მეტროს სადგური „300 არაგველი“

Metro station “300 Aragveli”

არქიტექტორები თამაზ თევზაძე, გიგა ბათიაშვილი – „თბილქალაქპტოექტი“, მეოთხე სახელოსნო

მოქანდაკე თეიმურაზ გიგაური

პროექტირება 1966-1967

სტატუსი აშენებული

ფუნქცია მეტროს სადგური

მდგომარეობა ნაწილობრივ სახეცვლილი

მისამართი ქეთევან დედოფლის გამზირი  54, თბილისი
Google maps

1967 წლის ნოემბერში გაიხსნა თბილისის მეტროს პირველი, დიდუბე-სამგორის (ახლა – ახმეტელი-ვარკეთილის) ხაზის სადგურები – “ლენინის მოედანი” (თავისუფლების მოედანი), “26 კომისარი” (ავლაბარი) და “300 არაგველი”. იმ დროისთვის უკვე მოქმედებდა სადგურები “დიდუბე”, “ელექტროდეპო”, “ოქტომბერი” (ნაძალადევი), “სადგურის მოედანი”, “მარჯანიშვილი“, “რუსთაველი” (ყველა 1966 წლიდან).

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ჯერ არ იყო მილიონიანი ქალაქი, რაც მეტროს ნებართვისთვის აუცილებელი პირობა იყო, 1951 წელს მაინც გადაწყდა აქ მეტროს აშენება. მშენებლობა რელიეფისა და გეოლოგიური პირობების გამო რთულ საინჟინრო პრობლემებთან იყო დაკავშირებული. პირველ ხაზს ორჯერ უნდა გადაეკვეთა მტკვრის ხეობა. ქალაქის ქვეშ ასაშენებელი იყო შვიდი ღრმა განლაგების სადგური (ღრმად ითვლება 20 მეტრზე მეტი სიღრმის სადგური. მაგალითად, მეტრო „რუსთაველის“ სიღრმე 60 მეტრია). დაწყებული საპროექტო, და ნაწილობრივ, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა ფინანსების სიმწირის გამო და მხოლოდ 1960-იან წლებში განახლდა, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა თბილისის მეტროს  არქიტექტურაზე.

როგორც ეს საბჭოთა ქალაქებში უკვე 1930-იანი წლებიდან იყო დამკვიდრებული, მეტროს დანიშნულება არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ მგზავრის ერთი წერტილიდან მეორეში გადაყვანა. საბჭოთა მეტრო, განსაკუთრებით კი მისი მიწისქვეშა ვესტიბიულების დიზაინი, ფაქტობრივად სოციალისტური წყობის პროპაგანდის იარაღად გამოიყენებოდა. პირვანდელი ჩანაფიქრის მიხედვით, თბილისის მეტროც ისევე პომპეზურად უნდა ყოფილიყო გაფორმებული, როგორც მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის. მაგრამ ისე მოხდა, რომ საპროექტო და სამშენებლო პაუზის გამო თბილისის მეტროს ახალი სადგურები უკვე მოდერნისტული არქიტექტურის ეპოქაში დაპროექტდა, როდესაც სახელმწიფო აღარ ითხოვდა “მიწისქვეშა სასახლეების” მშენებლობას. თამაზ თევზაძის პროექტების მიხედვით 1967 წელს აშენებული ორი მოდერნისტული პავილიონი – მეტროს სადგური “300 არაგველი”  და “ნაძალადევი” (ყოფილი – “ოქტომბერი”, რამაზ კიკნაძესთან ერთად) ქართული მოდერნიზმის საუკეთესო მაგალითებად შეიძლება ჩაითვალოს.

მეტროს სადგურ “300 არაგველის” ცალკე მდგომი პავილიონის არქიტექტურა მინიმალისტურია. შენობა მართკუთხა ფორმის გამწვანებულ ნაკვეთზე დგას. მთავარ შესასველელთან განლაგებული იყო პატარა დეკორატიული აუზი, მეორე მხარეს კი – ღია კაფე-სანაყინე. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში აუზის ადგილას გაჩნდა ახალი რესტორნის შენობა, რომელიც ფარავს მეტროს სადგურის მთავარ ფასადს და მთლიანად არღვევს გენგეგმის კონცეფციას.

ინტერიერის დიდ ნაწილს ვესტიბიულის ორსინათლიანი, სამხრეთის და აღმოსავლეთის მხარეს შემინული სივრცე შეადგენს, საიდანაც ესკალატორები მიწისქვეშა ბაქანთან ჩადის. ბრტყელი გადახურვა ძლიერ სვეტებს ეყრდნობა. დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს ორ სართულზე ტექნიკური სათავსები და ადმინისტრაციაა განლაგებული. მართალია, დეკორის მიმართ მოთხოვნები გამარტივებული იყო, მოსაპირკეთებლად მაინც ძვირადღირებული მარმარილო და გრანიტის ქვა გამოიყენებოდა. პილონები და სვეტები, მარმარილოთი, ხოლო იატაკები – გრანიტის ქვითაა მოპირკეთებული.

ხშირ შემთხვევაში, მეტროს სადგურის მიწისზედა და მიწისქვეშა სივრცეებს სხვადასხვა არქიტექტორი აპროექტებდა. “300 არაგველის” ქვედა ვესტიბიულის ავტორია გიგა ბათიაშვილი.  

ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეების შექმნილი დეკორატიული ელემენტები, მცირე რაოდენობით, მაგრამ დღესაც ამშვენებს თბილისის მეტროს. 300 არაგველი მეომრის ამსახველი სპილენძის შესანიშნავი ჭედური ბარელიეფის ავტორია მოქანდაკე თეიმურაზ (თენგიზ) გიგაური, გივი გიგაურთან ერთად.

თამაზ თევზაძის არქივში ინახება ფოტოები, რომლებზედაც პროექტის პირველი ვარიანტი – წრიული ფორმის შენობის მაკეტი და ჩანახატია. იქვე ავტორების გვარებია მიწერილი – გერა აჯიაშვილი და თამაზ თევზაძე. ამავე არქივშია მეტროს სადგურ “საოქტომბროსთვის” თევზაძის მიერ 1959 წელს გაკეთებული საკონკურსო პროექტის ინტერიერის ესკიზი. ის არ განხორციელებულა ამ სადგურში, მაგრამ “300 არაგველის” ვესტიბიულთან თითქმის იდენტურია. (ნჩ)