საქალაქო აეროსადგური

Airport’s City Terminal

არქიტექტორები დავით მორბედაძე, თამაზ თევზაძე, თეიმურაზ კანდელაკი – „თბილქალაქპტოექტი“

პროექტირება 1983-1984

სტატუსი განუხორციელებელი

ფუნქცია აეროპორტის საქალაქო ტერმინალი

მისამართი აკაკი წერეთლის ქუჩა 142, თბილისი
Google maps

გეგმაში მრგვალი, კოლოსალური მოცულობის „საქალაქო აეროსადგურის“ პროექტის ავტორები არიან დავით მობედაძე, თამაზ თევზაძე და თეიმურაზ კანდელაკი. პროექტი უნდა აშენებულიყო თბილისის მნიშვნელოვან სატრანპორტო კვანძთან – მეტრო და რკინიგზის სადგურ „დიდუბეს“ მიმდებარედ. შენობის ძირითადი ფუნქცია იყო მგზავრების მომსახურება, რეგისტრაცია და მათი მიყვანა 35 კილომეტრით დაშორებულ აეროპორტამდე. სადგური საათში 1100 მგზავრის მომსახურებისათვის იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, შენობაში განთავსებული უნდა ყოფილიყო ავიაციის ცენტრალური სააგენტო, სალაროები, სასტუმრო და რესტორანი.

თბილისის საქალაქო აეროვაგზალის პროექტზე მუშაობა „თბილქალაქპროექტში“ 1983 წელს დაიწყო და ერთი წელი გაგრძელდა. როგორც თამაზ თევზაძის ჩანახატებიდან ჩანს, შენობის ცენტრში განთავსებულია დიდი, ასევე მრგვალი ფორმის მრავალფუნქციური სივრცე. მოცულობის ქვედა ნაწილს წრიულად მიუყვება მძლავრი პილონების რიგი. ამ სამდონიან, ნახევრადღია სივრცეში ძირითადად მგზავრების შესასველები და ტრანსპორტის ცირკულაციისათვის საჭირო გზები, ასევე საერთო დანიშნულების სათავსები უნდა ყოფილიყო მოწყობილი. შენობის ზედა მოცულობას რგოლის ფორმა აქვს. აქ ორ სართულზე, დერეფნის ორივე მხარეს განლაგებულია სასტუმროს ნომრები.

როგორც არქიტექტორი კიაზო ნახუცრიშვილი აღნიშნავს „ავტორებმა მოახერხეს რთული სტრუქტურის შენობისათვის მოენახათ გეგმარებითი გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფდა რთულ ტექნოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას და, ამავე დროს, საინტერესო მოცულობით-სივრცობრივი და არქიტექტურულად ორიგინალური, დასამახსოვრებელი სახით წარმოგვიდგება. არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტისას ავტორები ეფუძნებოდნენ მოსაზრებას, რომ არსებულ ქაოსურ განაშენიანებასა და არაორგანიზებულ სივრცის მოსაწესრიგებლად მიზანშეწონილი იქნებოდა მასში კომპაქტური, ერთიანი და კომპოზიციურად არაორიენტირებული მოცულობის ჩასმა, რომელიც თავის თავზე აიღებდა წამყვან როლს სივრცის ორგანიზაციაში.“

საბჭოთა კავშირის არაერთი რესპუბლიკის დედაქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და ალმათში, ფუნქციონიერებდა ეგრეთ წოდებული საქალაქო აეროვაგზლის შენობები. თბილისის აეროსადგურის პროექტი არ აშენებულა. თამაზ თევზაძე 1998 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „თბილისელი“ აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებას მხოლოდ უსახსრობამ შეუშალა ხელი. (მგ)

ფოტოები: დავით მორბედაძის პირადი არქივი, თამაზ თევზაძის პირადი არქივი

ლიტერატურა/ბმულები

ნახუცრიშვილი, კიაზო: თეიმურაზ კანდელაკი. თბილისი 2003.
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, თბილისელი, 28.04.1998.