სერია 209

209 Series

არქიტექტორი ლონგინოზ სუმბაძე – „საქსახპროექტი“

კონსტრუქტორი ირაკლი ჯაფარიძე

პროექტირება 1947 მშენებლობა 1948-დან

სტატუსი აშენებული

თავდაპირველი ფუნქცია საცხოვრებელი

დღევანდელი ფუნქცია იგივე

მდგომარეობა გარემონტებული, სახეცვლილი

მდებარეობა ორასულ ვიქტორია, რუმინეთი
Goolge Maps

საცხოვრებელი სახლების „სერია 209“ არქიტექტორ ლონგინოზ სუმბაძისა და ინჟინერ ირაკლი ჯაფარიძის მიერ 1947 წელს „საქსახპროექტშია“ დამუშავებული.

სერია შეიცავს ქალაქის ტიპის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ოთხ ტიპს, ორ და სამოთახიანი ბინებით. ყველა ბინას აქვს განცალკევებული სანკვანძი და სამზარეულო. პირველი სართულის ბინებს აქვს პირდაპირი კავშირი ეზოსთან.  მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბე ღია სადარბაზოშია განლაგებული. დაპროექტებულია ნათელი, კარგი განიავების მქონე, ჯანმრთელი, მაღალჭერიანი (3.42 მ იატაკიდან იატაკამდე), საცხოვრებელი სახლები  სხვადასხვა ტიპის აივნებით, კუთხის ლოჯიებითა და ღია სადარბაზოებით. რამდენიმე დეკორატიული ელემენტი – აივნის მოაჯირები და მათი დეტალები, სახურავები, თაღები – ტრადიციული არქიტექტურის ელემენტებს შეიცავს. სერია 209 აშენდა საქართველოს რამდენიმე ქალაქში – გორში, რუსთავში და სხვა.

სერია 209-ის მარტივი და კარგი გეგმარება სხვადასხვა ადგილისთვის ადაპტაციის საშუალებას იძლეოდა, როგორც ეს ერთ საინტერესო შემთხვევაში მოხდა. 1949 წელს რუმინეთის ქალაქ ვიქტორიას ცენტრი, ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სუმბაძის სერია 209-ით  გაშენდა. ვიქტორია (ან ორასულ ვიქტორია) პატარა ინდუსტრიული ქალაქია. ის დაარსდა 1948 წელს, სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოში შენდებოდა მსხვილი ინდუსტრიული ქალაქი რუსთავი, სადაც სერია 209 შიდა კვარტალურ განაშენიანებაშია გამოყენებული.

საცხოვრებელი ბინებით მოსახლეობის უზრუნველყობა საბჭოთა კავშირის მთელი არსებობის მანძილზე დიდი პრობლემა იყო. პირველი ხუთწლედების დროს ბინათმშენებლობის მოცულობა ვერ ეწეოდა ქალაქების მოსახლეობის მკვეთრ ზრდას, რომელიც სწრაფი ინდუსტრიალიზაციით იყო გამოწვეული. მეორე მსოფლიო ომამდე მშენებლობის ტიპიზაციის მცდელობა მხოლოდ სტანდარტული სექციების გამოყენებით იფარგლებოდა. ომის შემდეგ, მშენებლობის გაიაფების მიზნით, დაიწყო ბინათმშენებლობაში ინდუსტრიული მეთოდებისა და ტიპური პროექტების მასიური განვითარების პროცესი. საპროექტო ორგანიზაციები ამუშავებდნენ საცხოვრებელი სახლების ე.წ. ტიპური პროექტების სერიებს ყველა რეგიონისთვის, როგორც სოფლებისთვის, ასევე ქალაქის საცხოვრებელი რაიონებისთვის. მათი არჩევა ხდებოდა საკავშირო და რესპუბლიკური კონკურსების შედეგად. დაწესებული მეთოდოლოგიით დაშვებული იყო ბინების გეგმების ვარიაბელობა, მაგრამ დაცული უნდა ყოფილიყო საერთო კონსტრუქციული პრინციპები, ტექნოლოგიები და არქიტექტურული სტილი. სამშენებლო მასალები და დეკორის ელემენტებიც კი, ინდუსტრიული წესით უნდა დამზადებულიყო.

სერიული განაშენიანების ომისშემდგომი პერიოდის რამდენიმე მაგალითი, მათ შორის, სუმბაძის სერია 209, ცხადყოფს, რომ ტიპური პროექტებით შესაძლებელია განაშენიანების მრავალფეროვნების მიღწევა და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

ინფო: ნოდარ სუმბაძე, ლევან კალანდარიშვილი
ფოტოები: ლონგინოზ სუმბაძის პირადი არქივი, ვ. გაგოშიძის “საცხოვრებელი სახლების დაპროექტება”

ლიტერატურა/ლინკები

გაგოშიძე, ვ. საცხოვრებელი სახლების დაპროექტება, თბილისი 1971.

დოლიძე, ვ. რუსთავი, თბილისი 1962.