გზების მშენებლობის სამინისტრო

არქიტექტორები გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია – „სოიუზდორპროექტი

კონსტრუქტორები ალექსადრე კიმბერგი, თეიმურაზ თხილავა

პროექტირება 1969 მშენებლობა 1970-1975

სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 2006

თავდაპირველი ფუნქცია სამთავრობო შენობა, საოფისე

დღევანდელი ფუნქცია ბანკი
სახელწოდება საქართველოს ბანკის სათავო ოფისი

მდგომარეობა ნაწილობრივ სახეცვლილი

მისამართი გაგარინის ქუჩა 29ა, თბილისი
Google Maps

გიორგი ჩახავა და ზურაბ ჯალაღანია მათი განთქმული სამინისტროს შენობის შთაგონებად ხშირად ბუნებასა და რელიეფის თავისებურებას ასახელებენ. „გზების მშენებლობის სამინისტროს ყოფილი შენობა აგებულია ,სივრცითი ქალაქის‘ მეთოდით. სივრცითი ქალაქის მეთოდი თვით ბუნების კანონების მიერაა შთაგონებული: ტყეები დედამიწის უდიდესი პოპულაციაა. ტყე შედგება სხვადასხვა სახის ხეებისაგან, რომელთა ვარჯები მიწას მოშორებულია, ხოლო ტოტებითა და ღეროთი ფესვებს უკავშირდება. მიწასა და ვარჯს შორის დიდი თავისუფალი სივრცეა, რომელშიც სხვა ცოცხალი ორგანიზმები ტყესთან ჰარმონიულად თანაარსებობენ. ,სივრცითი ქალაქის‘ მეთოდი იმავე პრინციპს იყენებს“ – წერს ჩახავა.

საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1967 წლის დადგენილებით გადაწყდა საავტომობილო გზების სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობის აგება. მშენებლობა დაიწყო 1972 და დასრულდა 1975 წელს. რთული რელიეფის მქონე ნაკვეთი გაგარინის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს შორისაა. მისი ფართობი 1.6 ჰექტარია, სიმაღლეთა სხვაობა კი 33 მეტრი. როგორც ჩახავა აღწერს, ის სწორედ ასეთ ნაკვეთს ეძებდა.

შენობის სტრუქტურა შედგება სამი კოშკისაგან (გეგმაში 12 x 12 მ), რომლებიც სხვადასხვა დონეზე ორსართულიანი ჰორიზონტალური მოცულობებითაა დაკავშირებული (მალი 28 მ). კონსოლები შეკიდულია ანაკრეფ-მონოლითური რკინაბეტონის კოშკებზე სამკუთხა ხისტი ლითონის ჩარჩოების მეშვეობით. კოშკებს შორის იარუსებად განლაგებული, ბუნებრივი პარკია გაშენებული. 16 000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა ნაკვეთის მხოლოდ 450 კვადრატულ მეტრს იკავებს.

სამინისტროს გაუქმების შემდეგ მრავალი წლის მანძილზე მიტოვებული, მოუვლელი შენობა 2006 წელს იყიდა საქართველოს ბანკმა. ამავე წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. რეკონსტრუქციის პროექტის (არქიტექტურული სახელოსნო „დეფანი“) განხორციელების შემდეგ შენობაში განთავსდა საქართველოს ბანკის სათავო ოფისი. (ნჩ)

ფოტოები: გიორგი ჩახავას პირადი არქივი, საქართველოს ეროვნული არქივი, სიმონა როტა

ლიტერატურა/ბმულები

შენობა მრავალ საერთაშორისო არქიტექტურულ ჟურნალსა და გამოცემაშია შესული, მათ შორის neuf (1975), Time (1976), Domus (1977), process:architecture N°54 

Drexler, Arthur, Transformations in modern architecture, 1979 MOMA Exhibition Catalogue

Mirzikashvili, Rusudan, ‘Everybody’s Favourite’, in: Ritter, Katharina; Shapiro-Obermair, Ekaterina; Steiner, Dietmar; Wachter, Alexandra (Hg.), Soviet Modernism 1955–1991. Unknown History, Zürich 2012, S. 152–165

Warsza, Joanna, Ministry of Highways. A Guide to the Performative Architecture of Tbilisi, Warschau / Utrecht / Berlin 2013

Palavandishvili, Nini, Ministry of Automobile Roads, in: Elser, Oliver, Philip Kurz, and Peter Cachola Schmal, eds. SOS Brutalism. A Global Survey. Zürich: Park Books, 2017.

BürogebäudeAnnette Gigon, Mike Guyer, Arend Kölsch (Ed.) gta Verlag, ETH Zürich, 2019