Aquatic Sports Complex “Laguna Vere”
არქიტექტორები შოთა ყავლაშილი, რამაზ კიკნაძე, გურამ აბულაძე – „თბილქალაქპროექტი“, მეოთხე სახელოსნო
ინჟინერი როდამეს ღუდუშაური
მხატვარი ნიკოლოზ იგნატოვი
პროექტირება 1964 მშენებლობა 1968-1978
სტატუსი აშენებული
თავდაპირველი ფუნქცია საცურაო აუზი
დღევანდელი ფუნქცია უფუნქციო
დღევანდელი სახელწოდება ცენტრალური საწყლოსნო სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერე“
მდგომარეობა ნაწილობრივ განადგურებული
მისამართი მერაბ კოსტავას ქუჩა 34, თბილისი
Google Maps
1963 წელს, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, იქ სადაც მტკვარს მდინარე ვერე ერთვის, გადაწყდა ახალი საერთაშორისო სტანდარტების საწყლოსნო-სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც მოგვიანებით „ლაგუნა ვერეს“ სახელი ეწოდა. ქალაქის გენერალური გეგმის თანახმად, მტკვრის სანაპირო მაგისტრალები ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, რაც მდინარე ვერეს შესართავთან, ცირკის ბორცვით შემოსაზღვრულ ჭალაში არსებული „ფიზკულტურელების პარკის“ მდინარისპირა ზოლის ტრანსპორტისთვის დათმობას მოითხოვდა. საწყლოსნო კომპლექსისთვის შეირჩა ადგილი აბრეშუმის საქსოვი ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის 1934, 1953 და შემდეგ 1970 წლის გენგეგმების თანახმად გამწვანების ზონებად მოიაზრებოდა და არსებული განაშენიანებისგან ეტაპობრივად უნდა გამოთავისუფლებულიყო.
1964 წელს საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტის“ მეოთხე სახელოსნოში არქიტექტორებმა შოთა ყავლაშვილმა, რამაზ კიკნაძემ და გურამ აბულაძემ დაიწყეს აუზის პროექტზე მუშაობა. უსახსრობის გამო პროექტირება და შემდეგ მშენებლობა 14 წელი გაგრძელდა. 1964 წლიდან 1977 წლამდე არქიტექტორების მიერ შემუშავდა აუზის პროექტის სამი ვერსია. 1978 წელს საწყლოსნო-სპორტული კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა და მიენიჭა ლენინური კომკავშირის სახელი. ეს იყო კავკასიის რეგიონში პირველი საწყლოსნო-სპორტული კომპლექსი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს პასუხობდა – აქ ეწყობოდა საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები, ვარჯიშობდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები. 1982 წელს პროექტი დაჯილდოვდა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით და საკავშირო დათვალიერებაზე მიენიჭა პირველი ხარისხის პრემია სამშენებლო სამუშაოების ხარისხში.
განხორციელებული კომპლექსის არქიტექტურა მკაცრ ფუნქციონალურ ხასიათს ატარებს. მის შუაგულში, ღია სივრცეში განთავსებულია სამი განსხვავებული ზომის საცურაო აუზი – დიდი სპორტული; ღრმა, ბეტონის სახტომი კოშკით და სასწავლო. აუზებს სამხრეთის მხრიდან 5 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები ესაზღვრება. მათ მოპირდაპირე მხარეს, გმირთა მოედანსა და სანაპიროს დამაკავშირებელი მაგისტრალის გასწვრივ, მდებარეობს ორი ცენტრალური შესასვლელი და სალაროები. ამ მთავარი ფასადის ყრუ კედელი გრძელი მოზაიკური პანოთია დეკორირებული. ამავე შენობაშია პრეს-კორპუსი, კომენტატორთა კაბინები, ტრიბუნები პრესის თანამშრომლებისა და სპორტსმენებისთვის.
შესასვლელები და ტრიბუნები ღია პანდუსებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ტრიბუნებქვეშა სივრცე სამსართულიანია. პირველ სართულზე განთავსებულია დახურული სასწავლო-საჭყუმპალაო აუზი, წყალში მხტომელთა სავარჯიშო დარბაზი, საგამოფენო, პრესკონფერენციების და საპრეზენტაციო დარბაზები; მეორე სართულზეა საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ოფისი, სამედიცინო და რეაბილიტაციის კაბინეტები ასევე საუნა; მესამე სართული კი მთლიანად სპორტთამაშების და სავარჯიშო დარბაზებს უკავია. შენობის სამშენებლო ფართი შეადგენს 10 250 კვადრატულ მეტრს, მისი სეისმურობა შვიდ ბალზეა გათვლილი.
მთავარი ფასადის მოზაიკური პანოსა და შიდა სივრცის ფერწერული მოხატულობის ავტორია ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი.
2000 წლიდან შენობა კერძო საკუთრებაშია. 2014 წელს კომპლექსი დაიხურა, 2015 წელს კი, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად შენობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამჟამად კომპლექსის უდიდესი ნაწილი მიტოვებული და მიუვლელია, ნაწილი კი კერძო კომპანიებზეა გაქირავებული. დღეს თბილისის ცენტრალურ ნაწილში აღარ არსებობს არცერთი ტიპის მუნიციპალური ღია საცურაო აუზი. (მგ)
ინფო: გაგა კიკნაძე, ნინი ფალავანდიშვილი
ფოტოები: რამაზ კიკნაძის პირადი არქივი, შოთა ყავლაშვილის პირადი არქივი, საქართველოს ეროვნული არქივი, სიმონა როტა
ლიტერატურა/ბმულები
თბილისის არქიტექტურის არქივი. ლაგუნა ვერე. თბილისი 2022. ISBN 9-789941-848599
architectuul. Laguna Vere