თბილისის სპორტის სასახლე

Tbilisi Sports Palace

არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე – „თბილქალაქპროექტი“, მესამე არქიტექტურული სახელოსნო

ინჟინერი დავით ქაჯაია

პროექტირება 1956 მშენებლობა 1957-1961

სტატუსი აშენებული

თავდაპირველი ფუნქცია სპორტული დარბაზი

დღევანდელი ფუნქცია იგივე, საკონცერტო და კომერციული

მდგომარეობა ნაწილობრივ სახეცვლილი

მისამართი 26 მაისის მოედანი 1, თბილისი

თბილისის სპორტის სასახლე მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული არქიტექტურისა და საინჟინრო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია. არქიტექტორების – იური კასრაძისა და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის პროექტით აგებული შენობა 1961 წელს საზეიმოდ გაიხსნა. სპორტის სასახლის გუმბათის უნიკალური კონსტრუქცია ინჟინერ დავით ქაჯაიას მიერაა შემუშავებული.

სპორტის სასახლე საბურთალოზე, იმ დროს სწრაფად მზარდ, ახალ უბანში აშენდა. მის გარშემო იყო დიდი, გამწვანებული სივრცე და 400 მანქანის გასაჩერებელი ავტოსადგომი. თბილისის სპორტის სასახლის დაპროექტება “თბილქალაქპროექტში” 1956 წელს დაიწყო. როგორც იმ დროს გაზეთები წერდნენ, ეს უნდა ყოფილიყო სპორტსაზოგადოება “სპარტაკის” სადემონსტრაციო დარბაზი, რომელშიც კალათბურთის, ფრენბურთის, ტანვარჯიშის, ჩოგბურთის, კრივის, ფარიკაობისა და სპორტის სხვა სახეობების შეჯიბრებები უნდა ჩატარებულიყო.

გარედან სპორტის სასახლე ჰორიზონტალურ, მძიმე მოცულობად აღიქმება. ის რამდენიმე საფეხურით ამაღლებულ სტილობატზე დგას. გარე კედლები ეკლარის ღია ფერის ქვითაა მოპირკეთებული. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს გუმბათი ხუთთაღიან, მონუმენტურ გარე კედლებს ეყრდნობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს – ის შიდა პერიმეტრზე განლაგებულ მზიდ კედლებს უჭირავს, თაღებით კი შემოსაზღვრულია ნახევრად ღია გალერეები შესასვლელებით, რომელიც სამი მხრიდან სასახლის ინტერიერსა და ქალაქს შორის გარდამავალ სივრცეს ქმნის. მეოთხე, უკანა ფასადზე ადმინისტრაციისა და დამხმარე სათავსების შესასვლელებია. ოთხივე კუთხეში კიბეებია მოთავსებული.

გეგმაში კვადრატული შენობის ზომებია 83×83 მეტრი. გეგმა მარტივი და ფუნქციურია. დარბაზის ცენტრში, ვესტიბიულთან შედარებით 3.75 მეტრით დადაბლებულ დონეზე 25×45 მეტრი ზომის მართკუთხა სპორტული მოედანია მოთავსებული, რომელიც სპორტის სახეობის საჭიროებისამებრ ტრანსფორმაციას განიცდის. ტრიბუნების ქვეშ მცირე სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები, ბუფეტები, მსაჯებისა და მწვრთნელების ოთახები, დამხმარე სათავსები, ექიმის კაბინეტი და თამბაქოს მოსაწევი ოთახიც კი იყო დაგეგმილი. მოედანს ოთხივე მხარეს 10 000 მაყურებლისთვის განკუთვნილი ტრიბუნები აქვს. ამის გარდა, დამატებით, 2 000 მაყურებლის განთავსება ზედა დონის შემოსავლელ გალერეაზეა შესაძლებელი. შიდა კიბეებისა და შესასვლელების სქემა დარბაზის 10-12 წუთში დაცლას ითვალისწინებს.

დიდი განსხვავებაა შენობის ექსტერიერსა და დარბაზის ინტერიერის გრანდიოზულ სივრცეს შორის. მისი სიმაღლე სპორტული მოედნის დონიდან გუმბათის შიდა გარსამდე 35 მეტრს აღწევს. ზედა დონის შემოსავლელი გალერეა გახსნილია დარბაზისკენ, გარე კედელზე მას ფრიზივით ფანჯრების სამი ჰორიზონტალური რიგი შემოუყვება, საიდანაც დღის სინათლე დარბაზშიც აღწევს და ეს სინათლის სარტყელი გუმბათის უზრმაზარ ნახევარსფეროს თითქოს ჰაერში იტაცებს.

განუზომელი ღირებულება აქვს არქიტექტორ ლადო ალექსი-მესხიშვილის პირად არქივში დაცულ ჩანახატებსა და ესკიზებს – მთავარი ფასადის გადაწყვეტის ურიცხვი ვარიანტი სრულად წარმოაჩენს საბჭოთა  არქიტექტურის ისტორიის იმ გარდამავალი პერიოდის სურათს, როდესაც მთავრობის მიერ დაკანონებული ერთი სტილის მეორეთი ჩანაცვლება ხდებოდა. სპორტის სასახლე იმ დროის შესანიშნავი მოწმეა – ფასადების არქიტექტურა ჯერ კიდევ ორი ეპოქის საზღვარზეა. გარეგნულად, გუმბათიც ერთიანი კომპოზიციის ნაწილია, მაგრამ შინაარსით ეს წინასწარდამზადებული რკინაბეტონის პანალებით აწყობილი, მომავლის საინჟინრო კონსტრუქცია სრულებით პასუხობს მოდერნიზმის სულისკვეთებას.

გუმბათი

სპორტის სასახლის ცენტრალური ნაწილი გადაიხურა დავით ქაჯაიას მიერ შემუშავებული ანაკრები რკინაბეტონის გარსული კონსტრუქციით. გუმბათის დიამეტრი 76 მეტრია, ხოლო ამაღლების ისარი – 12.8 მეტრი. ის შედგება 480 ცალი წინასწარ დამზადებული ფილისაგან, რომლებიც ათ კონცენტრულ წრედ არის აწყობილი. ცენტრში დატოვებულია 13 მეტრი დიამტრის ღიობი, რომელიც განიავებისთვის გამოიყენება.

ასაწყობ ფილას გეგმაში ტრაპეციის ფორმა აქვს. ის რადიალურ ჭრილში საფეხურით შუაზეა გაყოფილი და აქვს ორი თარო ორ სხვადასხვა სიბრტყეში. აწყობილ მდგომარეობაში ქვედა თარო გუმბათის შიდა ზედაპირს ქმნის, ზედა კი – გარეს. ფილა შეიძლება იყოს  ნეკნებიანი ან გლუვი. მისი წონა ორიდან ოთხ ტონამდე მერყეობს. სპორტის სასახლის გუმბათი დამონტაჟებულია ორი ხუთტონიანი ამწის მეშვეობით, საყრდენი ხარაჩოების გარეშე, 28 სამუშაო დღეში – 1960 წლის 11 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე.

დავით ქაჯაიას არა მხოლოდ ამ გარსის კონსტრუქციისთვის, არამედ მისი მონტაჟის მეთოდისთვისაც საავტორო უფლება აქვს მინიჭებული.

მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 1958 წლის ნოემბერში, თუმცა ეს ვერ მოხერხდა მრავალი წინააღმდეგობის გამო, რაც სხვა მიზეზთა შორის, ქაჯაიას გუმბათის კონსტრუქციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა ექსპერტებმა გამოიწვიეს. მშენებლობის პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ დავა გუმბათთან დაკავშირებით ორწელიწადნახევარი გრძელდებოდა. ქაჯაიას არ მისცეს სპორტის სასახლის გადახურვის უფლება, სანამ გუმბათის იგივე პრინციპი უფრო პატარა ზომის შენობაზე არ გამოაცდევინეს – ასე მიიღო თბილისმა საჩუქრად დამატებითი, მოგვიანებით ფიგურული სრიალისთვის აღჭურვილი სპორტული დარბაზი.

შენობაზე 2005 წელს განხორციელებული ჩარევა მიზნად ისახავდა ზოგადი სტრუქტურისა და პირვანდელი დანიშნულების უცვლელად შენარჩუნებასა და კომერციული ფართების დამატებას. მუნიციპალური ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად სამუდამოდ დაიკარგა სპორტის სასახლის გარემომცველი სივრცეები. ოდესღაც მოედნის დომინანტური შენობა, უხარისხო ქაოტური განაშენიანებით გარშემორტყმული სპორტის სასახლე დღეს თითქმის აღარ ჩანს. (ნჩ)

ფოტოები: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის პერადი არქივი, დავით კაჯაიას პირადი არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული არქივი, როდამეს ღუდუშაურის პირადი არქივი

ლიტერატურა/ბმულები

На десять тысяч зрителей, „Вечерний Тбилиси“, 14.07.1956.

джанберидзе н, мачабели к, НОВЫЙ ТБИЛИСИ, 1981.

Тенгиз Квирквелиа, Архитектура Тбилиси, 1982.