ვიქტორ კოკორინი

Viktor Kokorin

* 19.12.1886 მოსკოვი, რუსეთი

† 29.01.1959 იქვე

არქიტექტორი

ვიქტორ დიმიტრის ძე კოკორინი იყო მოსკოვის არქიტექტურული სკოლის ცნობილი წარმომდგენელი და გამოჩენილი პედაგოგი. სტროგანოვის სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1901 წელს, ის შევიდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში (МУЖВЗ), რომელიც 1912 წელს პირველი ხარისხის დიპლომით და არქიტექტორის წოდებით დაამთავრა. 1913-1921 წლებში მუშაობდა ალექსეი შჩუსევთან „არქიტექტორის თანაშემწედ“ მოსკოვის ყაზანის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე. 1918 წლიდან მუშაობდა შჩუსევის ასისტენად და პედაგოგად მეორე თავისუფალ სახელმწიფო არქიტექტურულ-სამხატვრო სახელოსნოებში (СГХМ), რომელიც 1920 წელს გადაკეთდა ცნობილ „ვხუტემას“-ად (ВХУТЕМАС), 1927 წლიდან კი – „ვხუტეინ“-ის (ВХУТЕИН) სახელით იყო ცნობილი. ამავე დროს ის მუშაობდა ალექსეი შჩუსევთან „მოსსოვეტთან“ არსებული საპროექტოს მეორე სახელოსნოში არქიტექტორად. 1933-1941 წლებში ვიქტორ კოკორინი იყო მოსსოვეტის მეათე სახელოსნოს უფროსი, მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის პროფესორი (1946), 1949 წლიდან ამავე ინსტიტუტის „საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების“ კათედრის გამგე და პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში. 1934-1948 წლებში კოკორინი ასწავლიდა არქიტექტურული პროექტირების კათედრაზე არქიტექტურის აკადემიის ასპირანტურის ინსტიტუტში. 1919 წლიდან კოკორინი ასევე ასწავლიდა სხვადასხვა სამშენებლო-საინჟირო ტექნიკუმში და უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში (მაგ. МИГИ), 1932-1938 წლებში იყო სამხედრო-საინჟინრო აკადემიის კათედრის გამგე, პროფესორი და სხვა. 1953-1956 წლებში მან გამოსცა სახელმძღვანელო არქიტექტურული უმაღლესი სკოლებისთვის „საცხოვრებელი სახლების არქიტეტურული დაპროექტება“, რომელიც აჯამებს მის პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ვიქტორ კოკორინს მიენიჭა არქიტექტურის დოქტორის ხარისხი (1948), იყო სსრკ-ის არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მიღებული აქვს ლენინის ორდენი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის (1951) და საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

კონკურსები

– ქარხნის სახალხო სახლის პროექტი ნიჟეგოროდის გუბერნიაში-მეორე პრემია 1915

– მოსსოვეტის თეატრის კონკურსი (ვიქტორ კოკორინი და ვლადიმიროვი, ბაზილევიჩის მონაწილეობით) – მეორე პრემია, 1934

– საქართველოს მთავრობის სასახლე, თბილისი, (ვიქტორ კოკორინი, ვლადიმიროვის, ადრიანოვის, ჩურაკოვას და გიორგი ლეჟავას მონაწილეობით) – პირველი პრემია 1934

– მოსკოვის მეტროს სადგურების „კომსომოლსკაია“ და „არბატსკაია“- პროექტები, 1935

– დახურული კონკურსი ალმა-ატას, ყაზახეთი, თეატრის პროექტი (ვიქტორ კოკორინი და ვლადიმიროვი) 1936

– იუსტიციის სახალხო კომისარიატის შენობა, მოსკოვი – პირველი პრემია, 1938

– იუსტიციის სახალხო კომისარიატის შენობა, მოსკოვი – პირველი პრემია, 1938

– მოსკოვის ოლქის პავილიონი სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე მოსკოვში – პირველი პრემია, 1939

– საქართველოს მთავრობის სასახლე, თბილისი, (ვიქტორ კოკორინი, გიორგი ლეჟავა) – პირველი პრემია, 1946

ძირითადი პროექტები

– რამდენიმე აგარაკი მოსკოვთან, 1913 წლიდან

– მოსკოვის ყაზანის რკინიგზის სადგური (ალექსეი შჩუსევის სახელოსნო) 1913-1940

– მთავარი პავილიონი, თეატრი, მეცხოველეობის პავილიონი, სამჭედლო, და სხვ. პროექტები, რუსეთის პირველი სასოფლო-სამეურნეო კუსტარულ-სამრეწველო გამოფენის პროექტში (ჟოლტოვსკისა და ალექსეი შჩუსევის ხელმძღვანელობით) 1922-1923

– პავილიონი „მექანიზაცია“ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე მოსკოვში (ჟოლტოვსკი, ვიქტორ კოკორინი, პარუსნიკოვი), 1923

– ფაბრიკა „კრასნი პროლეტარი“-ს ახალი კორპუსები, მალაია კალუჟსკაია15, მოსკოვი (ბოლდირევი, ვიქტორ კოკორინი) 1927-1928

– ნავთობის ინსტიტუტი, ლენინის პროსპექტი 33, მოსკოვი (ვუტკე, ვიქტორ კოკორინი) 1931

– ყირიმის ხიდის ესკიზური პროექტი (ვიქტორ კოკორინი, მარიამ ჯანდიერი, გიორგი ლეჟავა) 1935

– სოციალისტური კულტურის სასახლე, უფა, ბაშკირეთის ასსრ (ვიქტორ კოკორინი, ბაზილევიჩი), 1934-1936

– მცირე კრასნოხოლმსკის ხიდი, მოსკოვი, რუსეთი (ინჟნერი: იმენიტოვი) 1936

– სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინსტიტუტების შენობები, ლენინის პროსპექტი, მოსკოვი (ალექსეი შჩუსევის სახელოსნო) 1936-1938

– საქართველოს მთავრობის სასახლე (ახლა – პარლამენტი), ზედა კორპუსი, ათარბეგოვის ქუჩა, თბილისი, (ვიქტორ კოკორინი, გიორგი ლეჟავას მონაწილეობით), 1938

– ჩკალოვის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი, მოსკოვი 1939

– საცხოვრებელი სახლი (დომ გიდროპროექტა), სადოვაია-ჩერნოგრიაზსკაია 11-13, მოსკოვი, რუსეთი, 1940

– საცხოვრებელი სახლი, სმოლენსკი ბულვარი 14-22, მოსკოვი (ვიქტორ კოკორინი, მარიამ ჯანდიერი) 1940

– დიდი კრასნოხოლმსკის ხიდი, მოსკოვი, რუსეთი (ინჟინერი: ვახურკინი) 1936– ნოვგოროდის აღდგენის პროექტი (ალექსეი შჩუსევი, ვიქტორ კოკორინი) 1943-1944

– სუხანოვოს კარ-მიდამოს მთავარი სახლის (არქიტექტორთა კავშირის დასასვენებელი სახლი) რეკონსტრუქცია, მოსკოვის ოლქი, 1936 და 1946

– საქართველოს მთავრობის სასახლე (ახლა – პარლამენტი), მთავარი კორპუსი, რუსთაველის პროსპექტი, თბილისი, (ვიქტორ კოკორინი, გიორგი ლეჟავა), 1953

– მეტროს სადგური “კომსომოლსკაია” (წრიული), მოსკოვი, რუსეთი. (ალექსეი შჩუსევის უკანასკნელი, ესკიზური პროექტის მიხედვით. ვიქტორ კოკორინი, ზაბოლოტნაია) 1951-1956

ლიტერატურა/ბმულები

ავტორების კოლექტივი, არქტიქტურული სახელოსნოების ნამუშევრები. ტ.2. სახელოსნო N° 10, 1936 (რუს) Работы архитектурных мастерских. Т 2. мастерская N° 10, 1936)

ლარისა ივანოვნა-ვეენ, კოკორინის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი (რუს) Л.И. Иванова-Веэн, В. Д. Кокорин – Педагог Московской архитектурной школы. К 130-летю со дня рождения архитектора. МАИ (государственная академия), Москва, Россия

ანასტასია ფირსოვა, მოსპროექტი. მეათე სახელოსნო (რუს) МОСПРОЕКТ. МАСТЕРСКАЯ № 10

კომენტარის დატოვება