Aquatic Sports Complex
არქიტექტორები შოთა ყავლაშილი, რამაზ კიკნაძე, გურამ აბულაძე – „თბილქალაქპროექტი“, მეოთხე სახელოსნო
ინჟინერი როდამეს ღუდუშაური
მხატვარი ნიკოლოზ იგნატოვი
პროექტირება 1964 მშენებლობა 1968-1978
სტატუსი აშენებული
თავდაპირველი ფუნქცია საცურაო აუზი
დღევანდელი ფუნქცია უფუნქციო
დღევანდელი სახელწოდება ცენტრალური საწყლოსნო სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერე“
მდგომარეობა ნაწილობრივ განადგურებული
მისამართი მერაბ კოსტავას ქუჩა 34, თბილისი
Google Maps
თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ვერის პარკს შორის მდებარეობს საწყლოსნო-სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერე“. 1964 წელს საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტის“ მეოთხე სახელოსნოში არქიტექტორებმა შოთა ყავლაშვილმა, რამაზ კიკნაძემ და გურამ აბულაძემ დაიწყეს კომპლექსის პროექტზე მუშაობა, რომელიც 1978 წელს საზეიმოდ გაიხსნა და ლენინური კომკავშირის სახელი მიენიჭა. ეს იყო კავკასიის რეგიონში პირველი საწყლოსნო სპორტული კომპლექსი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს პასუხობდა – აქ ეწყობოდა საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები, ვარჯიშობდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები. 1982 წელს პროექტი დაჯილდოვდა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით და საკავშირო დათვალიერებაზე მიენიჭა პირველი ხარისხის პრემია სამშენებლო სამუშაოების ხარისხში.
კომპლექსის არქიტექტურა მკაცრ ფუნქციონალურ ხასიათს ატარებს. მის შუაგულში, ღია სივრცეში განთავსებულია სამი განსხვავებული ზომის საცურაო აუზი – დიდი სპორტული; ღრმა, ბეტონის სახტომი კოშკით და სასწავლო. აუზებს სამხრეთის მხრიდან 5 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები ესაზღვრება. მათ მოპირდაპირე მხარეს, გმირთა მოედანსა და სანაპიროს დამაკავშირებელი მაგისტრალის გასწვრივ, მდებარეობს ორი ცენტრალური შესასვლელი და სალაროები. ამ მთავარი ფასადის ყრუ კედელი გრძელი მოზაიკური პანოთია დეკორირებული. ამავე შენობაშია პრეს-კორპუსი, კომენტატორთა კაბინები, ტრიბუნები პრესის თანამშრომლებისა და სპორტსმენებისთვის.
შესასვლელები და ტრიბუნები ღია პანდუსებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ტრიბუნებქვეშა სივრცე სამსართულიანია. პირველ სართულზე განთავსებულია დახურული სასწავლო-საჭყუმპალაო აუზი, წყალში მხტომელთა სავარჯიშო დარბაზი, საგამოფენო, პრესკონფერენციების და საპრეზენტაციო დარბაზები; მეორე სართულზეა საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ოფისი, სამედიცინო და რეაბილიტაციის კაბინეტები ასევე საუნა; მესამე სართული კი მთლიანად სპორტთამაშების და სავარჯიშო დარბაზებს უკავია. შენობის სამშენებლო ფართი შეადგენს 10 250 კვადრატულ მეტრს, მისი სეისმურობა შვიდ ბალზეა გათვლილი.
მთავარი ფასადის მოზაიკური პანოსა და შიდა სივრცის ფერწერული მოხატულობის ავტორია ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი.
2000 წლიდან შენობა კერძო საკუთრებაშია. 2014 წელს კომპლექსი დაიხურა, 2015 წელს კი, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად შენობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამჟამად ის მიტოვებული და მიუვლელია. (მგ)
ინფო: ნინი ფალავანდიშვილი
ფოტოები: რამაზ კიკნაძის პირადი არქივი, შოთა ყავლაშვილის პირადი არქივი, საქართველოს ეროვნული არქივი, სიმონა როტა
ლიტერატურა/ბმულები