Planetarium
არქიტექტორები ალექსანდრე ჯიბლაძე, მადლენა კომახიძე „თბილქალაქპროექტი“ – სახელოსნოს უფროსი ივანე ჩხენკელი, ჯგუფის უფროსი იური კასრაძე
ინჟინერი დავით ქაჯაია
პროექტირება 1957-1959 მშენებლობა 1959-1960
სტატუსი აშენებული
თავდაპირველი ფუნქცია პლანეტარიუმი
მდგომარეობა დანგრეული
მისამართი მთაწმინდის პარკი, თბილისი
Google Maps
1960 წელს, მთაწმინდის პლატოზე, ზღვის დონიდან 726 მეტრის სიმაღლეზე, აშენდა თბილისის პირველი პლანეტარიუმი. საპროექტო დავალების თანახმად, პლანეტარიუმის, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების დანიშნულება იყო ფართო საზოგადოებაში ასტრონომიის პოპულარობის ამაღლება. მას უნდა ჰქონოდა გუმბათით გადახურული აუდიტორია შემოსავლელი დერეფნით, ვესტიბიული და ადმინისტრაციის ოთახები. სამშენებლო მასალა – რკინაბეტონი.
1955 წელს თბილისის აღმასკომმა გამოსცა დადგენილება ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკების მოწყობისა და კულტ-მასობრივი მომსახურების შესახებ. მთაწმინდის კულტურისა და დასვენების პარკში, იმ დროს ჯერ კიდევ სტალინის სახელობის, ამ დადგენილების თანახმად, 1957 წელს უნდა გახსნილიყო პლანეტარიუმი და საცეკვაო მოედანი. დამკვეთი იყო თბილისის აღმასკომის კულტურის განყოფილება. პლანეტარიუმის პროექტი უნდა გაკეთებულიყო 1956 წლის „აუთვისებელ საპროექტო ხარჯზე“. სამშენებლო ადგილად არჩეულ იქნა კარუსელის ტერიტორია. პროექტის შედგენა დაევალა „თბილქალაქპროექტის“ სახელოსნოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვანო ჩხენკელი. ეროვნული არქივი ინახავს წერილს ჩხენკელის ხელმოწერით -„დაევალოს პროექტის შედგენა არქ. ჯიბლაძეს და კომახიძეს“. პროექტის მთავარი ინჟინერი იყო დავით ქაჯაია.
მთწმინდის პლანეტარიუმი იყო გეგმაში წრიული ფორმის, ორსართულიანი, მაღალი გუმბათით გადახურული შენობა. პირველ სართულზე იყო ვესტიბიული მოზაიკის იატაკით და ადმინისტრაციის ოთახები. შესასვლელის ორივე მხარეს, სიმეტრიულად განლაგებული ორი კიბე აუდიტორიისკენ ადიოდა. პარაბოლური გუმბათი წრეზე განაწილებულ საყრდენებზე იდგა. მისი დიამეტრი 11.20 მეტრი, ხოლო სიმაღლე 12.50 მეტრი იყო. გუმბათის გარსის სისქე ათ სანტიმეტრს არ აღემატებოდა, და სავარაუდოდ, ლითონის ბადით იყო არმირებული. სივრცული წარმოდგენის უნარის და ფანტაზიის საინტერესო გამოხატვაა შიდა გუმბათის კონსტრუქცია. „ხელოვნური ცის“ ზედაპირი – ტილოგადაკრული, თხელი, ღუნვადი ფანერა – ფოლადის ტროსებით ჩამოკიდებულ ხის ძელაკების კონსტრუქციაზე ქვემოდან იყო დამაგრებული. ამ გუმბათის დიამეტრი რვა მეტრი იყო.
მთაწმინდის პლანეტარიუმი იყო პატარა, კომპაქტური მოცულობა, რომელსაც არქიტექტურის და კონსტრუქციის მხრივ ზედმეტი არაფერი ჰქონდა. ის საბჭოთა არქიტექტურის ორი ეპოქის მიჯნაზე იყო აშენებული და კარგად ასახავდა თავის დროს.
ლევიცკის და ფედოროვის „პ-2 ტიპის სასწავლო პლანეტარიუმის“ ტექნიკური აღჭურვილობა და გამოყენების წესები ინსტრუქციით იყო დადგენილი (1949). აპარატი ხელით, მექანიკურად იმართებოდა. ზედაპირზე, ცის სხეულების განლაგების შესაბამისად, იყო განაწილებეული სხვადასხვა ზომის ნახვრეტები, რომლებიც შიგნიდან მიმართული სინათლის სხივით ნათდებოდა და ასე კეთდებოდა პროექცია სფერული ფორმის ტექსტილის ეკრანზე, ანუ ცის გუმბათზე. ამ გამარტივებული ტიპის აპარატით შესაძლებელი იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ვარსკვლავებისა და მზის მოძრაობის ჩვენება როგორც დღე-ღამის, ისევე წლის განმავლობაში.
იმდროინდელი ბავშვების თაობებს ახლაც ახსოვთ მთაწმინდის პლანეტრიუმი. ჯადოსნური სამყარო ვესტიბიულის იატაკით იწყებოდა – აქ წრეზე ზოდიაქოს ნიშნები, პლანეტების და თანავარსკვლავედების სიმბოლური გამოსახულებები ეხატა, ზემოთ კი, თითქოს უსაზღვრო ცაზე დღისითაც კი ვარსკვლავები ანათებდა. პლანეტარიუმში შეიძლებოდა გაგვეგო, რატომ ცვლის ზამთარს გაზაფხული, რომ სინამდვილეში, მზე იმიტომ „ამოდის და ჩადის“, რომ დედამიწა ტრიალებს მის გარშემო, რომელ ვარსკვლავებს ხედავენ სამხრეთ ამერიკიდან და კიდევ ბევრი სხვა… ჩაბნელებულ სივრცეს ჰქონდა მაგიური მიზიდულობის ძალა, რაშიც არქიტექტურის როლი გადამწყვეტი იყო. პლანეტარიუმი დაანგრიეს 1990-იანი წლების ბოლოს (ნჩ)
ფოტოები: ალექსანდრე ჯიბლაძის პირადი არქივი, საქართველოს ეროვნული არქივი, Cronobook – Silva G.Mskhali