Vake Park
არქიტექტორი ქუჩუ დგებუაძე
დენდროლოგი ნელი ციციშვილი
არქიტექტორები ნოდარ ჯობაძე, ვახტანგ აბრამიშვილი, თამაზ თევზაძე
მოქანდაკე ივანე პატარიძე
დიდების მემორიალი, 1981
არქიტექტორები ვლადიმერ ალქსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი
მხატვარი ზურაბ წერეთელი
მოქანდაკე გიორგი ოჩიაური
პროექტირება 1945 მშენებლობა 1946-1981
სტატუსი აშენებული
ფუნქცია პარკი
თავდაპირველი სახელწოდება ვაკის პარკი, გამარჯვების პარკი დღევანდელი სახელწოდება ვაკის პარკი
მდგომარეობა განახლებული, ნაწილობრივ სახეცვლილი
მისამართი ილია ჭავჭავაძის 76, თბილისი
Google maps
„ვაკის რაიონში, ყოფილი პლანეროდრომის ტერიტორიაზე დაიწყო ფიზკულტურისა და სპორტის დიდი პარკის მშენებლობა„ – წერს თბილისის მთავარი არქიტექტორი ზაქარია ქურდიანი გაზეთ „კომუნისტის“ 1945 წლის 23 სექტემბრის ნომერში. ამავე წელს დამტკიცდა „თბილქალაქპროექტში“ დამუშავებული პროექტი. იმ დროისათვის თბილისის ყველაზე დიდი პარკის პროექტის მთავარი არქიტექტორი იყო ქუჩუ დგებუაძე, დენდროლოგიური პროექტის ავტორი – არქიტექტორი ნელი ციციშვილი. დაგეგმილი იყო ხრიოკი ტერიტორიის გამწვანება ჭავჭავაძის პროსპექტს (ყოფილი ნიკო მარის, ყოფილი უნივერსიტეტის ქუჩა), ვაკის საცხოვრებელ კვარტლებს, ვაკის სასაფლაოსა და კუს ტბას შორის. რელიეფის თავისებურებებიდან გამომდინარე, პარკის ტერიტორია ორ ნაწილად იყოფოდა – დაახლოებით 30 ჰექტარი ფართობის, შედარებით ბრტყელი, ცენტრალური არეალი, და მის სამხრეთ და დასავლეთ საზღვრებზე არსებული, თრიალეთის ქედის საკმაოდ ციცაბო ფერდობები კუს ტბის არეალის ჩათვლით.
1945 წლის გენგეგმაზე ჩამოთვლილი ობიექტები ერთი ათეული წლის განმავლობაში შენდებოდა, გამწვანება კი მრავალწლიანი, განუწყვეტელი პროცესი იყო. ყველა სამშენებლო სამუშაო ტრესტ „თბილმშენმა“ შეასრულა.1981 წელს ვაკის პარკის ცენტრალური ღერძის გაგრძელებაზე დიდების მემორიალი გაიხნა, პარკს კი გამარჯვების პარკი დაერქვა.
ვაკის პარკი გაიხსნა 1951 წლის პირველ მაისს. მისი მთავარი შესასვლელი (არქ.: ქუჩუ დგებუაძე, ვახტანგ აბრამიშვილი) ჩრდილოეთის მხრიდან, ჭავჭავაძის პროსპექტზეა. მთელი პარკი ჭედური ღობით არის შემოსაზღვრული. სოციალისტური რეალიზმის სტილში აგებული, სიმეტრიულად განაწილებული თაღების, სვეტების, მოაჯირებისა და კიბეების ანსამბლი „ქალაქის ტიპის“ პარკის ცენტრალური ღერძის საწყისი წერტილია. აქედან პომპეზური კიბე შვიდი მეტრით დაბლა დაწეულ დონეზე ჩადის. პარკის ეს ნაწილი პირველ ეტაპზე, 1946-1947 წლებშია გაშენებული. მას რამდენიმე დამატებითი შესასვლელი ასევე აღმოსავლეთ (აბაშიძის და მოსაშვილის ქუჩებიდან) და დასავლეთ საზღვრებთანაც აქვს. მთავარი კიბიდან კარგად ჩანს რეგულარული დაგეგმარების სქემა – ცენტრალური ღერძი, დიდი და მცირე შადრევნები (არქ.: ნოდარ ჯობაძე, ვახტანგ აბრამიშვილი), სიმეტრიულად განაწილებული ყვავილების თარგები და ვეფხვის ფიგურები (მოქანდაკე: ივანე პატარიძე), სხივებად გაშლილი მთავარი და მეორეხარისხოვანი ხეივნები, ბილიკები და უკანა პლანზე კედელივით აღმართული ციცაბო ფერდობი. 1956-1957 წლებში დაპროექტებულ და აშენებულ ნაგებობათა შორისაა: საზაფხულო კინოთეატრი (არქ.: ნოდარ ჯობაძე, ვახტანგ აბრამიშვილი) კაფე-რესტორანი, საჩრდილობლები, პავილიონები (არქ.: ნოდარ ჯობაძე, თამაზ თევზაძე), საბავშვო და სპორტული მოედნები, გადასახედი (არქ.: თამაზ თევზაძე) და სხვა. 1956 წელს ქუჩუ დგებუაძის პროექტის მიხედვით აგებულია სტადიონი „ქარიშხალა“ 25 ათასი მაყურებლისთვის (შემდეგ – „ლოკომოტივი“, ამჟამად – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი). სტადიონს ჭავჭავაძის გამზირიდან საკუთარი შესასვლელი ჰქონდა. სტადიონის სპორტულ კომპლქსი შეიცავდა ფეხბურთის მოედანს ტრიბუნებით, სარბენ ბილიკებს, მოედნებს მსუბუქი ათლეტიკის სახეობებისთვის, მასობრივი თამაშებისთვის, გასახდელებს და სხვ.
ფერდობებზე ტყე-პარკის ტიპის გამწვანებაა დაგეგმილი. აქ მოწყობილი სასეირნო ბილიკები პარკის ქვედა ნაწილს კუს ტბასთან აკავშირებს. კუს ტბა პარკის შემადგენელი ნაწილი იყო. აქ გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურა საწყლოსნო სპორტული და წყნარი დასვენებისთვის. აშენდა ჭავჭავაძის პროსპექტიდან კუს ტბისკენ მიმავალი სამანქანო გზა, რომელიც პარკის დასავლეთ საზღვრად ითვლებოდა. 1966 წელს, ამ გზის დასავლეთ მხარეს გაიხსნა გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ (არქ.: ლონგინოზ სუმბაძე). მუზეუმის ტერიტორია ფერდობის 50 ჰექტარს მოიცავს, დაკავშირებულია კუს ტბასთან და ვაკის პარკის ბუნებრივ გაგრძელებად აღიქმება. კუს ტბაზე აშენდა წყლის სატუმბი სადგური, რომელსაც სარწყავი წყლით უნდა მოემარაგებინა პარკის უზარმაზარი ტერიტორია და კასკადის ჩანჩქერი. წყალი მდინარე მტკვრიდან იტუმბებოდა. დაგეგმილი იყო კუს ტბის პლატოს დაკავშირება სამანქანო გზით ვარაზისხევთან, ხოლო მოგვიანებით – მთაწმინდის პლატოსთანაც კი. 1966 წელს აშენდა ჭავჭავაძის პროსპექტისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა.
მოგვიანებით, პარკის ცენტრალური ღერძის გაგრძელებაზე დაიწყო დიდი კასკადის დაპროექტება (გეგმის ვარიანტები – არქ.: ქუჩუ დგებუაძე (1945 და 1951), ვახტანგ აბრამიშვილი (1959). საბოლოოდ, 1970-იან წლებში განხორციელებული, გამარტივებული ვარიანტი 1981 წელს გახდა დიდების მემორიალის ნაწილი (არქ.: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი. მხატვარი: ზურაბ წერეთელი. მოქანდაკე: გიორგი ოჩიაური). დიდების მემორიალის ქანდაკებათა ანსამბლი ნაწილობრივ განადგურებულია ან/და გადატანილია სხვა ადგილას.
დენდროლოგია
გახსნის მომენტისთვის, 1951 წელს, ვაკის პარკი უკვე 125 ჰექტარს მოიცავდა, მოგვიანებით კი მისი ტერიტორია მთის ფერდობების ხარჯზე 160 ჰექტარამდე გაიზარდა. ლიტერატურაში გვხვდება ცნობაც, რომ პარკის საპროექტო ფართობი 226 ჰა იყო. ტერიტორიის მომზადება გულისხმობდა მიწის სამუშაოებს, ჭაობების გაშრობას, ნიადაგის საფარის შექმნას და სხვა. ამ მომენტისთის პარკში უკვე 250 ათასი მწვანე ნარგავი ხარობდა. ცაცხვი, კედარი, ნეკერჩხალი, მუხა, და სხვა ფოთლოვანი და წიწვიანი ხეები. კაკლის და წაბლის ტყეები ცალკე მასივებადაც იყო გაშენებული და სხვა მცენარეებთანაც იყო შერეული. ისევე, როგორც ხეხილი – ალუბლის და ვაშლის ხეივნები და ფერდობებზე მოფენილი ცალკეული ხეები – ვაშლის, ატმის, ალუბლის, ხურმის, ნუშის ხეები, თუთა და სხვა. მარტო ტრამვაის ბოლო გაჩერებიდან, სადაც ფეხბურთის სტადიონის შესასვლელი იყო, სტადიონამდე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგული იყო 63 სახეობის ხე და ბუჩქი; სულ 18184 ერთეული.
ნელი ციციშვილთან ერთად დენდროლოგიური პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებდნენ მისი ახალგაზრდა კოლეგები და მოსწავლეები – ლანდშაფტის არქიტექტორები მანანა კობერიძე და გულიკო ქარუმიძე.
ფერდობების გარე საზღვრები ძირითადად ადგილობრივი ჯიშის ხეებით იყო გამწვანებული და ორგანულად ერწყმოდა გარშემო არსებულ ტყეებს.
1951 წელს, პარკის საზეიმო გახსნამდე ორი კვირით ადრე, გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებული დ.ამირანიძის სტატია ასე მთავრდება: „წლითიწლობით გაიზრდება პარკის მწვანე სამოსელი. ვაკის პარკი გადაიქცევა თბილისელთა საყვარელ დასასვენებელ ადგილად.“ მისი სიტყვები მხოლოდ ნახევრად გამართლდა – ნახევარი საუკუნის შემდეგ პარკის მწვანე სამოსელმა კლება დაიწყო, მის ტერიტორიაში აღარ ირიცხება კუს ტბა და მისი შემოგარენი, — ის გაიყიდა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული. დაიწყო ვაკის პარკის ქვედა ტერიტორიის დაქუცმაცებაც. ქალაქის მთავრობა ვერ ან არ გაუფრთხილდა თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარკის მთლიანობას, ვერ გააცნობიერა თუ რა კატასტროფული ზიანი მიადგებოდა ეკოლოგიას პარკის დიდი ტერიტორიების გასხვისების გამო. ასე აღმოცენდა ვაკის პარკის კონტურზე ჭავჭავაძის გამზირის გასწრივ საელჩოები, ფეხბურთის ფედერაციის შენობა და სხვა, ხოლო ფეხბურთის სტადიონთან საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია კერძო სკოლის მშენებლობას შეეწირა. 2013 წელს თბილისის მერიამ პარკის გულში, ყოფილი ორსართულიანი რესტორნის ადგილას შვიდსართულიანი კერძო სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა, რასაც მოსახლეობის უპრეცენდტო, ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც, როგორც ჩანს, გამარჯვებით დამთავრდა – სასტუმრო არ აშენდება.
ვაკის პარკი არა მხოლოდ თბილისელთა საყვარელი დასასვენებელი ადგილია, ის ლანდშაფტის არქიტექტურის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის დაცვა და შენარჩუნება ქალაქის მმართველობის და მოსახლეობის ვალდებულებაა. (ნჩ)
ფოტოები: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის პირადი არქივი, კიაზო ნახუცრიშვილის პირადი არქივი, ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი
ლიტერატურა/ბმულები
ქურდიანი, ზაქარია. თბილისი ახალ ხუთწლედში. გაზეთი „კომუნისტი”, 1945, ნომერი 189.
ამირანიძე, დ. ეს დღეები ვაკის პარკში. გაზეთი “კომუნისტი”, 195, ნომერი 86
(სტატიის ავტორი უცნობია) კულტურისა დასვენების ახალი კერა. დღეს იხსნება ვაკის პარკი. გაზეთი „კომუნისტი“, 1951, ნომერი 102
ჯაში, ნიკოლოზ. სოციალისტური თბილისის ხუროთმოძღვრება. თბილისი, 1983
Джанберидзе Н., Кинцурашвили С. Архитектура Советской Грузии. Тбилиси 1958
Квирквелиа, Тенгиз. Архитектура Тбилиси. Тбилиси 1982
რადიო თავისუფლება, ჯიმშერ რეხვიაშვილი. სიმართლე მწვანე თბილისზე. 08.07.2020.
გელა ჩარკვიანი და ლევან კალანდარიშვილი ლექცია „ვაკის პარკის ისტორია“ 09.10.2018.