ფონდის მუდმივი შევსება და აღწერა, ელექტრონული ბაზის ფორმირება და მისი განახლება, ასევე დაზიანებული დოკუმენტების დედნების კონსერვაცია-რესტავრაცია.

ჩაერთე პროცესში

დაინტერესებულ არქიტექტორს, ინჟინერს, კერძო პირს, მოხალისეს, მკვლევარს თუ კვლევით ორგანიზაციას შეუძლია გამოიყენოს ეს სივრცე საკუთარი კერძო კოლექციის გასაზიარებლად, რისი მეშვეობითაც იგი შეავსებს საერთო მონაცემთა ბაზას, ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას და კვლევითი პროცესების გააქტიურებას და ავტომატურად იქცევა არქივის თანაორგანიზატორად. თბილისის არქიტექტურის არქივი ღიაა კვლევით ეთიკასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული თანამშრომლობისათვის.

არქივისთვის მასალების მოწოდების შემდეგ, ჩვენი ჯგუფი სტანდარტების შესაბამისად გააციფრულებს მათ. დიგიტალიზებული ვერსია, თანდართული დეტალური ინფორმაციით განთავსდება არქივის ბაზაზე მფლობელის – კონტრიბუტორის კოლექციის სახელით. გაციფრულებული მასალების ერთი ეგზემპლარი დამატებით გადაეცემა მასალების მფლობელს.

გამოყენების პირობები

თბილისის ელექტრონული არქიტექტურული არქივის მასალების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ კვლევითი და საგანმანათლებლო მიზნებისათვის. საავტორო უფლებები რჩება დოკუმენტების შემნახველ პირთან, არქივს გადაეცემა დოკუმენტების ციფრული ასლების გასაჯაროების უფლება არაკომერციული მიზნებისთვის, რაც გულისხმობს საარქივო მასალის ელექტრონული, დაბალი რეზოლუციის მქონე ვერსიის გამოქვეყნებას. აკრძალულია მასალების კომერციული მიზნით გამოყენება კანონიერი მფლობელის, მისი მემკვიდრის ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, არქივის თანხმობის გარეშე. გამოყენების პირობების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევისადმი ამოქმედდება საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

არქივის სივრცეში ჩართვა ნიშნავს თბილისის არქიტექტურის არქივისათვის საკუთრებაში არსებული დოკუმენტების ციფრული ასლების გასაჯაროების უფლების გადაცემას კვლევითი და საგანმანათლებლო მიზნებისათვის.

კონტაქტი მარიამ გეგიძე, ნინო ჩაჩხიანი, ნათია აბასაშვილი

მისამართი: გროზნოს ქუჩა №11, 0101 თბილისი
ტელეფონი: +995 577 949708
Email: team@taa.net.ge

გამოიწერე ახალი ამბები!

მთავარი გვერდი: რამაზ კიკნაძის ჩანახატი, თბილისი 1970 © რამაზ კიკნაძის პირადი არქივი

გრაფიკული დიზაინი: arc-gestaltung.de
ვებსაიტი: Storyloop | Lynxtale
თარგმანი: ელენე ფასური, ანა ყიასაშვილი

Privacy Policy