პავილიონი ჭაჭის ცერემონიებისთვის

Pavilion for Chacha Ceremonies

არქიტექტორიები ალექსანდრე ბროდსკი, მარია კრემერ

მშენებლობა 2018

სტატუსი აშენებული

ფუნქცია პავილიონი ჭაჭის ცერემონიებისთვის

მდგომარეობა დანგრეული

მდებარეობა ვასილპეტრიაშვილის ქუჩა 1, თბილისი
Google Maps

ადამიანები სხედან შუაცეცხლის გარშემო და სვამენ ქართულ ჭაჭას. ნაგებობაში შესვლა ერთადერთი ღიობის მეშვეობით არის შესაძლებელი. სინათლეს ატარებს ფერადი მინის ბლოკებით აგებული კედელი – ეს თითქოსდა საკრალური ხასიათის მქონე პავილიონი ალექსანდერ ბროდსკის და მარია კრემერის პროექტის მიხედვით 2018 წელს თბილისის ცენტრში აიგო. თეთრი, მწვანე და ცისფერი მინის ბლოკებისაგან აგებული პავილიონი ჭაჭის ცერემონიებისათვის განსაკუთრებული იყო როგორც არქიტექტურულად, ასევე არსობრივად.

პავილიონის აგების იდეა გაჩნდა თბილისის ძველ საწყობში კვადრატული ფორმის მინის ბლოკების პოვნის შემდეგ. როგორც თავად ბროდსკი იხსენებს, 2018 წელს მას დაუკავშირდა კურატორი მიტია ბორისოვი, უამბო ბლოკების პოვნის შესახებ და შესთავაზა თბილისის ხელოვნების ბაზრობისათვის – TAF, ამ ბლოკებისაგან რაიმეს აშენება. ხელოვნების ბაზრობის ერთ-ერთ ადგილად პეტრიაშვილზე მდებარე ყოფილი პირველი ღვინის ქარხანა იქნა შერჩეული, რომელიც 1896 წელს დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით თბილისელი არქიტექტორის ალექსადრე ოზეროვის პროექტის მიხედვით აშენდა. სწორედ ამ ტერიტორიაზე, მთავარ შესასვლელთან აშენდა პავილიონი როგორც ერთ-ერთი ინტერაქტიული სივრცე. მშენებლობას ზუსტად ორი კვირა დასჭირდა.

ცილინდრული ფორმის ნაგებობა მაღალი კონუსისებრი გუმბათით არის გადახურული. პავილიონის ცენტრში, მინის ბლოკის პოდიუმზე მოთავსებულია კერა. შუაცეცხლის გარშემო მიმოფანტული ბოთლების ყუთები სკამების ფუნქციას ასრულებენ. ბლოკების რაოდენობამ განსაზღვრა როგორც 21.8 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე შენობის პროპორცია, ასევე მისი ერთადერთი კედლის სიმაღლე. მინის ბლოკები დამონტაჟებულია ფოლადის ჩარჩოზე. ალექსადრე ცუკერმანის მიერ შესრულებული გადახურვის ხის კონსტრუქცია ორივე მხრიდან რუბეროიდით არის დაფარული.

ქარხნის ტერიტორიაზე დავა უკვე წლებია გრძელდება. 2004 წლის შემდეგ ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა. ამჟამად მთელ ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 7 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს, არაერთი რესტორანი და მაღაზიაა განთავსებული. პავილიონი ჭაჭის ცერემონიებისათვის მისი არაკომერციული ხასიათიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, არ ესადაგებოდა მფლობელთა ხედვას ადგილის განვითარებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ისინი ვერ მიხვდნენ, თუ რა მნიშვნელობა ექნებოდა თბილისში ბროდსკის მიერ აშენებული ასეთი ობიექტის შენარჩუნებას. (მგ)

ინფო: დავით ბროდსკი
ფოტოები: ალექსანდრე ბროდსკი, იური პალმინი

ლიტერატურა/ბმულები

Tarabarina, Julia. The Temple of Hospitality (25.12.2018)