Tsirkoli church of the Mother of God
პროექტის ავტორი ლევან ხიმშიაშვილი – სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნო
რესტავრაცია 1957
სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
თავდაპირველი ფუნქცია ეკლესია
დღევანდელი ფუნქცია იგივე
მდებარეობა შიდა ქართლი, ახალგორთან, სოფელ წირქოლის ჩრდილოეთით
Google Maps
წირქოლი (VIII-IX საუკუნე) გარდამავალი, ე.წ. ძიების ეპოქისთვის დამახასიათებელი ძეგლია, ამიტომ მას ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ძეგლის სწორკუთხა გეგმა დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად. „ცენტრალური ნაწილი გუმბათით არის გადახურული. გუმბათს ყელი არ გააჩნია, ამიტომ სფერული გადახურვა უშუალოდ გუმბათქვეშა წრეზეა დასმული. შენობის გუმბათი ორკალთიანი სახურავის ქვეშაა მოქცეული, რის გამოც გარედან არ მოჩანს და გუმბათოვანი ძეგლი გარედან ბაზილიკად აღიქმება. სწორედ ეს არის წირქოლის თავისებურება“, ამ სიტყვებით აღწერს წირქოლს რესტავრაციის პროექტის ავტორი, ლევან ხიმშიაშვილი.
განსაკუთრებული გადაწყვეტით გამოირჩევა წირქოლის რესტავრაციის პროექტი და მისი განხორციელებაც. მეოცე საუკუნის შუა წლებში წირქოლის მზიდი კედლები სხვადასხვა მიზეზის გამო დარღვეული და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხე გადახრილი იყო. მიუხედავად კონსტრუქტორების დასკვნებისა, რომლებიც კუთხის დაშლასა და ახლიდან აშენებას ითვალისწინებდნენ, ლევან ხიმშიაშვილმა გადაწყვიტა, რომ ის მექანიკური კონსტრუქციის დახმარებით გაესწორებინა.
„სამხრეთ–აღმოსავლეთის კუთხე დაუშლელად იქნა მიდგმული თავის პირვანდელ ადგილზე. ამანკი თავის მხრივ საშუალება მოგვცა ძეგლის გამაგრება – კონსერვაცია ჩაგვეტარებინა დაკარგულინაწილების აღდგენის საშუალებით, რომლის დროსაც არ მოხდებოდა ამ ნაწილების – აფსიდის, კონქის, გუმბათის სფეროს, სამხრეთის კედლის, თაღების, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადების და სხვათა დეფორმირება.“ – აღნიშნულია ხიმშიაშვილის განმარტებაში. (ნჩ)
ფოტოები: ლევან ხიმშიაშვილის პირადი არქივი
ლიტერატურა/ბმულები
ლევან ხიმშიაშვილი. საიჟინრო საქმე და არქიტექტურის ძეგლთა გამაგრება (წირქოლის ტაძარი), ძეგლის მეგობარი 5, 1965
ბერიძე, ვახტანგ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. თბ., 1974. – გვ. 40-41
მაკალათია, სერგი. ქსნის ხეობა. თბ., 1968. გვ. 69-72.