უნივერსიტეტის ახალი კომპლექსი

New Campus of Tbilisi State University

არქიტექტორები შოთა კაჭკაჭიშვილი, ზურაბ კოპალაძე, ბიძინა მამინაიშვილი, ლერი მეძმარიაშვილი, ნოდარ მიქაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, სოლომონ რევიშვილი, ალექსანდრე საბაშვილი, დევი ჩოფიკაშვილი – „საქქალაქმშენსახპროექტი“

პროექტირება 1968-70 მშენებლობა 1971-89

სტატუსი დაუსრულებელი

თავდაპირველი ფუნქცია საუნივერსიტეტო კამპუსი

დღევანდელი ფუნქცია იგივე

მდგომარეობა სახეცვლილი, ნაწილობრივ განადგურებული

მისამართი უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი
Google Maps

1906 წელს დასრულდა თბილისის ქართული გიმნაზიის მშენებლობა სიმონ კლდიაშვილის პროექტის მიხედვით. ამ შენობაში 1918 წელს გაიხსნა ამიერკავკასიის პირველი უნივერსიტეტი, ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი. 1940 წელს არსებული შენობის გვერდით მიხეილ შავიშვილის მიერ დაპროექტებული უნივერსიტეტის მეორე კორპუსი აშენდა. ხოლო 1967-68 წლებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით გადაწყდა უნივერსიტეტის გაფართოება და საუნივერსიტეტო კამპუსის მშენებლობა, რის შემდეგაც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ სპეციალურ სხდომაზე დაამტკიცა ახალი კომლექსის მშენებლობის გენერალური გეგმა. თბილისის დასავლეთით, წყნეთისა და ბაგების მაღლობი გორაკებით შეზღუდულ მდინარე ვერეს ხეობაში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისათვის გამოიყო 240 ჰექტარი მიწის ფართობი. ამ ტერიტორიაზე უკვე არსებობდა უნივერსიტეტის მეათე კორპუსი, რომლის მშენებლობაც 1968 წელს დასრულდა შოთა კაჭკაჭიშვილის, მიხეილ შავიშვილის, ს. ბეჟანოვის და მ. შუბლაძის პროექტის მიხედვით.

უნივერსიტეტის გენგეგმის პროექტირებაზე გამოცხადდა საკავშირო კონკურსი. კონკურსში პირველი პრემია მიიღო „საქქალაქმშენსახპროექტის“ კოლექტივის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა, რომლის მთავარი არქიტექტორები ზურაბ კოპალაძე და დევი ჩოფიკაშვილი იყვნენ, პროექტის თანაავტორები კი ალექსანდე საბაშვილი, სოლომონ რევიშვილი, შოთა კაჭკაჭიშვილი. თუმცა აღნიშნული პროექტი მოგვიანებით არ დაამტკიცა საქართველოს სსრ „სახმშენმა“. გამოცხადდა ახალი კონკურსი, რომლის მიხედვითაც, ახლად შექმნილ კოლექტივს უნდა დაემუშავებინა გენგეგმის განსხვავებული ვარიანტები. გარდა უკვე არსებული ხუთი მონაწილისა სამუშაო ჯგუფს დაემატა ლერი მეძმარიაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, ნოდარ მიქაძე და ბიძინა მამინაიშვილი. 1970 წელს ცხრაწევრიანი კოლექტივის მიერ წარმოდგენილი ოთხი ვარიანტისაგან სახმშენმა უპირატესობა მიანიჭა ზურაბ კოპალაძის ხელმძღვანელობით დამუშავებულ პროექტს. შეთანხმების თანახმად, გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის ავტორად ითვლება ჯგუფის ყველა წევრი.

საქქალაქმშენსახპროექტში შეიქმნა ახალი სახელოსნო, რომელსაც თავდაპირველად ხელმძღვანელობდა სოლომონ რევიშვილი, 1977 წლიდან კი ლერი მეძმარიაშვილი. პროექტის მთავარ არქიტექტორად დაინიშნა ზურაბ კოპალაძე.

საუნივერსიტეტო კომპლექსის ახალი ტერიტორია დაყოფილი იყო სასწავლო-სამეცნიერო, სპორტულ, დამხმარე-სამეურნეო და საცხოვრებელ ზონებად. იგეგმებოდა მდინარე ვერე ჯებირებით შემოსაზღვრა და ღია აუზების და ხელოვნური ტბის მშენებლობა. პროექტის მიხედვით კამპუსის ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო ბოტანიკური ბაღი, ბიოლოგიური და მეტეოსადგურები, დახურული და ღია მოედნები ასევე სტადიონები და სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულება, ლაბორატორია და ადმინისტრაციული შენობა. მდინარე ვერეს მარცხენა სანაპიროზე განლაგებული იყო საცხოვრებელი ზონა, რომელიც საერთო საცხოვრებლ კორპუსებს და საცხოვრებელ კოტეჯების მოიცავდა და საფეხმავლო ხიდისა და საბაგიროს საშუალებით უკავშირდებოდა კომპლექსის დანარჩენ ტერიტორიას. 

საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა შეჩერდა 1989 წელს, დაუსრულებელი მშენებლობები მას შემდეგ მიტოვებულია.

განხორციელებულ ნაგებობებს შორის არის 1978 წელს დასრულებული საერთო საცხოვრებელი და საფეხმავლო ხიდი და 1971 გახსნილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეთერთმეტე კორპუსი. ამ პროექტების ავტორები არიან ზურაბ კოპალაძე, ლერი მეძმარიაშვილი და სოლომონ რევიშვილი. ასევე 1971 წელს დასრულდა ხუთ მილიონ წიგნზე გათვლილი სამეცნიერო ბიბლიოთეკის მშენებლობა შოთა კაჭკაჭიშვილის, ზურაბ კოპალაძის, ბიძინა მამინაიშვილის, ნოდარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე საბაშვილის და დევი ჩოფიკაშვილის პროექტის მიხედვით. (მგ)

ინფო: ზურაბ კოპალაძე
ფოტოები: ზურაბ კოპალაძის პირადი არქივი, ვენის არქიტექტურის ცენტრი, სიმონა როტა

ლიტერატურა/ბმულები

ლევან გედევანიშვილი, მომავალ თაობას – ძვირფასი საჩუქარი. გაზეთი თბილისის უნივერსიტეტის ხვალინდელი დღე (ზურაბ კოპალაძის პირადი არქივიდან)