* 04.07.1903 სოფ. ლახუნდარა, ხარაგულის მუნიციპალიტეტი
† 06.01.1977 თბილისი
არქიტექტორი
გიორგი ლეჟავამ 1920 წელს დაიწყო სწავლა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში სამშენებლო განყოფილებაზე, პარალელურად სწავლობდა ხატვას მოსე თოიძის სტუდიაში. 1923-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე, სტუდენტობის დროს იღებდა მონაწილეობას არქიტექტურული ძეგლების აზომვაში ნიკოლოზ სევეროვის ხელმძღვანელობით. 1927-1928 წლებში მუშაობდა არქიტექტორის თანაშემწედ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საპროექტო სახელოსნოში. 1928 წელს სადიპლომო პროექტის („კინო-ფაბრიკა“) მოსამზადებლად, მუშაობდა მხატვარ-არქიტექტორად კინოსტუდიაში, მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთეს“ გადამღებ ჯგუფში.
სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში და დაიწყო მუშაობა ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს საპროექტო-საკონსულტაციო ტრესტში, 1931 წელს გიორგი ლეჟავა გააგზავნეს ასპირანტურაში მოსკოვში, სადაც მან მუშაობა დაიწყო თემაზე „საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრება“. პარალელურად მუშაობდა არქიტექტორად ალექსეი შჩუსევთან „მოსსოვეტის“ (მოსკოვის საქალაქო საბჭოს საპროექტო) მეორე სახელოსნოში. 1934 წელს გადავიდა იმავე საპროექტოს მეათე სახელოსნოში, რომელსაც ვიქტორ კოკორინი ხელმძღვანელობდა. 1931-1936 წლებში ის ასევე მუშაობდა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში პედაგოგად. 1938 წელს გიორგი ლეჟავა გახდა საბჭოთა კავშირის არქიტექტურის აკადემიის ასპირანტი, საიდანაც 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, გააგზავნეს სტალინგრადის ოლქში ევაკუირებულთათვის სახლების ასაშენებლად. იქიდან კი – 1942 წელს გაუშვეს ფრონტზე რიგით ჯარისკაცად. ამავე წელის ის ტყვედ ჩავარდა და მოთავსებულ იქნა კალაფატის საკონცენტრაციო ბანაკში რუმინეთში, საიდანაც 1944 წელს საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა და დააბრუნა ფრონტზე.
1947 წლიდან გიორგი ლეჟავა მუშაობდა სახელოსნოს უფროსად საქსახპროექტში, იმავე დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის კათედრაზე. 1965 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად და 1966 წლიდან ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის მთავარ არქიტექტორად.
გიორგი ლეჟავა იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961) და არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი, დისერტაციის თემა: „სვანური საცხოვრებელი სახლი“ (1964).
კონკურსები, გამოფენები
– დახურული კონკურსი „კომუნალური მუზეუმი თბილისში“, პირველი პრემია, 1929
– მრეწველობის სახლი თბილისში, პირველი პრემია, 1930
– ტექნიკის სასახლე მოსკოვში (მარიამ ჯანდიერი, გიორგი ლეჟავა), 1933
– პანთეონი მოსკოვში (მარიამ ჯანდიერი, გიორგი ლეჟავა), 1933
– საქართველოს მთავრობის სასახლე, პირველი ადგილი (ვიქტორ კოკორინი, გიორგი ლეჟავას მონაწილეობით), 1935
– მეტეხის მუზეუმი, პირველი პრემია, 1939
– „საქართველოს მთავრობის სახლის მთავარი კორპუსი“, პირველი პრემია (ვიქტორ კოკორინი, გიორგი ლეჟავა),1946
– „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობათა კომპლექსი“, პირველი პრემია, 1947
– საქართველოს პავილიონი სახალხო მიღწევათა გამოფენისთვის მოსკოვში (გიორგი ლეჟავა, ლეო მამალაძე), მეორე პრემია (პირველი პრემია არ გაცემულა) 1959
ძირითადი პროექტები
– სახელმწიფო სადაზღვევო სალარო, თბილისი 1927
– ვაჭრობის მუშაკთა კლუბი, მარჯანიშვილის ქ. თბილისი 1929. განუხორციელებელი
– საცხოვრებელი სახლები საბჭოთა მეურნეობისთვის „კენაფი“, და საცხოვრებელი სახლები კურორტ წაღვერში, 1929
– ბაქოს ნავთობის ინსტიტუტის სტუდქალაქი, აზერბაიჯანი 1928-1930 (ანატოლი კალგინი, გიორგი ლეჟავა),
– ორდარბაზიანი კინოთეატრი მოსკოვიში, 1933, (მარიამ ჯანდიერი, გიორგი ლეჟავა)
– ამიერკავკასიის რესპუბლიკის პავილიონი სახალხო მიღწევათა გამოფენაზე, მოსკოვი 1939 (გიორგი ლეჟავა, არჩილ ქურდიანი). დანგრეული
– საქართველოს მთავრობის სასახლე, პირველი ეტაპი, ზედა კორპუსი, თბილისი, რუსთაველის გამზირი, 1933-1938 (ვიქტორ კოკორინი, გიორგი ლეჟავა)
– საქართველოს მთავრობის სასახლე, მეორე ეტაპი, მთავარი კორპუსი, თბილისი, რუსთაველის გამზირი, 1946-1953 (ვიქტორ კოკორინი, გიორგი ლეჟავა)
– კულტურისა და დასვენების პარკი, გურჯაანი 1950 (პროექტი შესრულებულია მოხალისეობრივ საწყისებზე)
– რკინიგზის პლატფორმა „აგარაკი“ (ახლა „ფსირცხა“), ახალი ათონი 1952-1954
– ჩუღურეთის უბნის რეკონსტრუქცია, თბილისი 1957, საპროექტო წინადადება
– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომპლექსის გენგეგმა, თბილისი 1946. მეორე, გადამუშავებული პროექტი, 1960-იანი წლები.
– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა „მეცნიერება“, თბილისი 1960
– ხელნაწერთა ინსტიტუტი (ახლა: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მეცნიერებათა აკადემიის კომპლექსი, თბილისი 1966 (გიორგი ლეჟავა, თეიმურაზ თოდრაძე, ვახტანგ ცუხიშვილი. ინჟინერი: გეგენავა)
– ნიკო ბერძენიშვილის ბიბლიოთეკა, სოფ. გოგოლესუბანი 1967 (პროექტი შესრულებულია მოხალისეობრივ საწყისებზე)
– ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, მეცნიერებათა აკადემიის კომპლექსი, თბილისი 1970 (გიორგი ლეჟავა, ილია ლიბერმანი)
– მათემატიკის ინსტიტუტი, მეცნიერებათა აკადემიის კომპლექსი, თბილისი 1970 (გიორგი ლეჟავა, ვახტანგ ცუხიშვილი)
არქიტექტურული ძეგლების ანაზომები და კვლევა
– უბისი, სამწევრისი, წრომი, და სხვ., 1923-1929 (ნიკოლოზ სევეროვის ხელმძღვანელობით)
– ექსპედიციები ხალხური საცხოვრებლის კვლევის მიზნით – სვანეთი, რაჭა, ხევი, ხევსურეთი, თუშეთი, შიდა ქართლი, 1932-1934, 1939, და 1951 (მარიამ ჯანდიერი, გიორგი ლეჟავა).
– ვაჩნაძიანის ყველაწმინდა, (გიორგი ჩუბინაშვილის თხოვნით) 1950-იანი წლები
– XVII-XVIII საუკუნეების საქართველოს საერო არქიტექტურა, ანაზომები და ჩანახატები (საქართველოს სახელმნწიფო მუზეუმის დავალებით)1950-იანი წლები
პუბლიკაციები
– Г. И. Лежава, М. И. Джандиери (მარიამ ჯანდიერი, გიორგი ლეჟავა). Архитектура Сванетии, Москва, Изд-во Всес. акад. архитектуры (რუს.)1938 (სვანეთის არქიტექტურა)
– Г. И. Лежава, М. И. Джандиери (მარიამ ჯანდიერი, გიორგი ლეჟავა). Архитектура горных районов Грузии, Москва, (რუს.)1940. (მთიანი საქართველოს არქიტექტურა)
–გიორგი ლეჟავა. „სვანეთის სცხოვრებელი სახლის არქიტექტურის შესახებ“, 1963
– სოფელ საირხეში აღმოჩენილი სვეტისთავის შესახებ, საბჭოთა ხელოვნება, 2. 1965
– გიორგი ლეჟავა. „უძველესი ხის არქიტექტურა ქსენოფონტეს ‘ანაბაზისის’ მიხედვით“, 1971
– ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის გათხრების შედეგად აღმოჩენილი არქიტექტურული ძეგლები (სამეცნიერო სესიის მოკლე ანგარიში – 1966-1969)
– ქვაბ-ქალაქ უფლისციხის არქიტექტურა, ძეგლის მეგობარი, 27-28, 1971
– Г. И. Лежава, М. И. Джандиери. Народная башенная архитектура (რუს.) Москва, 1976 (კოშკების ხალხური არქიტექტურა)
– გიორგი ლეჟავა. ანტიკური მცირე ფორმის საკურთხეველი, ძეგლის მეგობარი, 41.1976
– გიორგი ლეჟავა. ანტიკური ხანის საქართველოს არქიტექტურული ძეგლები, თბილისი, 1979
სხვა შემოქმედებითი პროექტები (ნამუშევრები სხვა სფეროებიდან)
– გრაფიკული ნამუშევრები: წიგნის ილუსტრაციები, პლაკატები, საფოსტო მარკები, ექსლიბრისები
– თეატრის მხატვრობა: რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლების „მზეთამზე“-ს და „ლამარა“-ს მხატვარი. 1926
– ლადო გუდიაშვილის პერსონალურ გამოფენაზე გიორგი ლეჟავას ნამუშევრების გამოფენა ცალკე დარბაზში, თბილისი 1926
– გიორგი ლეჟავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა,(პროექტები, არქიტექტურული გრაფიკა, ანაზომები), სახვითი ხელოვნების გალერეა, თბილისი 1962
ლიტერატურა/ბმულები
ციციშვილი, ირაკლი. პირველი ნაბიჯები: (არქიტექტორ გ,ლეჟავას შემოქმედებითი გზა), ხელოვნება თბილისი, 2000. N°3-4, გვ. 19-33
თ. გერსამია. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია
ირინე ელიზბარაშვილი, მანანა სურამელაშვილი, ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ხათუნა ჭურღულია. არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში, თბილისი, 2012