აბრეშუმის მუზეუმი

Silk Museum

არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი

პროექტირება 1887 წლიდან მშენებლობა 1889-1891

სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

თავდაპირველი ფუნქცია მუზეუმი

დღევანდელი ფუნქცია იგივე

დღევანდელი სახელწოდება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

მდგომარეობა დაზიანებული

მისამართი გ. ცაბაძის ქ. 6, თბილისი
Google Maps

ალექსანდრე შიმკევიჩის აბრეშუმის მუზეუმი კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის კომპლექსის მთავარი შენობა იყო. აქ იმთავითვე განლაგებული იყო აბრეშუმის მუზეუმი, სადგურის ადმინისტრაციის ოფისები და სამეცნიერო ლაბორატორიები. სტილისტური თვალსაზრისით ნაგებობა ეკლექტურია, მასში შერწყმულია რუსული კლასიციზმის, ისლამური და რენესანსის არქიტექტურის ელემენტები.

გეგმაში შენობა ცენტრალური ღერძის მიმართ სიმეტრიულად განაწილებული ოთახებისა და დარბაზების კომპოზიციაა. სიმეტრიის ღერძზეა განლაგებული მთავარი სადარბაზო შესასვლელი ვესტიბიულითა და კიბის უჯრედით. ექსტერიერზე კარგად იკითხება გეგმის პრინციპი. მთავარი, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფასადის დანაწევრებას ემსახურება შუა და კუთხის რიზალითები. შესასვლელის მნიშვნელობას ხაზს უსვამს შუა რიზალითზე მიდგმული პორტიკი, რომელიც ორ მასიურ სვეტს ეყრდნობა და შენობასა და ბაღს შორის გარდამავალ სივრცეს ქმნის.

შენობა აგებულია წითელი აგურით. ამავე აგურითაა შესრულებული კარნიზები და ფასადების რელიეფური მარტივი ორნამენტები. შელესილია დეკორატიული პილასტრები, რომლებიც თავდაპირველად გეომეტრიული ორნამენტებით იყო მორთული. ინტერიერის დეკორი, რომელშიც აბრეშუმის ჭიის, პეპლის, თუთის ფოთლების მოტივებია გამოყენებული, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ შენობა მეცხრამეტე საუკუნეში სპეციალურად აბრეშუმის მუზეუმისთვისაა აგებული, რაც მას სრულებით უნიკალურს ხდის.

პირვანდელი სახითაა შემორჩენილი მუზეუმის მთელი ექსპოზიციისა და ბიბლიოთეკის ავეჯი, რომელიც შიმკევიჩის პროექტის მიხედვით იქვე, მუზეუმის სარდაფში იმ დროს მოწყობილ სადურგლო სახელოსნოშია დამზადებული.

2020 წელს დაიწყო შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია. (ნჩ)

ფოტოები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის არქივი, ნინო ჩაჩხიანი