ჭადრაკის და ალპური კლუბი

არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გერმანე ღუდუშაური – „თბილქალაქპროექტი“, მესამე არქიტექტურული სახელოსნო

კონსტრუქტორი გურამ მებუკე

შენობის მხატვრული გაფორმება შემოქმედებითი კოლექტივი „სამეული“ – ალექსანდრე სლოვინსკი, ოლეგ ქოჩაკიძე, იური ჩიკვაიძე

პროექტირება 1965 მშენებლობა 1973

სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 2019

თავდაპირველი ფუნქცია სპორტული კომპლექსი, საოფისე

დღევანდელი ფუნქცია იგივე, ნაწილობრივ გაქირავებული

მდგომარეობა დაზიანებული, ნაწილობრივ სახეცვლილი

მისამართი კოსტავას ქუჩა 37ა, თბილისი
Google Maps

თბილისის ჭადრაკის და ალპური კლუბის შენობა საზეიმოდ გაიხსნა 1973 წელს ვერის (იმ დროს კიროვის) პარკში. შენობა, რომლის ავტორებიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური არიან, ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, იმ დროს 33 წლის ნონა გაფრინდაშვილს მიეძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ აქ თავიდანვე ალპური კლუბიც იყო განთავსებული, შენობას დღესაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ჭადრაკის სასახლეს“.

სამსართულიანი ნაგებობა ორგანულად ეწერება დამრეცი რელიეფის მქონე ბაღის ინფრასტურქტურაში და არ დომინირებს საჯარო სივრცეზე. შენობის ცენტრში განთავსებულია 520 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, რომელსაც მეორე და მესამე სართულებზე მიუყვება გალერეები და ვესტიბიული. ცენტრალური დარბაზი მესამე სართულზე გალერეის სივრცისაგან მოძრავი პანელებით არის გამოყოფილი. როდესაც პანელები ღაა, დარბაზი უზრუნველყოფილია ბუნებრივი განათებით და ამავდროულად შესაძლებელია გალერეიდან ღონისძიების თვალის დევნება. მობილური პანელები საქართველოში იშვიათად გამოყენებული, ხის ინკრუსტაციის ტექნიკით არის შესრულებული, რაც პარალელს ავლებს ჭადრაკის დაფასთან. პირველ და მეორე სართულზე კედლები, სვეტები და იატაკები ქვითაა მოპირკეთებული ხოლო გარე კედლის ერთ-ერთი ნაწილი გვირგივინს ფორმის ქვებითაა შედგენილი.

თბილისის ჭადრაკის და ალპური კლუბის შენობას საქართველოს მთავრობის 2019 წლის განკარგულებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. (მგ)

ინფო: ნინი ფალავანდიშვილი
ფოტოები: გერმანე ღუდუშაურის პირადი არქივი, საქართველოს ეროვნული არქივი

ლიტერატურა/ბმულები

გომელაური, ინა. თბილისის „ჭადრაკის სასახლის“ ხუროთმოძღვრება, IV International Symposium Dedicated to Georgian Art, თბილისი: მეცნიერება, 1983 (ხელნაწერი)

Nini Palavandishvili, Tbilisi Chess Palace and Alpine Club, in Between Caucasus and the Black Sea. Architecture in Georgia (Ed. Adolph Stiller), Mury Salzmann, Vienna, 2018.

არაბული, ნასტასია. ჭადრაკის სასახლე – გამარჯვებებისა და ნგრევის ძეგლი (18.02.2019)

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი _ ვიდეო ისტორია (06.05.2019)