საქართველოს ეროვნული არქივი

Nationa Archives of Georgia

არქიტექტორი ვალერია ჰაჯიბეილი – „საქქალაქმშენსახპროექტი“, მეორე სახელოსნო

კონსტრუქტორი ნ. მესხი

პროექტირება 1952-1966 მშენებლობა (პირველი ეტაპი) 1962-1967

სტატუსი აშენებული

თავდაპირველი ფუნქცია საქართველოს სსრ ოქტომბრის რევოლუციის ცენტრალური სახელმწიფო არქივი და კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი

დღევანდელი ფუნქცია არქივი სახელწოდება საქართველოს ეროვნული არქივი

მდგომარეობა განახლებული, ნაწილობრივ სახეცვლილი

მისამართი ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი
Google maps

საქართველოს ეროვნული არქივი ვაჟა-ფშაველას პროსპექტისა და პეკინის ქუჩის კუთხეში, ვალერია (ლელი) ჰაჯიბეილის პროექტით აშენდა. ეროვნულ არქივში დაცულ გეგმებზე პროექტის თანაავტორად ასევე მითითებულია „საქქალაქმშენსახპროექტის“ მეორე სახელოსნოს მთავარი ინჟინერი, ნ. მესხი (სახელოსნოს ხელმძღვანელი – ვალერიან კედია). დოკუმენტები და გეგმები დათარიღებულია 1952-1966 წლებით.

1950-იანი წლების დასაწყისისთვის საქართველოს სსრ-ის არქივის არსებული შენობა ვეღარ იტევდა მასალებს და არ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს, ხოლო კინო-ფოტო დოკუმენტების არქივი განლაგებული იყო საცხოვრებელ სახლში, რაც იმავე მიზეზით დაუშვებელი იყო. არქივში ინახებოდა ნახევარი მილიონი ერთეული დოკუმენტი და შეჩერებული იყო კიდევ ორი მილიონი ერთეულის მიღება ადგილის ნაკლებობის გამო. მოსალოდნელი წლიური რაოდენობა განისაზღვრებოდა ერთი მილიონი ერთეული დოკუმენტით. კინო-ფოტო-არქივში ინახებოდა 15000 ერთეული ფოტო-ნეგატივი, 40000 ფოტო პოზიტივი, 72 ფოტო ალბომი, 3300 ფოტოტიპია. მისაღებად მოსალოდნელი იყო 4 მილიონი მეტრი კინოდოკუმენტი, – ნეგატივი და პოზიტივი, ქრონიკები, დაკუმენტური, სამეცნიერო, რევოლუციამდელი და საბჭოთა პერიოდის მხატვრული ფილმები. ფონო-განყოფილებაში ინახებოდა 550 000 წუთის აუდიო მასალა.

1952 წელს გადაწყდა ახალი საარქივო საცავის მშენებელობა. პროგრამა საპროექტო დავალების შესადგენად სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი საარქივო სამმართველოს მიერ დამტკიცდა ამავე წელს. 1953 წლით დათარიღებულ დასკვნაში წერია, რომ ჰაჯიბეილის მიერ შედგენილი საპროექტო დავალება გრაფიკულ მასალასთან ერთად გადაცემულია დასამუშავებლად „საქკომუნპროექტისთვის“. ამავე წელს საბურთალოზე არქივის მშენებლობისთვის გამოყოფილია მიწის ნაკვეთი ფართობით 1.79 ჰექტარი. ობიექტის მაღალი სირთულის გამო გადაწყდა დაპროექტების სამ ეტაპად დაყოფა.

პროექტირების დროს გასათვალისწინებელი იყო არქივის შენობისთვის იმ დროს მოქმედი ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები და საარქივო საქმის ტექნოლოგიები. არქივების სამუშაო სტრუქტურაში შედიოდა დოკუმენტების მიღება, დოკუმენტების პროფილაქტიკური დამუშავება, დოკუმენტების ტექნოლოგიური დამუშავება, სამუშაო ოთახები, საცავები, ადმინისტრაციის ოთახები, დამხმარე სათავსები. დასაგეგმი იყო არქივში მოძრაობის ორი მთავარი გრაფიკი: არქივში შემოსული დოკუმენტების გრაფიკი და საარქივო მასალების მომხმარებელთა გრაფიკი.

მნიშვნელოვანი იყო გენგეგმაზე შენობების განაწილება, მათი ორიენტაცია, გაბატონებული ქარების მიმართულებები, ისევე, როგორც მომავალში ნაკვეთზე საარქივო შენობების გაზრდა/დამატების პერსპექტივა. ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები ითვალისწინებდა მშრალი ქრობის მეთოდებს, წყლის ჭავლით ცეცხლის ქრობა მხოლოდ კიბის უჯრედებში იყო დასაშვები.

არქივის საცავების მოცულობა საკმარისი უნდა ყოფილიყო მომავალი 10 წლის განმავლობაში დოკუმენტების მისაღებად და მათ ხანგძლივად შესანახად. მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებისა და ხანძრის მშრალი ქრობის აპარატურის გამოყენების გასაადვილებლად საცავებისთვის დადგენილი ნორმები მოითხოვდა განცალკევებულ სივრცეებს მაქსიმალური დასაშვები ზომებით – ფართობი 300 კვადრატული მეტრი, მოცულობა 700 კუბურ მეტრამდე. საცავებში მუდმივი ტემპერატული (16°-18°) და ტენიანობის (50-65%) რეჟიმის დასაცავად საჭირო იყო გათბობა, ჰაერის შემოდინების და განიავების რეგულირება, ჰაერის გაწმენდა და დატენიანება. კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების არქივი უნდა განლაგებულიყო სხვა საცავებისგან შორს, ცალკე მდგომ შენობაში. აქ მუდმივი ტემპერატურა უნდა შენარჩუნებულიყო 12° ± 2 გრადუსის, ტენიანობა კი 60% ± 5 პროცენტის ფარგლებში.

გადახურვებში უნდა ჩაშენებულიყო ლითონის კუთხოვანებით შეკრული სტელაჟები და ყველა ხის მასალა ცეცხლმედეგი ხსნარით დამუშავებულიყო. თაროებს შორის უნდა ყოფილიყო საკმარისი დაშორება და მათ შორის უნდა ემოძრავა ჰაერს.

ჰაჯიბეილი, როგორც პროექტის მთავარი არქიტექტორი, ამ მრავალწლიან სამუშაოს პირველიდან ბოლო დღემდე ხელმძღვანელობდა და ყველა ეს მოთხოვნა, და კიდევ ბევრი რთული დეტალი ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა. ყურადღებას იწვევს კიდევ ის, რომ ტექნიკურ მოთხოვნებთან ერთად ნებართვის დასკვნას თან ახლდა მოთხოვნები არქიტექტურის მიმართაც:
„-არქივის შენობა უნდა იყოს მონუმენტური
-გარეგნობა უნდა შეესაბამებოდეს შინაარს
-უნდა ასახავდეს ჩვენს ეპოქას და ამშვენებდეს ქალაქს, როგორც სხვა ჩვენი ადმინისტრატიული შენობები.
-ვინაიდან შენობა საბურთალოს მთავარ მოედანზე დაიდგმება, მისი მთავარი ფასადის მიმართ მაღალი მოთხოვნებია, ამიტომ ის უნდა იყოს მოპირკეთებული ბუნებრივი ქვით“.

ლელი ჰაჯიბეილიმ ეს მოთხოვნებიც შეასრულა – არქივს მართლაც მონუმენტურს ხდის ძლიერი, მაღალი კოშკი, რომელშიც მთავარი შესასვლელი, სამკითხველო დარბაზები და საცავებია განლაგებული. ეს ოთხივე მხრიდან დახურული მოცულობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ იქ რაღაცას ვიცავთ. არქივი ინახავს წარსულს, რომელიც, როგორც მომავლის სიმბოლო, ახალი თბილისის რუკაზე ყველაზე დიდი ქუჩის დასაწყისში დგას. და, დიახ, მისი ფასადები ეკლარის ქვითაა მოპირკეთებული და გემოვნებიანად შემკული რამდენიმე კერამიკული ბარელიეფით.

მთავარი ამ მოთხოვნებიდან მაინც ის არის, რომ 1953 წელს მათი ავტორისა და არქიტექტორისთვის ცნებები „მონუმენტური, ეპოქის ამსახველი და ქალაქის დამამშვენებელი არქიტექტურა“ სრულებით სხვა ნიშნების მატარებელი უნდა ყოფილიყო, ვიდრე სახელმწიფო ამას სულ მალე მოითხოვდა. კარგად თუ დავაკვირდებით, სპორტის სასახლის მსგავსად, არქივის შენობა სწორედ რომ თავის ეპოქას ასახავს – ის არის იმ საინტერესო, გარდამავალი, გაურკვევლობით სავსე დროის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. მას არც სტალინის დროის სოციალისტური რეალიზმის ნიშნები და არც მოდერნიზმის სისადავე არა აქვს. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ოსტატობა, როცა ასეთ დროს ლაბირინთიდან გზის გაკვლევას ასე კარგად ახერხებ.

როგორც მომავალი განვითარების გენგეგმაზე ჩანს, ტერიტორიის ათვისების შემდეგი ეტაპი მოგვიანებით დაიწყო. კოშკს პეკინის ქუჩის მხრიდან გადასასვლელით მიემატა საისტორიო არქივი და საარქივო სამმართველოს შენობა (დღეს აქ ადმინისტრაცია, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზია) ლელი ჰაჯიბეილის პირად არქივში დაცული ამ ფასადის ნახაზი (ან პლანშეტის ფოტო) საბჭოთა მოდერნიზმის დროინდელი არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც ძალიან კარგად ერწყმის პირველი რიგის შენობებს.

სამწუხაროდ, 2023 წელს ხანძრის შედეგად სრულებით განადგურდა კინო-ფოტო-ფონო არქივის ერთსართულიანი შენობა. მას არქიტექტურის თვალსაზრისით არავითარი ღირებულება არ ჰქონდა, მაგრამ ის რაც იქ ინახებოდა, აღუდგენელი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის. საბედნიეროდ, დოკუმენტების დიდი ნაწილი გაციფრულებულია, თუმცა ზუსტი რიცხვები ჩვენთვის უცნობია. (ნჩ)

ფოტოები: საქართველოს ეროვნული არქივი, ვალერია ჰაჯიბეილის პირადი არქივი