Government Palace
არქიტექტორები ვიქტორ კოკორინი, გიორგი ლეჟავა, ვლადიმერ ნასარიძე
პროექტირება და მშენებლობა 1933-1938, 1946-1953
სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 2007
თავდაპირველი ფუნქცია საქართველოს სსრ-ის მთავრობის სასახლე
დღევანდელი ფუნქცია საქართველოს პარლამენტის შენობა
მდგომარეობა გარემონტებული
მისამართი შოთა რუსთაველის პროსპექტი 8, თბილისი
Google maps
საქართველოს სსრ-ის მთავრობის სასახლე თბილისში ორ ეტაპად აშენდა – პირველი, ზედა კორპუსი 1938 წელს რუსი საბჭოთა არქიტექტორის, ვიქტორ კოკორინის პროექტის მიხედვით (გიორგი ლეჟავას მონაწილეობით), ხოლო ქვედა, მთავარი კორპუსი, 1953 წელს კოკორინისა და ლეჟავას პროექტით და ვლადიმერ ნასარიძის მონაწილეობით. ზედა ნაწილში უნდა განთავსებულიყო რესპუბლიკის სამინისტროები და სხვა სამთავრობო დაწესებულებები, ქვედაში კი – მინისტრთა საბჭო და უმაღლესი საბჭო ყრილობების დარბაზით. კომპლექსი იკავებს მთელს კვარტალს რუსთაველის პროსპექტის, ძმები ზუბალაშვილების (ყოფილი ათარბეგოვის), 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) და ჭიჭინაძის ქუჩებს შორის. როგორც ამ ადგილის, ასევე ამ პროექტის შედგენისა და განხორციელების პროცესები, ურთულესი პროფესიული, სოციო-პოლიტიკური და ემოციური ფონითაა დატვირთული. ეს ის შემთხვევაა, რომლის მხოლოდ არქიტექტურულ პროექტამდე დაყვანა შეუძლებელია. საუბარია აგრეთვე იმ გენერატიულ ურბანულ ძალაზე, რომელიც სიცოცხლეს აძლევს ადგილს, გავლენას ახდენს მისი იდენტობის ფორმირებაზე.
ადგილი
ტერიტორიის განვითარება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ ქალაქის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ზრდასა და ახალი ცენტრის დაარსებას უკავშირდება. ამ დროისათვის ეს ადგილი ჯერ ქალაქგარეთაა. ის ერთ-ერთ პირველ, 1802 წლის განვითარების გეგმაზე მომავალ „სამთავრობო ადგილად“ მოიხსენიება. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აქ უკვე არსებობს მეფის ნაცვლის სასახლე, არსენალი, ჰაუპტვახტი, სტამბა და იმპერიული ადმინისტრაციის სხვა შენობები. ამას ემატება კლასიკური გიმნაზია, თეატრები, მუზეუმები, შემოსავლიანი სახლები, სასტუმროები, მაღაზიები და სხვა საერო დანიშნულების ნაგებობები. ერევნის (თავისუფლების) მოედნისა და სასახლისა და გოლოვინის (რუსთაველის) ქუჩების გაგრძელება ქალაქ თბილისის ახალ ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრად ყალიბდება.
არსენალის ჩრდილო-აღმოსავლეთ, მეფისნაცვლის სასახლესა და კლასიკურ გიმნაზიას შორის არსებულ ღია სივრცეს ღუნიბის მოედანი ქვია (Гунибская площадь). სახელწოდება უკავშირდება 1859 წელს რუსეთის მიერ დაღესტანში ღუნიბის ციხე-სიმაგრის აღებასა და იმამ შამილის დატყვევების მოვლენებს. ამ მოედანზე 1897 წელს შენდება რუსული სამხედრო ტაძარი, რომელიც რუსეთ-კავკასიის ომის დასრულების თარიღსა (1864) და კავკასიის საბოლოო დაპყრობას ეძღვნება. თბილისის მთავარ ქუჩაზე ჩნდება უზარმაზარი დომინანტი (არქ. დავიდ გრიმი, David Grimm), როგორც რუსეთის იმპერიის სამხედრო დიდების და ყველა კავკასიელი ხალხის დამარცხებისა და დამცირების სიმბოლო. იმპერიის დანგრევის და რუსეთში საბჭოთა დიქტატურის დამყარების შემდეგ, როდესაც საქართველოს თავისუფალ, დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს დაესხა წითელი არმია, თავისუფლებისათვის ბრძოლაში 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ნაწილი რატომღაც ამ ტაძრის ეზოში დაკრძალეს. საქართველოში საბოლოოდ გამარჯვებულმა ბოლშევიკებმა ჯერ ამ სასაფლაოს ყველა ნიშანი მოშალეს, შემდეგ კი, როდესაც 1930 წელს ტაძარი დაანგრიეს, საფლავებიც უგზო-უკვლოდ გაქრა. ქართულ სახელოვნებათმცოდნეო ლიტერატურაში არ იძებნება არგუმენტი, რომელიც ამ ტაძრის შენარჩუნებას ამართლებდეს ან მის არქიტექტურას ღირებულად მიიჩნევდეს. იმპერიის სიმბოლოდ წოდებულ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრებს, რომლებსაც თითქმის ერთი და იმავე პროექტით, მაგრამ სხვადასხვა არქიტექტორის სახელით იმ დროს აშენებდნენ, ბულგარეთის სოფიადან ციმბირის ჩიტამდე მრავალ ქალაქში ვხვდებით. ერთგვარი ტიპური პროექტით აშენებული, საქართველოსთვის ესთეტურად და შინაარსობრივად სრულებით მიუღებელი ტაძრის ადგილი რუსთაველზე ნამდვილად არ იყო.
სწორედ ამ ადგილას, 1932 წელს, გადაწყდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობის სახლის მშენებლობა. საზოგადოებრივი ნაგებობების მშენებლობა ძველი ქალაქების „სოციალისტური გარდაქმნის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მათ სოციალურ-პოლიტიკური ფუნქციები და აქტიური ქალაქგეგმარებითი როლი ენიჭებოდათ.
1932 მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო – საბჭოთა მთავრობამ აკრძალა ყველა თავისუფალი შემოქმედებითი გაერთიანება, მათ შორის არქიტექტურული, დააარსა საბჭოთა არქიტქტორთა კავშირი (საქართველოში 1934 წელს) და ფაქტობრივად აიძულა ყველა მოქმედი არქიტექტორი, რომ მასში გაერთიანებულიყო, იმისათვის რომ პარტიის ხაზის გატარება სოციალისტურ აღმშენებლობაში უფრო ადვილად სამართავი და იდეოლოგიურად უშეცდომო ყოფილიყო. იდეოლოგიაში იგულისხმებოდა ახალი, სოციალისტურ რეალიზმად წოდებული არქიტექტურული სტილის შექმნა, რომელიც „შინაარსით სოციალისტური, ფორმით კი ეროვნული“ უნდა ყოფილიყო. იმ დროს ჯერ არავინ არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს სინამდვილეში. ამასთან ერთად, აიკრძალა და ბურჟუაზიულ გადმონაშთად გამოცხადდა ყველა არსებული ავანგარდული მიმდინარეობა.
მთავრობის სასახლის დაპროექტებისა და მშენებლობის მთელი ისტორია ზუსტად იმდენ ხანს გაგრძელდა, რამდენი ხანიც იარსება საბჭოთა არქიტექტურის ამ პერიოდმა. მთავრობის სახლის შენობათა კომპლექსი სწორედ ამ პროცესის თვალსაჩინო განსახიერებაა. პროექტირების პირველი ფაზები ორ ეპოქას შორის გარდამავალ, სტილის ძიებების პერიოდს დაემთხვა. 1953 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის და საბჭოთა ოკუპაციის 32-ე წლისთავს დაამთხვიეს მთავრობის სახლის ექსპლოატაციაში გადაცემა. ზუსტად ერთ კვირაში სტალინის სიკვდილთან ერთად დასრულდა ეს ისტორიული ეპოქა და, სულ მალე, არქიტექტურის ისტორიის ეს პერიოდიც ისევე ხელოვნურად შეწყდა, როგორც დაიწყო. დაგვრჩა ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურული მემკვიდრეობა, რომლის კვლევა, კრიტიკული გადააზრება და შეფასება ყოველმხრივ საჭირო და საინტერესოა.
ვიქტორ კოკორინი
ვიქტორ კოკორინი 1934 წელს წერს, რომ მისთვის დაკვეთის გაცემის დროს, საქართველოს სახალხო კომისარიატი (იგივე მინისტრთა საბჭო) „ზედმიწევნით ფრთხილად და დაფიქრებით შეეხო არქიტექტურაში ეროვნულობის საკითხს. ერთის მხრივ, მან მოითხოვა მთელი პროექტის აუცილებელი დამუშავება ეროვნული არქიტექტურის მოტივების სულისკვეთებით. მაგრამ მეორესმხრივ, სრულებით გარკვევით მიმითითეს, რომ ჩამოყალიბებულ ეროვნულ ქართულ სტილზე არქიტექტურაში ლაპარაკი ზედმეტია, და ამიტომ, სწორი იქნებოდა, პროექტის გადაწყვეტაში ეროვნული ‘კოლორიტის’ ძიება, ანუ სტილის მხოლოდ ზოგიერთი ფუძემდებელი ნიშნის, და არა სტილისა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.“ ქართული არქიტექტურის კომპოზიციური და სტრუქტურული ნიშნების გასაცნობად კოკორინმა იმოგზაურა საქართველოში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ზოგადი ხერხი აღმოაჩინა, რომლებიც ნაგებობების კომპოზიციურ მთლიანობას განსაზღვრავდა. ესენი, მისი დაკვირვებით, იყო მაგალითად, შიდა ეზოების სისტემები და კედლების წყობის მოპირკეთება ადგილობრივი თლილი ქვით. ჯვრის მონასტრის მაგალითზე მას ახსნილი აქვს გალავნის მთავარი შესასვლელის ღერძისა და ტაძრის შესასვლელის ღერძის ურთიერთმიმართება, ისე რომ საინტერესო პერსპექტივის ეფექტი იქმნება. ამ დაკვირვებამ განაპირობა მის პროექტში შიდა ეზოების დაგეგმარება.
ქართული კულტურის კოლორიტის უფრო უკეთ გასაგებად კოკორინი ეცნობოდა ქართულ თეატრს (სანდრო ახმეტელი), ლიტერატურას (შოთა რუსთაველი), მხატვრების შემოქმედებას (გუდიაშვილი და სხვ.) და ასევე, სპარსული კულტურის გავლენას ქართულ კულტურაზე. ამგვარად, მას წინა საუკუნეების არქიტექტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი საწყისი ხერხის გამოყენება დადებითად წარმოედგინა. კითხვა მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, თუ რა დოზით, კონკრეტულად რა მიზნების მისაღწევად და როგორ უნდა გამოეყენებინა ისინი. როგორც კოკორინი წერს, ეროვნული კოლორიტისა და კლასიკური არქიტექტურის შერწყმა მის პროექტში პირველ რიგში გამოიხატება ძირითად კომპოზიციურ-გეგმარებით საწყისში, რომელიც არქიტექტურული ფორმების შემდგომ განვითარებაზე ახდენს გავლენას. მისი აზრით, სტილიზებისა და ეროვნული სტილის კრიტიკული, შემოქმედებითი გამოყენების საკითხები ძალიან რთული და აქტუალურია. სტილიზება, როგორც დეკორატიული მომენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის თანამედროვე სამშენებლო მასალებს შეესატყვისება და არავითარ შეთხვევაში, როგორც არქეოლოგიური ღირებულიება.
იმავე სტატიაში კოკორინი აქებს ამერიკელ არქიტექტორ ფრენკ ლლოიდ რაიტს, რომელიც თურმე თავის პროექტებში ხშირად აცტეკების პირამიდების არქიტექტურის ტრანსფორმირებულ ელემენტებს იყენებდა. „გამოდის საინტერესო შენობები, თამამი გადაწყვეტილებებით და შესანიშნავი კონტრუქციებით. და მაინც, ვერ ვიშორებთ ფიქრს, რომ აცტეკი ხუროთმოძღვრები თავის შემოქმედებაში ჭეშმარიტი ნოვატორები იყვნენ, რაიტი კი – კულტურული და ნიჭიერი სტილიზატორი“- ამ საკმაოდ ნიშანდობლივ ფრაზას კარგად თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, თუ რა გამოწვევის წინაშე დააყენა სახელმწიფომ არქიტექტორები და ალბათ რამდენად შეურაცხმყოფელი იყო ზოგიერთი განათლებული, კულტურული და ნიჭიერი პროფესიონალისთვის პარტიული ფუნქციონერების მიერ დავალებული არქიტექტურული სტილის გამოგონება. სტატიის ბოლოს კოკორინი თითქმის სარკაზმით აღნიშნავს, რომ ახლა საბჭოთა არქიტექტორებს აზიის, სპარსეთის და ინდოეთის ისტორიული მემკვიდრეობის გამოყენებასაც სთხოვენ, რასაც ძალიან ყურადღებით უნდა შესწავლა, მაგრამ „ინდური არქიტექტურა შორსაა ჩვენგან თავისი ხუჭუჭა, ბაროკული მოტივებით და პლასტიკის სიმდიდრით“.
საეჭვოა, რომ ბერძნულ-რომაული კლასიკური მემკვიდრეობა, პალადიანიზმი, არ-დეკო ან ამპირი პროლეტარიატის ორგანულ ესტეტიკურ მოთხოვნებთან უფრო ახლოს იყო, მაგრამ სწორედ აქედან უნდა დაბადებულიყო „სოციალისტური შინაარსი“, მორთულ-მოკაზმული სხვადასხვა ერის ისტორიული არქიტექტურიდან გადმოტანილი დეტალებით და ასე მიეღო „ეროვნული ფორმა“. კოკორინს თუ დავეყრდნობით, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო არქიტექტორის, როგორც კარგი იმიტატორის და სტილიზატორის კულტურისა და ნიჭის დონე.
მთავრობის სასახლის პროექტის ისტორია ურთულესი „მშობიარობა“ აღმოჩნდა, რომელშიც უამრავი ადამიანი (და არა მხოლოდ არქიტექტორები), წლების მანძილზე იღებდა მონაწილეობას. კონკურსის მსვლელობა უპრეცედენტო იყო და თითქმის კინოსერიალის სცენარის მსგავსად ვითარდებოდა.
კონკურსები
1932 წელს მთავრობის სახლის პროექტისთვის გამოცხადდა კონკურსი. ამ მიზნისთვის შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, ავტორიტეტული ჟიური (შჩუსევი, ვესნინი და სხვ.), და საკონსულტაციო საბჭო ქართველი არქიტექტორების, მხატვრებისა და ხელოვნებათმცოდნეების მონაწილეობით. პროგრამის დამტკიცების შემდეგ კონკურსში მონაწილეობისთვის მოიწვიეს მხოლოდ მოსკოველი არქიტექტორები – ვიკტორ კოკორინი, სერგეი ჩერნიშევი და ივან ჟოლტოვსკის ჯგუფი სერგეი კოჟინის, გიორგი გოლცის, მიხაილ პარუსნიკოვის და ივან სობოლევის შემადგენლობით. ნიშანდობლივია, რომ ცენტრალური მთავრობა საქართველოში ჯერ უცნობი, მაგრამ „ფორმით ნაციონალური“ არქიტექტურის გამოგონებას ავალებს არქიტექტორებს, რომლებიც საქართველოს არ იცნობენ.
კონკურსის პირველ ეტაპი კოკორინის პროექტის გამარჯვებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკის ქარცეცხლი „კონსტრუქტივიზმის გადმონაშთებს“ ერგო. კონკურსების მსველობისას ორჯერ შეცვალა ტერიტორიის ზომა – ძირითადი დროის განმავლობაში საპროექტო ტერიტორია ბევრად დიდი ზომის იყო – მასში შედიოდა როგორც პირველი სკოლის ნაკვეთი, ასევე ზედა კვარტალი ათარბეგოვის (ძმები ზუბალაშვილების) და ძერჟინსკის (პავლე ინგოროყვას) ქუჩებს შორის.
კონკურსის მთელი მსველეობის მანძილზე პროექტები იმდენად ინტენსიურად განიხილებოდა ყველა საბჭოს და მოქალაქეების მიერ, რომ როგორც ნოდარ ჯანბერიძე წერს, „საქართველოს მთავრობის სახლის დაპროექტება ჭეშმარიტად სახალხო საქმედ იქცა“. საინტერესოა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ამ სახალხო მოძრაობის მიმართ კოკორინს, რომელიც სხვდასხვა შენიშვნების მიუხედავად მაინც იგებდა კონკურსის ყველა ეტაპს – „არქიტექტურული შემოქმედების პრინციპებში“ ის წერდა, რომ გრანდიოზული და დიდებული სოციალისტური არქიტექტურა, რომელიც ამავე დროს უბრალო და ფართო მასებისთვის გასაგები უნდა იყოს, შეიძლება კოლექტიური თანაშემოქმედებით შეიქმნას!
მეორე ეტაპზე,1933 წელს, კოკორინმა წარმოადგინა გადამუშავებული ვარიანტი. ამავე დროს, ახალგაზრდა არქიტექტორმა მიხეილ ჩხიკვაძემ საკუთარი ინიციატივით გააკეთა პროექტის საკუთარი ვარიანტი. ის არ იყო მოწვეული მონაწილე, მაგრამ მისი პროექტი მაინც განიხილეს და ჩათვალეს, რომ ის პრობლემას არ წყვეტდა, თუმცა შეიცავდა საინტერესო დეტალებს.
კონკურსის მესამე ეტაპად ითვლება კოკორინის მიერ 1933 წლის ბოლოს მესამედ გადამუშავებული პროექტის პრეზენტაცია, რომელშიც პირველად იყო წარმოდგენილი გამრჭოლი ღერძის და პროპილეების იდეა. პროექტი მოიწონეს და დაამტკიცეს, მაგრამ მაინც ჩათვალეს, რომ ფასადების გადაწყვეტაზე მუშაობის გაგრძელება იყო საჭირო. ამ ეტაპზეც, კოკორინის პროექტის დამტკიცების შემდეგ მიხეილ ჩხიკვაძემ მეორე პროექტი წარადგინა, რომელზედაც მხატვრებთან – დავით კაკაბაძესთან და ლადო გუდიაშვილთან და არქიტექტორ ხიმშიაშვილთან ერთად იმუშავა.
ყოველივე ამის შემდეგ კონკურსის კომიტეტმა მოუწოდა ფართო საზოგადოებას, მონაწილეობა მიეღო კოკორინის დამტკიცებული პროექტის ბაზაზე ფასადების დამუშავებაში! იძებნებოდა ჭეშმარიტი სოციალისტური შინაარსი და ეროვნული ფორმები და ამაში პროექტის ავტორს „ეხმარებოდა“ მთელი ქვეყანა. 1934 წლის აპრილში განსახილველად წარმოდგენილი პროექტების ავტორები იყვნენ: ჩხიკვაძე (2 პროექტი), ჯანელიძე და ურუშაძე, თავაძე, კალგინი, დერიაბინი, მხატვარი სიდამონ-ერისთავი, მხატვართა კავშირი, არქიტექტორთა კავშირი (ზაალიშვილი) და არქიტექტორთა ჯგუფი – ნეპრინცევი, კალაშნიკოვი, თულაშვილი და ჯაფარიძე.
ზედა „ბ“ კორპუსის მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, როცა კონკურსი გადავიდა მეოთხე ფაზაში, რომლის განხილვაც 1934 წლის ბოლოს შედგა. მონაწილეობდა შემდეგ არქიტექტორთა რვა პროექტი: კოკორინი, ნეპრინცევი, ჯანელიძე, ურუშაძე (ამ ოთხს უნდა გაეგრძელებინა მუშაობა მეხუთე ეტაპზე) და კალაშნიკოვი, ჩხიკვაძე და თავაძე, სხვ. მეხუთე ეტაპზე დაემატა ინჟინერ ლენტოვსკის პროექტიც.
მეხუთე ეტაპიდან დაიწყო კოკორინის თანამშრომლობა გიორგი ლეჟავასთან, რომელიც პროექტის დასრულებამდე გაგრძელდა, და ნამდვილად, გადამწყვეტი როლი შეასრულა პროექტის განვითარებაში. იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზეც კოკორინის (ლეჟავას მონაწილეობით) პროექტი დამტკიცდა, გადაწყდა კონკურსის დროებით შეჩერება, რადგან ფასადებთან დაკავშირებული საყოველთაო სახალხო გულისხმევა მაინც არადამაკმაყოფილებლად ჩაითვალა.
ზედა ნაწილის მშენებლობა 1938 წელს დამთავრდა. მეორე მსოფლიო ომმა პროექტი შეაჩერა, მაგრამ ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს, მოხდა გასაკვირი ამბავი – დამტკიცებული პროექტის გაგრძელების ნაცვლად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, მთავრობამ ქვედა კორპუსის პროექტის შედგენა არჩილ ქურდიანს დაავალა.
განახლებულ საპროექტო დავალებაში შეიცვალა ტერიტორიის ზომა – პირველი სკოლა ხელშეუხებელი რჩებოდა, ახალი მოცულობა ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებს შორის უნდა დატეულიყო. და ასევე, პირველად შეიზღუდა შენობის სიმაღლე. ქურდიანის პროექტმაც ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და მთავრობა იძულებული გახდა, ისევ კონკურსი გამოეცხადებინა.
კონკურსში პროექტები წარდგინეს: არჩილ ქურდიანმა და მიხეილ მელიამ ქეთევან სოკოლოვა-ფორაქიშვილის მონაწილეობით – სამი ვარიანტი, მიხეილ ნეპრინცევმა – ერთი, ივანე ჩხენკელმა – ორი, მიხეილ შავიშვილმა – სამი. და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ კონკურსშიც კოკორინმა და ლეჟავამ გაიმარჯვეს. პროექტი დამტკიცდა ასაშენებლად.
მთავრობის სასახლე
მთავრობის სასახლე საქართველოში იმ დროისთვის ყველაზე დიდი მოცულობის სამოქალაქო ნაგებობა იყო (საერთო მოცულობა 136 000 მ3). მისი განხორციელება კომპლექსურ, კოორდინირებულ სამუშაოებს ითხოვდა, რაშიც მრავალი საკავშირო და ადგილობრივი საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას (მოსკოვის „გიპროგორსტროი“, თბილისში სპეციალურად დაარსებული „საქსასახლემშენი“ და სხვა). სამშენებლო პოლიგონზე საცდელი ლაბორატორიაც კი იყო მოწყობილი, მიმდინარეობდა ახალი სამშენებლო მასალების გამოცდა. მათ შორის საინტერესო იყო მსუბუქი ბეტონის კონტრუქციები, რომლებიც პირველად იქნა გამოყენებული გადახურვებში. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია მონოლითური რკინა-ბეტონი, აგური. მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ადგილობრივი ბუნებრივი ქვა – კურსების ტეშენიტი, ბოლნისის ტუფი, სადახლოს, ლოპოტის, შროშის, სვანეთის მარმარილო და სხვ. ნაკვეთის რთული რელიეფი – სიმაღლეში 22 მეტრიანი განსხვავება რუსთაველის პროსპექტსა და ათარბეგოვის ქუჩას შორის – საერთო გეგმარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ზედა და ქვედა კორპუსები განსხვავდება ერთმანეთისგან უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ისინი სხვადასხვა დროს არის დაპროექტებული და აშენებული. ზედა კორპუსი შეიძლება გარდამავალ პერიოდს მივაკუთვნოთ, რადგან ფასადები ჯერ კიდევ ინახავს კონსტრუქტივიზმის ნიშნებს, რისთვისაც აკრიტიკებდნენ კიდევაც.
შენობა სამი მხრიდან შემოსაზღვრავს შიდა ეზოს, რომელიც რუსთაველის პროსპექტისკენ იხსნება. გეგმები მარტივ სქემაზეა აგებული – პირველ სართულზე, სადაც თაღის შიდა კედლებიდანაა შესასვლელები, გრძელი ვესტიბიული და კიბეებია, ტიპურ სართულებზე კი – კუთხეებში მინისტრების კაბინეტები, ხოლო დერეფნებში სამუშაო ოთახები. ეს პრინციპი, პატარა განსხვავებებით, ყველა სართულზეა დაცული. თაღის თავზე, ორ სართულზე განლაგებულია საკონფერენციო დარბაზები.
ათარბეგოვის (ზუბალაშვილების) ქუჩის მხრიდან შენობა შვიდსართულიანია. ფასადის ცენტრშია მთავარი პორტალი – სამი სართულის სიმაღლის მართკუთხა ღიობი – თაღი, რომელიც ცენტრალური ღერძზეა და ეზოსკენ იხსნება, მაგრამ საინტერსოა, რომ მას ეზოს მხარეს მხოლოდ ერთი სართულის სიმაღლე აქვს. ფასადის სიბრტყე ვერტიკალური მიმართულებით სტატიკურად უფუნქციო ნახევარსვეტების ორ-იარუსიანი რიგებითაა დანაწევრებული. კიბის უჯრედების შემინული ვერტიკალები მეტ სიმსუბუქეს აძლევს სადა, პროპორციულ ფასადს, რომლის სიმეტრიასაც დელიკატურად არღვევს გარე კუთხეები – მარჯვენა მხარეს ტუფით მოპირკეტებული, მარცხენა მხარეს კი – უბრალოდ შელესილი. ორი გვერდითა ქუჩის იერარქია განაპირობებს გვერდითა ფასადების გადაწყვეტას: ჭიჭინაძის ქუჩა უფრო ვიწროა, ამიტომ ეს ფასადი შედარებით მარტივია. აქ გამეორებულია მთავარი ფასადის ვერტიკალური დაყოფის პრინციპი, რასაც ემატება ტეშენიტის მსხვილი კვადრებით მოპირკეთებული ცოკოლის სართული, რომელიც რელიეფის გამო ქვემოთ ორ სართულამდე მაღლდება. ჩიტაძის ქუჩა შედარებით განიერია, ფასადი უკეთ აღიქმება, რაც ახალი ელემენტის – ორი სართულის სიმაღლის თაღებიანი და სვეტებიანი ლოჯიის გაჩენას ამართლებს.
ეზოს მხრიდან მთავარი ღერძის აქცენტი პროპილეებით და კიბით იქმნება. ეზოს ფასადები გარე ფასადებთან შედარებით უფრო უხვადაა დეკორირებული. განიერი კიბე ზემოთკენ ვიწროვდება, რითაც თითქოს პერსპექტივას აგრძელებს, და შემდეგ გარდამავალ სივრცეში, პროპილეებში გადადის. ტერასული შიდა ეზო შადრევნებით,გაზონებით და გვერდითა ფასადების თაღოვანი გალერეებით რუსთაველიდან ძალიან კარგად ჩანდა და ერთი დეკადის განმავლობაში იყო მთავრობის სასახლის დროებითი, მაგრამ მშვენიერი მთავარი ფასადი.
ქვედა კორპუსის აშენების შემდეგ ეს ხედი გაქრა, კომპლექსმა მიიღო შეკრული მართკუთხედის ფორმა. მთავარი ფასადი, რომელიც შიდა ეზოების სისტემას კეტავს, რუსთაველის პროსპექტზე, მაღალ ცოკოლზე დგას და ტერასებად ნაშენი გაზონებით და კიბეებით უერთება ქუჩის ნიშნულს. ცენტრალური ღერძი, რომლის საწყისი ათარბეგოვის ქუჩაზე იყო, მთლიანდება და ქვედა კორპუსის ცენტრში განლაგებულ შესასვლელს უერთდება. ეს პირობითი ღერძი მთელს სიგრძეზე გამრჭოლია, და იდეაში, რუსთაველიდან ათარბეგოვის ქუჩამდე მთლიანად ხილული უნდა იყოს.
ქვედა კორპუსი, მართლაც ათენის პროპილეების გეგმის მსგავსად, ორი ტოლი, ღერძის მიმართ სიმეტრიული მოცულობისგან შედგება, რომელთა შორის კიბეები და სვეტების რიგებია. ორივე ნაწილს შესასვლელები პროპილეების სვეტებს შუა, შადრევნიანი ღია ეზოდან აქვთ. მარჯვენა ფრთაში იყო საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭო, მარცხენაში – უმაღლესი საბჭო. მინისტრთა საბჭოს სამუშაო ოთახები კვადრატული ვესტიბიულის გარშემოა განლაგებული. ოცდაორი მეტრის სიმღლის ვესიტიბიულს ბუნებრივი განათება ჭერიდან აქვს. უმაღლესი საბჭოს ვესტიბიულს ჯვაროვან-კამაროვანი გადახურვა აქვს, რომლის თავზეც სხდომათა დიდი დარბაზია.
მთავარ ფასადზე ეს ორი მოცულობა არ იკითხება. შენობის წინა კედელი ერთი მთლიანი, ტუფით მოპირკეთებული სიბრტყეა, რომელშიც ოთხი სართულის სიმაღლის თაღებია ამოჭრილი. სვეტების დეკორი კუთხეებში ჩასმული დეკორატიული ელემენტებით შემოიფარგლება. თაღებს უკან ამავე ზომის, ჯვაროვან-კამაროვან ჭერიანი ღია გალერეაა, რომელსაც არავითარი ფუნქცია არ გააჩნია, მითუმეტეს რომ, ჩრდილოეთის ორიენტაციის ფასადს არც საჩრდილობელი სჭირდება. ფასადს აგვირგვინებს ერთგვარი სამკუთხა ტიმპანი, რომელზედაც დროშების ფონზე საქართველოს სსრ-ის ღერბი იყო ქვაში გამოკვეთილი. დღეს საბჭოთა სიმბოლიკის ერთი ნაწილი წაშლილია. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ასევე მოიხსნა ვალენტინ თოფურიძისა და შოთა მიქატაძის თუჯის ქანდაკებები „შრომა, მეცნიერება, ტექნიკა“, რომლებიც 1965 წლიდან მაღალ პედესტალებზე იდგა კიბის ორივე მხარეს.
გვერდითა ქუჩებზე ზედა და ქვედა შენობები ისე უერთდება ერთმანეთს, რომ კარგად ჩანს მათი განსხვავებული ხასიათი. ქვედა კორპუსის გვერდითა ფასადები იდენტურია ორივე მხარეს. მათი სიბრტყეები ბრტყელი დეკორატიული ნახევარწრიული თაღებითა და პილასტრებითაა დანაწევრებული.
როგორც ითქვა, ზედა კორპუსის არქიტექტურა სისადავით, მარტივი ფორმებით და ნაკლები დეკორით გამოირჩეოდა. ქვედა კორპუსის დაპროექტება და მშენებლობა ომის შემდეგ იყო დაწყებული, როცა საბჭოთა არქიტექტურაში უკვე ომში გამარჯვებული ქვეყნის გიგანტომანია იყო დამკვიდრებული. არქიტექტორების კულტურას, ნიჭს და ცოდნას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მთავრობის სასახლის კომპლექსი კარგი პროპორციებითა, თითოეული ელემენტისა და მთლიანობის წონასწორობით გამოირჩევა, რომლის მოცულობები რთულ რელიეფზე კარგად ერწყმის ერთმანეთს და იმ დროს გამეფებული პომპეზურობის მიუხედავად, შედარებით თავშეკავებულადაა მორთული. დეკორატიული აქცენტები ძირითადად შიდა ეზოებზე და ინტერიერებზეა გაკეთებული. პორტალები, კაპიტელები და სვეტები მდიდრულადაა შემკული შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურიდან აღებული სტილიზებული მოტივებით, რაც ხუთქიმიან ვარსკვლავს, ნამგალსა და უროსთან კომბინაციაში გროტესკულ ხასიათს ატარებს. ინტერიერების პომპეზური, ფერადი მარმარილოებით მოპირკეთებული იატაკები, სვეტები, კიბეები, მოაჯირები და სხვა ელემენტები კი ნამდვილ, მაგრამ ზედმეტ ფუფუნებად გამოიყურება და დღევანდელი გადასახედიდან დამატებით კითხვას აჩენს – რით იმსახურებს საქართველოს ყველა დროის მმართველი ელიტა ასეთ „სასახლეს“?
საქართველოს პარლამენტის შენობა
„სასახლის წინ პროსპექტის გაგანიერებით შეიქმნება მოედანი მასობრივი შეკრებებისათვის, დემონსტრაციებისათვის და ა.შ.“ – წერდა ვიკტორ კოკორინი 1935 წელს პირველი გამარჯვებული საკონკურსო პროექტის აღწერაში. ის ვერ წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო, როცა ამ ადგილას, მთავრობის მიერ მოწყობილ საპირველმაისო პარადებს ანტისაბჭოთა, დამოუკიდებლობის მოთხოვნებით აღსავსე დემონსტრაციები შეცვლიდა, რომ აქ თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ხალხის სისხლი დაიღვრებოდა! სამწუხაროდ, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა და ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებშიც გრძელდება. ყველაფერს, რაც გვაწუხებს და გვტკივა, რაც გვაბრაზებს და რისთვისაც ჯერ კიდევ სასტიკად გვარბევენ, ამ მოედანზე მივყავართ.
დღეს მოედანს, კონკურსის გარეშე განხორციელებული, უცნობი ავტორის პროექტი ამახინჯებს. ჟანგიანი რკინის მაღალი კედლებით აშენებული, აგრესიული, წვეტიანი ფორმის გაზონები, ვითომ გამწვანების და კეთილმოწყობის, სინამდვილეში კი – მოედნის ფართობის შემცირების მეთოდია. მრავალშრიანი დამცავი კონსტრუქციებით ჩაკეტილია ახლანდელი პარლამენტის ყველა შესასვლელი და საერთოდ აღარ აღიქმება არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – გამრჭოლი სივრცული ღერძი. კლასიკური მემკვიდრეობა, რომელშიც სათავეებს ეძებდა იმ დროის საბჭოთა არქიტექტურა, საზოგადოებრივი ცხოვრების და სახელმწიფო ასპქეტების გაჭვირვალობას გულისხმობდა, როდესაც საჯარო შენობებს სვეტებიანი, ღია გალერეებით შემოსაზღვრავდა, შესასვლელ სივრცეებად კი პროპილეებს იყენებდა. ეს კარგად იცოდნენ კოკორინმა და ლეჟავამ. მათ ბევრ რამეზე აქვთ ნაფიქრი, მათ შორის – თუ როგორ გაანათებდა საღამოს საათებში მზის სხივი ათარბეგოვის ქუჩიდან მთელი ღერძის გასწვრივ ჩრდილოეთ, რუსთაველის პროსპექტისკენ გახსნილ შესასვლელს… (ნჩ)
ფოტოები: ეროვნული ბიბლიოთეკა, Cronobook, საქართველოს ეროვნული არქივი ნოდარ ჯანბერიძე, ნიკოლოზ ჯაში, დიმიტრი ერმაკოვი, Wikimedia Commons, იური როსტი, კობა წაქაძე, ანა ჭუმბურიძე, დარო სულაკაური
ლიტერატურა/ბმულები
ავტორების კოლექტივი, არქტიქტურული სახელოსნოების ნამუშევრები. ტ.2. სახელოსნო N° 10, 1936 (რუს) Работы архитектурных мастерских. Т 2. мастерская N° 10, 1936)
კოკორინი, ვიკტორ. საქართველოს მთავრობის სასახლის პროექტი (რუს) Дворец правительства ССР Грузии, Архитектура СССР, 8 -11, 1934
ჯანბერიძე, ნოდარ. საქართველოს სსრ მთავრობის სახლის არქიტექტურა, „ხელოვნება“, თბილისი, 1957
ჯაში, ნიკოლოზ. საქართველოს სსრ მთავრობის სახლის არქიტექტურა, Архитектура СССР, 8.1954
რეხვიაშვილი, ჯიმშერ. სობორო, რომელიც პარლამენტის ადგილას იდგა: უმსგავსო თავისი გარეგნობითა და არსით. 26.2021, რადიო თავისუფლება