Kandelaki, Teimuraz
* 25.02.1928 თბილისი, საქართველო
† 21.12.2003 იქვე
არქიტექტორი, მეცნიერი
თეიმურაზ (თემო) კანდელაკმა 1945 წელს სწავლა დაიწყო საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. მეორე კურსზე გადავიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1952 წელს და დაიწყო მუშაობა „თბილქალაქპროექტში“.
1954-1955 წლებში მუშაობდა მოსკოვის „სოიუზგიპროტორგში“. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, 1956 წელს, მუშაობა განაგრძო „თბილქალაქპროექტში“ ჯგუფის ხელმძღვანელად; 1960 წლიდან „საქქალაქმშენსახპროექტში“ პროექტის მთავარ ინჟინრად და სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელად. ეს ჯგუფი 1961 წელს შეუერთდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ტიპიზაციის განყოფილებას, რაც საფუძვლად დაედო „თბილზნიიეპის“ დაარსებას. ამ ინსტიტუტში კანდელაკი იყო საზოგადოებრივი შენობების ტიპოლოგიის განყოფილების უფროსი. 1964-1973 წლებში ის მუშაობდა კულტურის სამინისტროს სახვითი ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსად. 1973 წლიდან კი ისევ „თბილქალაქპროექტში“, დირექტორის მოადგილისა და ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე. 1974 წელს მიიღო დოცენტის სამეცნიერო წოდება.
შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლების აზომვები და 100-ზე მეტი პროექტის ექსპერტიზა. 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და 1985 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1997-1998 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, სამეცნიერო საბჭოსა და სახელმწიფო საატესტაციო კომისიის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური და თბილისის მთავარი არქიტექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
თეიმურაზ კანდელაკი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967). მიღებული აქვს: ღირსების ორდენი და ახალგაზრდა არქიტექტორთა საბჭოს საპატიო სიგელი პროექტისთვის „არქიტექტორთა კავშირის აგარაკები წყნეთში“ (1956); პირველი პრემია ვახტანგ გორგასლის ძეგლის კონკურსში (1959); საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პირველი პრემია ტიპური საზაფხულო კინოთეატრის პროექტისათვის (1957); სახმშენის პირველი პრემია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდობის მეგობრობის მონუმენტისათვის (1959); სახმშენის მესამე პრემია საქართველოს პავილიონის პროექტისთვის მოსკოვის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე (1959).
ინფო: დავით კანდელაკი
ფოტოები: თეიმურაზ კანდელაკის პირადი არქივი, დავით მორბედაძის პირადი არქივი
ძირითადი პროექტები
– პავილიონები პარკში მთაწმინდის პლატოზე, თბილისი 1953
– არქიტექტორთა კავშირის დასასვენებელი სახლები წყნეთში, 1955 (დავით მორბედაძე, თეიმურაზ კანდელაკი)
– „ტრანსწყალმშენის“ საცხოვრებელი სახლი, დავითაშვილის ქ., თბილისი 1955
– საცხოვრებელი სახლი, მცხეთის ქ. 2, თბილისი, 1962 (რევაზ ბაირამაშვილი, დავით მორბედაძე, თეიმურაზ კანდელაკი. კონტრუქტორი: გურამ მებუკე)
– კაფე კოსტავას ქუჩაზე (ყოფ. ლენინის ქ.) თბილისი 1960 (ვახტანგ აბრამიშვილი, რევაზ ბაირამაშვილი, დავით მორებედაძე, თეიმურაზ კანდელაკი)
– ვახტანგ გორგასლის ძეგლის არქიტექტურა, თბილისი 1967 (მოქანდაკე: ელგუჯა ამაშუკელი, არქიტექტორები: დავით მორბედაძე, თეიმურაზ კანდელაკი)
– ერეკლე მეორისა და ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვები, სვეტიცხოველი, მცხეთა 1969
– ერეკლე მეორის ძეგლის არქიტექტურა, თელავი 1971 (მოქანდაკე: მერაბ მერაბიშვილი)
– საცხოვრებელი სახლი, ცაგერის ქ. 4, თბილისი 1973
– საქალაქო აეროვაგზალი, თბილისი 1984 (თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე, თამაზ თევზაძე) განუხორციელებელი
– ქალაქ მცხეთის ჩრდილოეთის შესასვლელი, 1984
კულტურის მემკვიდრეობის ძეგლების ანაზომები და რესტავრაციის პროექტები
– სნექვის ეკლესია, 1947
– აწყურის ციხე (თეიმურაზ კანდელაკი, ვ.წილოსანი, ოთარ კალანდარიშვილი), ოქროს ციხე, სლესის ციხე, წრიოხის ციხე, 1949
– საყუნეთის ეკლესია, 1949 (თეიმურაზ კანდელაკი, ოთარ კალანდარიშვილი)
– რუისის ტაძრის არქეოლოგიური ანაზომი, 1951 (თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე)
– განთიადის ბაზილიკის რესტავრაციის პროექტი და მეცნიერული დასაბუთება, 1952 (თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე)
– ბაგრატის ტაძრის არქეოლოგიური ანაზომი, 1954 (თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე, ვახტანგ ცინცაძე)
– გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ანაზომები, 1954 (რუსუდან მეფისაშვილი, თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე)
– რუისის ტაძრის რესტავრაციის პროექტი და მეცნიერული დასაბუთება, 1952
– თაბორის ეკლესიის ანაზომი, 1953
პუბლიკაციები
– თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე, განთიადის ბაზილიკის რესტავრაციის პროექტის მეცნიერული დასაბუთება, 1951
– თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე. არქიტექტურის სწავლების შესახებ, საბჭოთა ხელოვნება, 1956
– თეიმურაზ კანდელაკი, ბიძინა მამინაშვილი, ქ.ბირკაია. საქართველოს ტერიტორიის სამშენებლო-კლიმატური რაიონირება, 1962
– თეიმურაზ კანდელაკი, სანატორიუმების შენობებისადმი არქიტექტურულ გეგმარებითი მოთხოვნების სამედიცინო წინამძღვრები, 1962
– თეიმურაზ კანდელაკი, წინადადებები სანატორიუმების შენობათა ტიპიზაციისთვის. „მშენებლობა და არქიტექტურა, 3, 1963
– თეიმურაზ კანდელაკი, კლიმატური რაიონირება, სანატორიუმების შენობებისადმი არქიტექტურულ გეგმარებით მოთხოვნათა მნიშვნელოვანი წინამძღვარი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შრომები, 1964
– თეიმურაზ კანდელაკი, სიმონ კინწურაშვილი. საქართველოს კურორტების მომავალი. საბჭოთა ხელოვნება. 1, 1967 თბილისი
– თეიმურაზ კანდელაკი, მოსაზრებანი ძველი თბილისის რეკონსტრუქციის შესახებ. ძეგლის მეგობარი. 2. 1970. თბილისი
ლიტერატურა/ბმულები
ნახუცრიშვილი, კიაზო. თეიმურაზ კანდელაკი, არქიტექტორი. მეცნიერება, თბილისი 2003