არქიტექტორთა ფონდის დასასვენებელი სახლი

არქიტექტორები რევაზ ბაირამაშვილი, ვახტანგ აბრამიშვილი, დავით მორბედაძე, ილო ყავლაშვილი – „თბილქალაქპროექტი“

პროექტირება 1970 მშენებლობა 1983

სტატუსი აშენებული

თავდაპირველი ფუნქცია სანატორიუმი, კურორტი

დღევანდელი ფუნქცია იგივე
სახელწოდება პანსიონატი „ჩეგემი“

მდგომარეობა გარემონტებული

მისამართი ლენინის ქუჩა 69, გაგრა 
Google Maps

არქიტექტორთა დასასვენებელი სახლი გაგრაში საბჭოთა კავშირისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირების დაკვეთით, რევაზ ბაირამაშვილის, ვახტანგ აბრამიშვილის, დავით მორბედაძის და ილო ყავლაშვილის პროექტის მიხედვითაა აშენებული. ის მდებარეობს ძველი გაგრის საკურორტო ზონაში, დამრეც ფერდზე, ზღვის ნაპირიდან 300 მეტრის დაშორებით. ყველა ოთახი ათსართულიანი შენობის შვიდ სართულზეა განლაგებული. ოთახების ბლოკები ცენტრალური დერეფნის ღერძის სიმეტრიულად, კუთხითაა გაშლილი. ყველა ოთახიდან იხსნება ზღვის ხედი. ასი ოთახი 200 სტუმრისთვისაა გათვლილი. ოთახის ზომაა 17 კვადრატული მეტრი. ყველა ოთახს აქვს აივანი. გარდა ამისა, ყველა სართულს ზღვის მხარეს დიდი ტერასა აქვს, ხოლო სახურავზე აერარიუმი და სოლარიუმია.

პირველ სართულზეა რეგისტრატურა და კინოთეატრის ვესტიბიული. 310 ადგილიანი კინოდარბაზი რელიეფს მიყვება. მას წინ დიდი ტერასა აქვს, რომელიც ზედა სართულის ტერასას კიბით უკავშირდება. მეორე სართულზეა ბიბლიოთეკა სამკითხველოთი და საკონცერტო-საცეკვაო დარბაზი.

მთავარი შენობის ვესტიბიულთან გადახურული დერეფნით სასადილოა დაკავშირებული. ესაა ორსართულიანი შენობა ორქანობიანი სახურავით. პირველ სართულზე ბარია, მეორეზე კი – 250 ადგილიანი რესტორანი.

არქიტექტორების დასასვენებელი სახლი გაგრაში საბჭოთა მოდერნიზმის შესანიშნავი ნიმუში და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ნაგებობაა. (ნჩ)

ფოტოები: დავით მორბედაძის პირადი არქივი