შოთა ყავლაშვილი

* 28.01.1926, თბილისი, საქართველო 

† 1995, იქვე

არქიტექტორი

შოთა ყავლაშილი დაიბადა 1926 წელს თბილისში. 1948 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტორის სპეციალობით. 1950 წელს დაიწყო მუშაობა არქიტექტორად „თბილქალაქპროექტში“, 1951 წელს გახდა ჯგუფის ხელმძღვანელი და 1994 წლამდე იყო თბილქალაქპროექტის მეოთხე არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი. 1957-1970 წლებში ასწავლიდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე.

1967 წლიდან ყავლაშვილი იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სამშენებლო-არქიტექტურული საბჭოს წევრი; 1968-1970 წლებში თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოს მთავარი არქიტექტორი; 1970-1974 წლებში მუშაობდა თბილისის მთავარ არქიტექტორად და მთავარ არქიტექტურულ-გეგმარებითი სამმართველოს უფროსად; 1972-1974 წლებში იყო საქართველოს სსრ სავაჭრო პალატის პრეზიდიუმის წევრი და პალატის მხატვარი.

1980 წელს შოთა ყავლაშვილი აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად და აღმასრულებელი კომიტეტის წევრად; 1980 წელს მეორედ დაინიშნა თბილისის მთავარ არქიტექტორად და მთავარ არქიტექტურულ-გეგმარებითი სამმართველოს უფროსად; 1982 წლიდან 1985 წლამდე იყო საქართველოს სსრ „სახმშენის“ თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყავლაშვილი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ფოთში, სადაც 1994 წელს ქალაქის ვიცე-მერად და მთავარ არქიტექტორად დაინიშნა. შოთა ყავლაშვილი გარდაიცვალა 1995 წელს თბილისში.

შოთა ყავლაშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1972), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1987), 1981 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია) და მრავალგზის სსრკ-ის არქიტექტორთა კავშირის დიპლომის და სიგელის მფლობელი. მიენიჭა ქალაქ ოდესის კულტურის სამმართველოს სიგელი (1969), საქართველოს სავაჭრო პალატის დიპლომები და ოქროს მედლები (1970-1983), შრომის წითელი დროშის ორდენი (1971), საქართველოს სახმშენის საპატიო სიგელი (1974), საქართველოს უმაღლესი საბჭოს სიგელი (1979), სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა საგამოფენო ცენტრის ოქროს მედალი (1982). იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (1985) და აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (1987).

ფოტოები: დავით მორბედაძის პირადი არქივი, თეიმურაზ კანდელაკის პირადი არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ძირითადი პროექტები

– საბავშვო ბაღის შენობა ბარნოვის ქუჩაზე, თბილისი 1953 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე)

– საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისი 1953 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე)

– საბურთალოს საცხოვრებელი მასივის განაშენიანება, თბილისი 1956 (შოთა ყავლაშილი, ალექსანდრე ბაქრაძე, დ. გძელიძე და ილო ყავლაშვილი)

– კარლ-მარქსის ხიდის რეკონსტრუქცია (ამჟამად ჩუღურეთის ხიდი), თბილისი 1954 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე, კონსტრუქტორი: გ. ქარცივაძე)

– საცხოვრებელი სახლი სანაპიროზე, თბილისი 1962 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე, კონსტრუქტორი: ლეო ხარაშვილი)

– ქორწინების სახლი, თბილისი 1965 (შოთა ყავლაშილი, რამაზ კიკნაძე. მოქანდაკეები: გიორგი ოჩიაური, ირაკლი ოჩიაური)

– ბარათაშვილის სახელობის ხიდი, თბილისი 1965 (შოთა ყავლაშილი, ვლადიმერ ქურთიშვილი. კონსტრუქტორი: გ. ქარცივაძე)

– საცურაო აუზების კომპლექსი რიყეზე, თბილისი 1965 (შოთა ყავლაშილი, რამაზ კიკნაძევლადიმერ ქურთიშვილი), განუხორციელებელი

– ცხრასართულიანი ბლოკირებული საცხოვრებელი სახლების ტიპური პროექტების სერია, 1969 (შოთა ყავლაშილი, ს. კაციტაძე. კონსტრუქტორი რ. შიოლაშვილი)

– „საქპურის“ საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისი 1970 (შოთა ყავლაშილი, რამაზ კიკნაძე)

თბილისის ცენტრალური ავტოსადგური, თბილისი 1970 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძევლადიმერ ქურთიშვილი. მხატვარი ზურაბ წერეთელი)

– ორთაჭალის საცხოვრებელი რაიონის და ადმინისტრაციული ცენტრის პროექტი, თბილისი 1970 (შოთა ყავლაშვილი, მერაბ გუგუნავა, რამაზ კიკნაძე, გივი მეტრეველი) განუხორციელებელი

– საქართველოს საგამოფენო პავილიონი პარიზში, 1970 (შოთა ყავლაშილი, რამაზ კიკნაძე, გივი მეტრეველი, მერაბ გუგუნავა)

– საცხოვრებელი სახლები ჩელუსკინელების ხიდთან, თბილისი 1973 (შოთა ყავლაშვილი, მერაბ გუგუნავა)

– ადმინისტრაციული შენობა „სოფლსამტექნიკა“ ორთაჭალაში, თბილისი 1973 (შოთა ყავლაშილი, ა. მიქიაშვილი)

– გვირაბი და ესტაკადა მეტეხის კლდის ქვეშ, თბილისი 1975 (შოთა ყავლაშილი, ვალერი ბახტაძე, რამაზ კიკნაძე

– ადმინისტრაციული (რაიკომის) შენობა მეტრო ისანთან, თბილისი 1975 (შოთა ყავლაშილი, ა. მიქიაშვილი)

– „გოგილოს“ აბანოს რეკონსტრუქცია, თბილისი 1977 (შოთა ყავლაშილი, გ. აბულაძე)

– თექვსმეტსართულიანი საცხოვრებელი სახლები სააკაძის მოედანზე და დოლიძის ქუჩაზე, თბილისი 1977 (შოთა ყავლაშილი, ს. კაციტაძე)

ლენინური კომკავშირის სახელობის საწყოლოსნო-სპორტული კომპლექსი (ამჟამად „ლაგუნა ვერე“), თბილისი 1978 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე, გურამ აბულაძე, კონსტრუქტორი რ. ღუდუშაური, მხატვარი: ნიკოლოზ იგნატოვი)

– თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი რიყეზე, თბილისი 1978 (შოთა ყავლაშილი, ა. სუმბულაშვილი), განუხორციელებელი

– არქეოლოგიური მუზეუმი დიღომში, თბილისი 1979 (შოთა ყავლაშილი, შოთა გვანცელაძე. მოქანდაკე: თენგიზ კიკალიშვილი)

– ელენე ახვლედიანის (იმ დროს კიბალჩიჩის) აღმართის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაცია, თბილისი 1980 (მეოთხე არქიტექტურული სახელოსნოს არქიტექტორთა ჯგუფი)

– ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია, თბილისი 1981 (მეოთხე არქიტექტურული სახელოსნოს არქიტექტორთა ჯგუფი)

– რესტორანი „ბერიკონი“, თბილისი 1986 (შოთა ყავლაშილი, შ. გვანცელაძე)

– დიდი დიღომის დაგეგმარების პროექტი, თბილისი 1984 (შოთა ყავლაშილი, ბ. მამინიაშვილი, გივი შავდია, მერაბ ბოლქვაძე და ნ. ირემაშვილი)

– ადმინისტრაციული შენობების კომპლექსი ძნელაძის ქუჩაზე. თბილისი 1986 (შოთა ყავლაშილი, ავთანდილ სუმბულაშვილი, ვ. რცხილაძე) განუხორციელებელი

– ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის განაშენიანების პროექტი, თბილისი 1987 (შოთა ყავლაშილი, ს. კაციტაძე, ა. კერესელიძე, ი. ყანდარელი და ი. მიხაილოვი) განუხორციელებელი

– წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საკონკურსო პროექტი, თბილისი 1989 (შოთა ყავლაშილი, ვიქტორ ჯორბენაძე) საკონკურსო პროექტი

– სასტუმრო შერატონ „მეტეხი-პალასი“, თბილისი 1991 (შოთა ყავლაშილი, შოთა გვანცელაძე, ი. ჩაკმან, ვლადიმერ ქურთიშვილი)

ლიტერატურა/ბმულები

ჯანბერიძე, გიორგი: შოთა ყავლაშილი. ქართული ხუროთმოძღვრების დიდოსტატები. თბილისი 2016. ISBN-978-9941-0-8946-6