Village development projects
არქიტექტორები ირაკლი მარგიშვილი, ლილი მჭედლიშვილი, დავით მორბედაძე, ნუგზარ დვალი – „საქსოფლმშენსახპროექტი“
პროექტირება 1970-იანი წლები მშენებლობა 1970-1980-იანი წლები
სტატუსი აშენებული
თავდაპირველი ფუნქცია საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობები
დღევანდელი ფუნქცია იგივე
მდგომარეობა სახეცვლილი, ნაწილობრივ მიტოვებული
მდებარეობა
ჭერემი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, კახეთის მხარე Google Maps
გუდანი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტი (ხევსურეთის თემი) Google Maps
შატილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტი (ხევსურეთის თემი) Google Maps
მეჯვრისხევი, გორის მუნიციპალიტეტი, ქართლის მხარე Google Maps
საქართველოს სოფლების განვითარების პროექტებზე მუშაობისას ირაკლი მარგიშვილისთვის გადამწყვეტი იყო რეგიონალური ნიშნები – კლიმატური პირობები, ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის ყოფითი ჩვევები, სოციალური და დემოგრაფიული თავისებურებები, ადგილობრივი სამშენებლო მასალები და ისტორიულად ჩამოყალიბებული სამშენებლო ტრადიციები.
საბჭოთა მთავრობის განსახლების სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნას, მოითხოვდა ქალაქგეგმარებითი, არქიტექტურული, საინჟინრო და სანიტარული საკითხების გადაწყვეტას. 1950-1960-იან წლებში მიმდინარებდა რაიონული დაგეგმარების პროექტების განხორციელება. ისტორიულად ჩამოყალიბებული სოფლებიდან „პერსპექტიულად“ ითვლებოდა ისეთი დასახლებები, რომლებიც გამოირჩეოდა შედარებით დიდი ზომით, განვითარებული საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურითა და კულტურულ-საზოგადოებრივი ინსტიტუციების არსებობით. ასეთი სოფლების ზრდა და განვითარება და მათში მოსახლეობის კონცენტრაციის ამაღლება უპერსპექტივო რაიონებიდან გადმოსახლების ხარჯზე უნდა მომხდარიყო. „უპერსპექტივოდ“ ითვლებოდა სოფლები, რომლებიც ცენტრალური, გამსხვილებული სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებიდან შორს იყვნენ. ასეთმა დაგეგმვამ გამოიწვია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების დაცარიელება, რაც დღესაც გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება.
1969 წელს გამოიცა საბჭოთა მთავრობის დადგენილება, რომელიც სოფლების მშენებლობის ახალ გეგმებს სახავდა და რესპუბლიკურ მთავრობებს ავალებდა მომავალი ხუთი წლის მანძილზე საპროექტო სამუშაოების ჩატარებას. როგორც ჩანს, ეს დადგენილება დაედო საფუძვლად საქართველოში რამდენიმე საინტერესო და საჭირო „ექსპერიმენტული“ პროექტის განხორციელებას – გუდანი და შატილი ხევსურეთში, ჭერემი კახეთში და სხვა.
ჭერემი
განსახლების პროცესის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ზღვის დონიდან 1 000 მეტრზე, გომბორის ქედზე გაშენებული ისტორიული სოფელი ჭერემი. აქ არის მეფე ვახტანგ გორგასლის დაარსებული ქალაქ ჭერემის ნაქალაქარი, სამაროვნები და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. 1950-იან წლებში ჭერემის მოსახლეობა იძულებით გადაასახლეს ბარში, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში. 1970-იან წლებში დაიწყო ჭერემის ახალი ცენტრის დაპროექტება და მშენებლობა, რომელიც ითვალისწინებს სოფლის ცენტრალური მოედნის განვითარებას, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და საცხოვრებელი შენობების მშენებლობას. (მარგიშვილი, მორბედაძე, მჭედლიშვილი, თენგიზ კვერცხიშვილი, ზურაბ ღონღაძე). 1978-1980 წლებში ჭერემის მოსახლეობამ შეძლო მშობლიურ სოფელში დაბრუნება, თუმცა შემდეგი სამი ათწლეულის მანძილზე, უკვე სხვა მიზეზების გამო, სოფელი ისევ დაიცალა.
გუდანი
სოფელი ხევსურეთში, ზღვის დონიდან 1 729 მეტრზე. სოფელთან ახლოს არის ხევსურთა მნიშვნელოვანი სალოცავი – გუდანის ჯვარი. ირაკლი მარგიშვილის, დავით მორბედაძის და ლილი მჭედლიშვილის პროექტის მიხედვით აგებული სამ და ოთხ სახლიანი ჯგუფები რელიეფს მიყვება და ორგანულად ერწყმის მას. ქვის ბანიანი სახლების საცხოვრებელი და სამეურნეო სივრცეები ციცაბო რელიეფის სხვადასხვა დონეზეა განლაგებული. ქვედა დონეზე ორსართულიანი საცხოვრებელია, მეორე სართული და ნახევრად ღია შიდა ეზო ერთ და იმავე დონეზეა, მესამე დონეზე კი პირუტყვის სადგომია, რომლის ბანზეც თივის შესანახი ადგილებია. 1985 წელს პროექტმა არქიტექტურის საერთაშორისო ბიენალეზე (INTERARCH-85) სოფიაში გრან-პრი დაიმსახურა.
შატილი
ისტორიული შატილი – ციხე-სოფელი, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე (პირიქითა ხევსურეთი), ზღვის დონიდან 1 400 მეტრზე მდებარეობს და თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. შატილი შეტანილია იუნესკოს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაში. ახალი პროექტი (მარგიშვილი, მჭედლიშვილი, ნუგზარ დვალი) ისტორიული ციხე-სოფლის გარეთაა განხორციელებული. გათვალისწინებულია ადგილობრივი ყოფა-ცხოვრების ტრადიციები და გამოყენებულია ადგილობრივი სამშენებლო მასალები. სახლები ქვითაა აგებული და მიჯრითაა აშენებული. ყოველ სახლს სამი საცხოვრებელი და ერთი სამეურნეო ოთახი აქვს, სახლის უკან კი პირუტყვის სადგომია.
მეჯვრისხევი
სოფელ მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის ექსპერიმენტული დასახლების პროექტი სრულებით სხვა ტიპისაა (მარგიშვილი, მორბედაძე, მჭედლიშვილი, ნ. ქურდიანი, თ. კვერცხიშვილი). განაშენიენება ბრტყელ რელიეფზეა გაშლილი. სწორხაზოვანი ქუჩების გასწვრივ ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ცალკე მდგომი საცხოვრებელი სახლებია. ქუჩებს შორის თავისუფალი სივრცეები პატარა კერძო ბაღებს უჭირავს. დასახლების შესასვლელთან დგას საბავშვო ბაღი, რომელიც ოთხი, დერეფნებით დაკავშირებული შენობისგან შედგება. აქედან ერთი ადმინისტრაციის სათავსებისთვისაა განკუთვნილი, სამი კი – კვადრატული ფორმის ჯგუფის ოთახებია, რომლებსაც მაღალი, კარვის მსგავსი სახურავები აქვთ. სახურავებს წვერზე შემინული კოშკურები ადგას, საიდანაც სინათლე ბავშვების სათამაშო სივრცეს ეფინება. (ნჩ)
ფოტოები: ირაკლი მარგიშვილის პირადი არქივი