ბარათაშვილის ხიდი

Baratashvili bridge

არქიტექტორები შოთა ყავლაშვილი, ვლადიმერ ქურთიშვილი – „თბილქალაქპროექტი“, მეოთხე სახელოსნო

კონსტრუქტორი გიორგი ქარცივაძე

პროექტირება 1964 მშენებლობა 1965

სტატუსი აშენებული

თავდაპირველი ფუნქცია ხიდი, მრავალფუნქციური სივრცე

დღევანდელი ფუნქცია ხიდი

მდგომარეობა ნაწილობრივ გაუქმებული

მდებარეობა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი, თბილისი
Goolge Maps

თბილისში მდინარე მტკვრის სანაპიროები თორმეტი ხიდით არის დაკავშირებული. მათ შორისაა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ხიდი, რომელიც 1965 წელს ქალაქის ცენტრში აშენდა. ინჟინერ გიორგი ქარცივაძის და არქიტექტორების – შოთა ყავლაშვილისა და ვლადიმერ ქურთიშვილის პროექტის მიხედვით აგებულ, ორბუჯიან, სამმალიან ხიდში თავდაპირველად დამატებითი ფუნქციები – სავაჭრო-საგამოფენო სივრცე და კაფე იყო ინტეგრირებული.

მეცხრამეტე საუკუნეში აქ „მუხრანის ხიდის ბორანს“ დღეში ორიათას ადამიანამდე გადაყავდა (იხ. კვირკველია 1978). თბილისის თვითმართველობამ ჯერ კიდევ 1880-იანი წლების დასაწყისში გადაწყვიტა ამ ისტორიულად გადატვირთულ გადასასვლელ ადგილას ხიდის მშნებლობა. 1911 წლიდან 1965 წლამდე აქ მდებარეობდა ინჟინერ ევგენი პატონის პროექტის მიხედვით აშენებული, ერთმალიანი, ლითონის ფერმებზე შეკიდული მუხრანის ხიდი. მიუხედავად იმისა, რომ ის შედუღების წესით აგებული პირველი ხიდი იყო ამიერკავკასიაში, მალევე გადაწყდა მისი ახლით ჩანაცვლება. როგორც თენგიზ კვირკველია აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ხიდის არასაკმარისი გამტარუნარიანობა, რადგან მისი სიგანე მხოლოდ 11 მეტრს შეადგენდა. გარდა ამისა, ჯებირების მშენებლობის შემდეგ შევიწროვებულ მტკვარში წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა, რის შედეგადაც მუხრანის ხიდის ქვედა ნიშნულსა და წყლის ზედაპირს შორის დარჩენილი მანძილი ერთნახევარი მეტრიც კი არ იყო. მტკვირს სანაპიროების მშენებლობას 1930-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. გაქრა მდინარის მარჯვენა ტოტი და არაერთი მცირე თუ დიდი ზომის კუნძული. მდინარის კალაპოტი მთლიანად საყრდენ ჯებირებში მოექცა და სანაპიროებზე არსებული ისტორიული განაშენიანება სამანქანო გზებს შეეწირა.

ახალი, ბარათაშვილის სახელობის ხიდის სიგანეა 26 მეტრი, სიგრძე – 150 მეტრი. მისი მთავარი მახასიათებელი არის ტრანსპორტის და ფეხმავალთა ნაკადების ერთმანეთისაგან გამიჯვნა. ხიდის სავალი ზედაპირი განკუთვნილია ტრანსპორტისთვის, თუმცა მას ორივე მხარეს მიყვება ტროტუარი. ხოლო ქვედა დონეზე, ხიდის ღეძის გასწვრივ მოთავსებულია გალერეები ფეხით მოსარულეთათვის, რომლებიც სანაპიროებს მიწისქვეშა გადასასვლელებითა და კიბეებით უერთდება. აქვე მოწყობილია საგამოფენო დარბაზი და კაფე. ინტეგრირებულ საჯარო სივრცეებს ვიწრო, ერთი მხრიდან სრულად დახურული საფეხმავლო გადასასვლელები უფრო მიმზიდველი უნდა გაეხადა. თუმცა ასეთი გეგმარება მაინც ამ ეპოქისათვის დამახასიათებელ, ტრანსპორტის უპირატესობას უსვამს ხაზს.

საგამოფენო დარბაზი მხოლოდ 20 წლის განმავლობაში არსებობდა; იგი დაიხურა 1980-იანი წლების შუა ხანებში. 1990-იანი წლების ბოლოს მოხდა საჯარო სივრცეების პრივატიზაცია. დღეს ბარათაშვილის ხიდი საჭიროებს საფუძვლიან რეკონსტრუქციას. (მგ)

ინფო: ირინა ქურთიშვილი
ფოტოები: ვლადიმერ ქურთიშვილის პირადი არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რუბენ აგაბაბიანის პირადი არქივი

ლიტერატურა/ბმულები

კვირკველია, თენგიზ. ნარკვევები თბილისის ქალაქმშნებლობის ისტორიიდან. წერილი მეორე. ჟურალი „საბჭოთა ხელოვნება“ 11, 1978. გვ. 45-54

Тенгиз Квирквелиа, Архитектура Тбилиси, 1982.

ქარდავა, დათო. მტკვარი და მისი ორი ნაპირი. თბილისი 2013.

Kurtishvili, Irina. Between yesterday and tomorrow / undergo. The parallels 2012.