Central Bus Station
არქიტექტორები შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე, ვლადიმერ ქურთიშვილი – „თბილქალაქპროექტი“, მეოთხე სახელოსნო
ინჟინერი როდამეს შიოლაშვილი-ღუდუშაური
მხატვარი ზურაბ წერეთელი
მშენებლობა 1964-1973
სტატუსი აშენებული
თავდაპირველი ფუნქცია ავტოსადგური
დღევანდელი ფუნქცია იგივე
მდგომარეობა სახეცვლილი
მისამართი დიმიტრი გულიას ქუჩა 1, თბილისი
Google Maps
1973 წელს ორთაჭალაში გაიხსნა თბილისის ცენტრალური ავტოსადგურის ახალი კომპლექსი, რომელიც შოთა ყავლაშვილის, რამაზ კიკნაძის და ვლადიმერ ქურთიშვილის პროექტის მიხედვით აშენდა. შენობა მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გულიას მოედნისა და ხიდ-აკვედუკის მიმდებარედ. აქ გადის ქალაქ რუსთავთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალი, რომელზეც მიედინება როგორც შიდა, ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადები.
ჯამში 3.5 ჰექტარი სიდიდის, დამრეცი რელიეფის მქონე ტერიტორია უშუალოდ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ესაზღვრება. ავტოსადგური დღე-ღამეში დაახლოებით 18 500 მგზავრზე არის გათვლილი. კომპლექსში გარდა ავტობუსის გაჩერებისა, მოთავსებულია რესტორნები, კაფეები, მაღაზიები და სასტუმრო. ეს ნაწილი ცენტრალური ატრიუმით არის გამოყოფილი შენობის მომსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი სივრცისაგან.
რელიეფის ნიშნულებს შორის სხვაობა გამოყენებულია ფეხმავალთა და ავტოტრანსპორტის ნაკადების ერთმანეთისაგან გასამიჯნად. შენობის ქვედა სართულს მთელ პერიმეტრზე გარს უვლის ტრანსპორტი, ხოლო მეორე სართულის დონეზე განლაგებული ცენტრალური, გამჭოლი ვესტიბიული ფართო ხიდით, პანდუსებით და კიბეებით არის გარე სივრცესთან დაკავშირებული. ინტერიერში ადგილობრივი მასალა – გრანიტი და თეთრი მარმარილოა გამოყენებული. ფასადების დიდი ნაწილი შემინულია და შიდა სივრციდან ჩანს მთაგორიანი ლანდშაფტი. ბუნებრივი ქვით მოპირკეთებულ ფასადზე განთავსებულია მოზაიკის ტექნიკით შესრულებული დეკორატიულ-მხატვრული კომპოზიცია სახელად „ტრანსპორტის ისტორია“. ავტორი: ზურაბ წერეთელი
თბილისის ავტოსადგურის პროექტი აღინიშნა პირველი პრემიით სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე მოსკოვში. (მგ)
ფოტოები: ვლადიმერ ქურთიშვილის პირადი არქივი, როდამეს შიოლაშვილი-ღუდუშაურის პირადი არქივი