იალტის ავტოსადგური

არქიტექტორები გიორგი ჩახავა, ოთარ ნახუცრიშვილი, ზურაბ ჯალაღანია, დოდო სეხნიაშვილი – „სოიუზდორპროექტი

კონსტრუქტორი ნიკოლოზ ლინევიჩი

მხატვრული გაფორმება ალეკო გორგაძე, ოლეგ ქოჩაკიძე, ალექსანდრე სლოვინსკი, იური ჩიკვაიძე და სხვა

პროექტირება 1962-1964 მშენებლობა 1966

სტატუსი აშენებული

თავდაპირველი ფუნქცია ავტოსადგური

დღევანდელი ფუნქცია იგივე

მდგომარეობა ნაწილობრივ სახეცვლილი

მისამართი მოსკოვის ქუჩა 8, იალტა, ყირიმი, უკრაინა
Google Maps

იალტის ავტოსადგური – გიორგი ჩახავას პროექტთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპლექსი, იალტის შემოვლითი გზისა და მდინარე ბისტრაიას გადაკვეთის არეალშია აშენებული. იალტის ავტოსადგურის დაპროექტებაში მონაწილოება მიიღო დოდო სეხნიაშვილმა და ახალგაზრდა არქიტექტორებმა – ოთარ ნახუცრიშვილმა და ზურაბ ჯალაღანიამ, რაც ჩახავასა და ჯალაღანიას ხანგრძლივი თანამშრომლობის დასაწყისი გახდა.

ავტოსადგურის გამტარუნარიანობა დღე-ღამეში საშუალოდ 500 ავტობუსზე და 1200 მგზავრზეა გათვლილი. კომპლექსის 20 ჰექტარის ზომის ტერიტორიას კვეთს მდინარის ხეობა. 

„შენობა ისე ზუსტად არის ჩაწერილი რთულ გარემოში, ისე ლოგიკურადაა გადაწყვეტილი მოცულობით და სივრცეში, ისე ბუნებრივად არის მორგებული ციცაბო რელიეფზე, რომ გებადებათ აზრი – შენობის ამ ადგილას განლაგება ნამდვილად ოპტიმალურია. ერთი ნაბიჯითაც ვერ დაძრავ ადგილიდან, რადგან მთელი ეს აწყობილი სისტემა დაინგრევა“ – ამ სიტყვებით აღწერენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ნოდარ მგალობლიშვილი იალტის ავტოსადგურს მშენებლობის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ.

შენობას ქალაქის მხრიდან ოთხი სართული აქვს, მთის ფერდის მხრიდან კი სამი. რელიეფის თავისებურება კარგადაა გამოყენებული სატრანსპორტო ნაკადების გასაყოფად – საქალაქო ტრანსპორტი მხოლოდ ქვედა დონეზე მოძრაობს, საქალაქთაშორისო კი ავტოტრასის მხრიდან, ზედა დონესთან მიდის. შენობის ჰორიზონტალური მოცულობა მძლავრ ბეტონის ფილაზე დვეს, რომელიც ქვედა დონეზე სვეტებს ეყრდნობა. 

ავტოსადგური სალაროებისა და მოსაცდელი დარბაზის გარდა შეიცავს სასტუმროსა და რესტორანს, რომლიდანაც ჩანს მდინარე. (ნჩ)

ფოტოები: გიორგი ჩახავას პირადი არქივი

ლიტერატურა/ბმულები

ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, ავტოსადგური იალტაში, ჟურ. საბჭოთა ხელოვნება, 1968.9

ლ. ხუბულური, იალტის კარიბჭე, გაზ. კომუნისტი, 17.07.1968.