დავით მორბედაძე

Morbedadze, Davit

* 18.11.1926 თბილისი, საქართველო

† 19.05.2002 იქვე

არქიტექტორი

დავით მორბედაძემ 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. სტუდენტობის დროიდან მონაწილეობას იღებდა საქართველოს არქიტექტურული ძეგლების აზომვით და სარესტავრაციო სამუშაოებში. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო „თბილქალაქპროექტში“. 1954-1955 წლებში მუშაობდა მოსკოვის „აეროპროექტში“ ივან ჟოლტოვსკის სახელოსნოში. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა გააგრძელა „თბილქალაქპროექტში“. 1964-1972 წლებში იყო „საქსახსოფლპროექტის“ მთავარი არქიტექტორი. 1972 წლიდან „თბილქალაქპროექტის“ მეხუთე სახელოსნოს უფროსი. 1998 წელს დაარსა საკუთარი სახელოსნო ინჟინერ გურამ მებუკესთან ერთად. ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე და იყო თბილისის არქიტექტურული საბჭოს წევრი.

დავით მორბედაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება (1967), ღირსების ორდენი ქართული თანამედროვე არქიტექტურის საქმეში შეტანილი პირადი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედების, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის (1999). მას მიღებული აქვს ახალგაზრდა არქიტექტორთა საბჭოს საპატიო სიგელი და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პირველი ხარისხის დიპლომი პროექტისთვის „არქიტექტორთა აგარაკები წყნეთში“ (1956); I პრემია ტიპური პროექტისათვის „საზაფხულო თეატრი 1000 ადგილზე“ (1957); I პრემია საქართველოს პავილიონისთვის „სახალხო მეურნეობის მიღვაწეთა გამოფენა (1958); I პრემია კონკურსში ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1959); I პრემია კონკურსში „სოფლად ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის“ (1968); უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი „გრიბოედოვის სახ. რუსული დრამატული თეატრისთვის“ (1977); გრან-პრი პროექტისთვის „მაღალმთიანი სოფელი გუდანი“ (არქიტექტურის მსოფლიოს ბიენალე INTERARCH-85, სოფია 1980).

ფოტოები: დავით მორბედაძის პირადი არქივი, თეიმურაზ კანდელაკის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– პიონერთა სასახლის ბაღის ღობე, 1953 (ოთარ კალანდარიშვილი, დავით მორბედაძე)

– მაიაკოვსკის ძეგლი, ტაგანკა, მოსკოვი 1954 (მოქანდაკე: გურამ კორძახია)

– არქიტექტორთა კავშირის დასასვენებელი სახლები წყნეთში, 1955 (დავით მორბედაძე, თეიმურაზ კანდელაკი), საკონკურსო პროექტი

– კაფე „გაზაფხული“, თბილისი 1957 

– საქართველოს პავილიონი სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენისთვის, (რევაზ ბაირამაშვილი, ვახტანგ აბრამიშვილი, ალექსანდრე ჯიბლაძე. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე. ხელმძღვანელი: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი) საკონკურსო პროექტი

– საცხოვრებელი სახლი, მცხეთის ქ. 2, თბილისი 1962 (რევაზ ბაირამაშვილი, დავით მორბედაძე, თეიმურაზ კანდელაკი. კონტრუქტორი: გურამ მებუკე)

– კაფე, კოსტავას (ყოფ. ლენინის) ქუჩაზე თბილისი 1960 (ვახტანგ აბრამიშვილი, რევაზ ბაირამაშვილი, დავით მოებედაძე, თეიმურაზ კანდელაკი)

– ჩაის სახლი 26 კომისრის პარკი, თბილისი 1963

– ჩაის სახლი მელიქიშვილის ქუჩაზე, თბილისი 1966 (დავით მორბედაძე, ლერი მეძმარიაშვილი)

– ჩაის სახლი, წალენჯიხა 1968

– ჩაის სახლი, ოზურგეთი (ყოფილი მახარაძე) 1970

– ტიპური პროექტები საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისთვის, 1964-1970

– საცხოვრებელი სახლები ყიფშიძის, იყალთოს, წყნეთის, ლარსის ქუჩებზე, თბილისი 1970-ინი წლები

– „საქსოფლმშენსახპროექტის“  შენობა, თბილისი 1967

– ვახტანგ გორგასლის ძეგლის არქიტექტურა, თბილისი 1967 (მოქანდაკე: ელგუჯა ამაშუკელი. არქიტექტორები: დავით მორბედაძე, თეიმურაზ კანდელაკი)

კომპლექსი- უნივერმაღი „თბილისი”, გრიბოედოვის სახ. თეატრი და მეტროპოლიტენის მიწისზედა სადგური „თავისუფლების მოედანი”, 1967-1977 (რევაზ ბაირამაშვილი, დავით მორბედაძე, ჯახუტი გორდეზიანი, ლერი მეძმარიაშვილი. კონსტრუქტორი: შალვა გაზაშვილი)

არქიტექტორთა ფონდის დასასვენებელი სახლი, გაგრა 1983 (რევაზ ბაირამაშვილი, ვახტანგ აბრამიშვილი, დავით მორბედაძე, ილო ყავლაშვილი)

მაღალმთიანი სოფელი გუდანი, 1980 (ირაკლი მარგიშვილი, დავით მორბედაძე, ლილი მჭედლიშვილი, ნუგზარ დვალი)

– აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბილისი 1982

– საქალაქო აეროსადგური, თბილისი 1984 (დავით მორბედაძე, თამაზ თევზაძე, თეიმურაზ კანდელაკი) განუხორციელებელი

– „თბილქალაქპროექტის“ შენობა, თბილისი 1985 (გივი მელქაძე, დავით მორბედაძე)

– საცხოვრებელი სახლები: ქავთარაძისა და მარუხის გმირების ქუჩებზე, თბილისი 1993

– საცხოვრებელი სახლები: საირმის ქ. 78, ავლაბრის ქ. 10, თბილისი 1998

– სავაჭრო ობიექტები: საბურთალოს და ჯავახეთის ქუჩებზე, თბილისი 1999

– სიონის ტაძრის კანკელი და სამების ტაძრის კანკელი, თბილისი 2002

არქიტექტურის ძეგლთა ანაზომები და რესტავრაციის პროექტები

– რუისის ტაძრის არქეოლოგიური ანაზომი, 1951. (თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე)

– განთიადის ბაზილიკის რესტავრაციის პროექტი და მეცნიერული დასაბუთება, 1951-1952 (თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე)

– ბაგრატის ტაძრის არქეოლოგიური ანაზომი, 1953-1954 (თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე, ვახტანგ ცინცაძე)

– გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ანაზომი, 1954 (რუსუდან მეფისაშვილი, თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე)

– ნიქოზის ანსამბლის, ცეცხლის ჯვრის ანსამბლის, ყაზბეგის ჩოფიკაშვილის სასახლის, ლომისის ეკლესიისა და საცხოვრებელი კომპლექსის, ფანსაეთის ციხე-სიმაგრის, პავლიანთ კარის საცხოვრებელი კომპლექსის, ყანჩავეთის, ქოროღოს, ხოფას, დიღმის წმ. გიორგის, წირქოლის ეკლესიების ანაზომები.

პუბლიკაციები

თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე. განთიადის ბაზილიკის რესტავრაციის პროექტის მეცნიერული დასაბუთება, 1951 

ოთარ კალანდარიშვილი, დავით მორბედაძე. არქიტექტურის სწავლების შესახებ, „საბჭოთა ხელოვნება“ N 1, 1956

ლიტერატურა/ბმულები

ნახუცრიშვილი, კიაზო. დავით მორბედაძე, არქიტექტორი. თბილისი 2004 

ჯიმშერ რეხვიაშვილი: როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო გორგასლის ძეგლი, (14.08.2019)