სამწევრისის წმინდა გიორგის ეკლესია

Samtsevrisi church of St. George

პროექტის ავტორი ლევან ხიმშიაშვილი – სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნო

რესტავრაცია 1951 წელი

სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

თავდაპირველი ფუნქცია ეკლესია

დღევანდელი ფუნქცია იგივე

მდებარეობა სოფელი სამწევრისი, ქარელის რაიონი, შიდა ქართლი
Google Maps

VII საუკუნეში აგებული სამწევრისის ეკლესია 1940 წლის მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. ძეგლის შემორჩენილ კედლებს სხვადასხვა სიდიდის გადახრები და ჯდენები გაუჩნდა, ხოლო გუმბათი ჩამოინგრა. აღდგენითი სამუშაოები ლევან ხიმშიაშვილის პროექტის მიხედვით ანასტილოზის მეთოდით ჩატარდა. საჭირო იყო ურთულესი კონსტრუქციული საკითხების გადაწყვეტა. თავდაპირველად განიხილებოდა აღდგენის ორი ვარიანტი:

პირველი გულისხმობდა დაკარგული კედლების ამოყვანას შვეული სიბრტყეების შენარჩუნებით, რითაც ადვილდებოდა სამუშაოთა წარმოება, მაგრამ ამოყვანილ და ძველ კედლებს შორის ჩნდებოდა დამატებითი – ძეგლისთვის უჩვეულო 22 სანტიმეტრიანი არე (ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხის გადახრის სიდიდე ჩრდილოეთის მიმართულებით).

მეორე ვარიანტი ითვალისწინებდა დაკარგული კედლების აღდგენას იმ მომენტისათვის არსებული გადახრების შენარჩუნებით. ეს იძლეოდა წყობის ნაკერების სწვრივობის შენარჩუნების საშუალებას, უცვლელი რჩებოდა ფასადების თავდაპირველი ზომები, ზუსტად ერთდებოდა ახალი და ძველი წყობა, ჩანამატების გარეშე აღსდგებოდა თავისივე ქვებით სფერული და ცილინდრული თაღები. 

სირთულისა და სიძვირის მიუხედვად, მიღებულ იქნა მეორე ვარიანტი. ამ წესით აღდგენის შემდეგ ძეგლის მთლიანი მოცულობა დარჩა გადახრილი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, რაც თვალისათვის შეუმჩნეველია, რადგან მის სიახლოვეს არ არსებობს მკვეთრი ვერტიკალები. 

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი მცირე ზომისაა, კარგად შერჩეული ადგილმდებარეობის გამო ის შორიდანაც კარგად მოჩანს და ყურადღებას იქცევს თავისი ჰარმონიული პროპორციებითა და მოცულობათა დახვეწილობით. (ნჩ)

ფოტოები: ლევან ხიმშიაშვილის პირადი არქივი

ლიტერატურა/ბმულები

“Historic Preservation” №10 -ში (ამჟამად “Preservation” – Magazine of the National Trust for Historic Preservation, Washington D.C.)

ხიმშიაშვილი, ქეთევან. ლევან ხიმშიაშვილი (26.05.2013)