არქიტექტორთა ფონდის დასასვენებელი სახლი

Resort for Architects

არქიტექტორები რევაზ ბაირამაშვილი, ვახტანგ აბრამიშვილი, ილო ყავლაშვილი, დავით მორბედაძე – „თბილქალაქპროექტი“, მეხუთე სახელოსნო

კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი

პროექტირება 1960-1970 მშენებლობა 1983

სტატუსი აშენებული

თავდაპირველი ფუნქცია სანატორიუმი, კურორტი

დღევანდელი ფუნქცია იგივე
სახელწოდება პანსიონატი „ჩეგემი“

მდგომარეობა გარემონტებული

მისამართი ლენინის ქუჩა 69, გაგრა 
Google Maps

არქიტექტორთა დასასვენებელი სახლი გაგრაში საბჭოთა კავშირისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირების დაკვეთით, რევაზ ბაირამაშვილის, ვახტანგ აბრამიშვილის, ილო ყავლაშვილის და დავით მორბედაძის პროექტის მიხედვითაა აშენებული. ის მდებარეობს ძველი გაგრის საკურორტო ზონაში, დამრეც ფერდზე, ზღვის ნაპირიდან 300 მეტრის დაშორებით. ამ ადგილას უკვე არსებული არქიტექტორთა დასასვენებელი სახლის დანგრევა, ტერიტორიის გადიდება და ახალი კომპლექსის აშენება ჯერ კიდევ 1953 წელს გადაწყდა. 1960 წლით დათაღირებული დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ დაპროექტება ამ დროისათვის უკვე დასრულებული იყო. 1962 წელს საბოლოოდ გადაწყდა მიმდებარე ქუჩებზე რამდენიმე სახლის დანგრევა, მათი ბინადრებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება და საპროექტო ტერიტორიის 6 188 კვადრატულ მეტრამდე გაზრდა. 1969 წელს საპროექტო დავალება კიდევ ერთხელ შეასწორეს. 1970 წელს ცვლილებები შევიდა პროექტშიც. ამავე წლის საექსპერტო დასკვნაში პროექტი ძირითადად კარგ შეფასებას იღებს, შენიშვნები მხოლოდ გადამეტებულ ფართობებსა და უმნიშვნელო დეტალებს ეხება. 1970 წელს დასრულებული პროექტის განხორციელებას კიდევ ცამეტი წელი დასჭირდა!

შენობა მისი ტერასული სტრუქტურის გამო კარგად ეწერება მთიან გარემოში. კომპლექსი ორი მოცულობისაგან შედგება – საძილე კორპუსისა და სასადილოს ბლოკის არქიტექტურა ერთმანეთისაგან განსხვავდება. რელიეფის თავისებურების გამო სამანქანო გზა, რომელიც შენობის ქვეშ გადის, პირველი სართულის გეგმას ორ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს. ჩრდილოეთის მხარეს განლაგებულია დიდი ჰოლი, კიბეები, ლიფტები, რეგისტრატურა, გარდერობი და ფოტოლაბორატორია. სამხრეთის მხარეს კი ადმინისტრაცია და დიდი ტერასისკენ გახსნილი ბიბლიოთეკა (83 კვ.მ). ამ დონიდან შეიძლება მულტიფუნქციური სამაყურებლო დარბაზის ვესტიბიულში ჩასვლა. 310 ადგილიანი დარბაზის (196 კვ.მ) ამფითეატრი რელიეფს მიყვება. მას წინ დიდი ტერასა აქვს, რომელიც პირველ სართულს ღია კიბითაც უკავშირდება.

მეორე სართულზეა საბილიარდო (120 კვ.მ), ბარი, ორნაწილიანი დასასვენებელი სივრცე (სულ 160 კვ.მ) და დიდი ვესტიბიული (170 კვ.მ), რომლიდანაც ერთ მხარეს გასასვლელი შემინული დერეფნისკენ იხსნება და მთავარ კორპუსს სასადილო ბლოკთან აკავშირებს. მოპირდაპირე მხარეს კი ვესტიბიული უკავშირდება დიდ მოკირწყლულ ტერასას ღია საცურაო აუზით. სასდილო ბლოკი ორსართულიანია. ის შეიცავს 250 ადგილიან რესტორანს (270 კვ.მ), ბარს და ტექნიკურ სათავსებს პირველი სართულის დონეზე.

საცხოვრებელი ნაწილი ათსართულიანი შენობის შვიდ, ტერასულად განლაგებულ სართულზეა განაწილებული. ოთახების ბლოკები ცენტრალური დერეფნის ღერძის მიმართ სიმეტრიულად, კუთხითაა გაშლილი. ყველა ოთახიდან იხსნება ზღვის ხედი. ასორმოცი (73 ერთადგილიანი და 67 ორადგილიანი) ოთახი 207 სტუმრისთვისაა გათვლილი. ოთახების ფართობები 15-დან 18 კვადრატულ მეტრამდეა. ყველა ოთახს აქვს აივანი. გარდა ამისა, ყველა სართულს ზღვის მხარეს დიდი ტერასა აქვს, ხოლო სახურავზე აერარიუმი და სოლარიუმია განლაგებული. დასასვენებელ სახლს ეკუთვნის ზღვის ნაპირის მონაკვეთი.

მიუხედვად იმისა, რომ ბიუროკრატიული, საპროექტო და სამშენებლო პროცესები სამი ათეული წელი გრძელდებოდა, ავტორებმა მოახერხეს თავდაპირველი პროექტის სტილისა და ძირითადი კონცეფციის შენარჩუნება. არქიტექტორების დასასვენებელი სახლი გაგრაში საბჭოთა მოდერნიზმის შესანიშნავი ნიმუში და საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ნაგებობაა. (ნჩ)

ფოტოები: დავით მორბედაძის პირადი არქივი, ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი