ლევან ხიმშიაშვილი

* 23.11.1920 თბილისი, საქართველო 

 21.06.1978 იქვე

არქიტექტორი, მკვლევარი, პედაგოგი

ლევან (ლეო) ხიმშიაშვილი დაიბადა 1920 წლის 23 ნოემბერს ქალაქ თბილისში. 1935 წელს, თბილისის მეოთხე საშუალო სკოლის შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის კომუნალურ ტექნიკუმში არქიტექტურის განყოფილებაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1940 წელს. ამავე წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში, საიდანაც პირდაპირ მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე იქნა გადაყვანილი და იბრძოდა ომის დასრულებამდე.

დემობილიზაციის შემდეგ, 1945-1951 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. აკადემიაში სწავლის დროს მონაწილეობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციებში, არქიტექტურული ძეგლების აზომვით სამუშაოებში. 1951-1967 წლებში მუშაობდა სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოში ჯერ უფროს არქიტექტორად, ხოლო 1965-1967 წლებში – დირექტორად. 1954 წელს დაიწყო მუშაობა სამხატვრო აკადემიაში, 1963 წლიდან იყო მხაზველობითი გეომეტრიის და პერსპექტივის პედაგოგი. 1969 წელს ლევან ხიმშიაშვილმა ვახტანგ ცინცაძესთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე დააარსა რესტავრაციის კათედრა, რომელსაც თვითონ უძღვებოდა – კითხულობდა თეორიული დისციპლინების კურსს, ხელმძღვანელობდა სარესტავრაციო პროექტებს. ამავე დროს, 1969 წლიდან გარდაცვალებამდე იყო არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი. ლევან ხიმშიაშვილი გარდაიცვალა 1981 წელს.

ლევან ხიმშიაშვილი იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961) ძეგლთა დაცვის დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. მიღებული აქვს არქიტექტურის კანდიდატის სამეცნიერო წოდება (1971)

ინფო: ქეთევან ხიმშიაშვილი
ფოტოები: ლევან ხიმშიაშვილის პირადი არქივი, თეიმურაზ კანდელაკის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

სამწევრისის წმ. გიორგის ეკლესია (VII ს.) ქარელის რაიონი, 1951

– სააკაძის კოშკი (XV-XVIII სს), ნოსტე, კასპის რაიონი, 1957

წირქოლის ღვთისმშობლის ეკლესია (VIII ს)., ახალგორის რაიონი, 1957

– ბედიის მონასტერი (X ს.) ოჩამჩირის რაიონი, 1952-1953

– ატენის სიონი, ეკლესია (VII ს.), გორის რაიონი, 1958

– ვარძია (XII ს.), ასპინძის რაიონი, 1960-იანი წლები

– სხალთის მონასტერი, ეკლესია (XII ს.) ხულოს რაიონი, 1955

– მახუნცეთის ხიდი (IX-X ს), ქედის რაიონი, 1961

– ყინწვისის ღვთისმშობლის ეკლესია (XIII ს.) ქარელის რაიონი, 1963

– ზედაზენი, ეკლესია (VIII ს.) მცხეთის რაიონი, 1964-1966

ტყობა-ერდის ეკლესია (IX-XV ს), ინგუშეთი, რუსეთის ფედერაცია, 1968-1971

– ამბარა (VII- VIII ს.), ეკლესია, გუდაუთის რაიონი

– წრომი (VII ს.), ხაშურის რაიონი, 1955-1959, 1976-1977

– წითელი ხიდი (XVII ს.), გარდაბნის რაიონი, 1963

– ქოროღო, ღვთისმშობლის ეკლესია, (X-XI ს.) დუშეთის რაიონი, 1976

პუბლიკაციები

– სამწევრისი, თბილისი 1962

– ჩვენი სარესტავრაციო სახელოსნოს საქმიანობა და ამოცანები, ძეგლის მეგობარი 1, 1964

– საიჟინრო საქმე და არქიტექტურის ძეგლთა გამაგრება (წიორქოლის ტაძარი), ძეგლის მეგობარი 5, 1965

– პირველი. მერცხალი, ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმის პირველი ექსპონატი, ძეგლის მეგობარი 8, 1965

– რესტავრაციის ზოგიერთი საკითხი (წრომი და ბედია), ძეგლის მეგობარი 18, 1969

– ტყობა-ერდის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები, ლ.ხიმშიაშვილი, მ. ანთაძე. ძეგლის მეგობარი 26, 1971

– ისევ თიანეთის სიონის მეცნიერული დაცვის შესახებ, ძეგლის მეგობარი, 31-32, 1973

– არქიტექტორ -რესტავრატორთა მომზადება, ძეგლის მეგობარი 35, 1975

– წითელი ხიდის რესტავრაცია, ძეგლის მეგობარი 40, 1976

– წრომის ტაძრის გუმბათის აღდგენის საკითხისათვის, ძეგლის მეგობარი 50, 1979

ლიტერატურა/ბმულები

მასალები სამწევრისის აღდგენის შესახებ  გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში  ჟურნალ „Historic Preservation“ №10 -ში (ამჟამად  “Preservation” – Magazine of the National Trust)

ირინე ელიზბარაშვილი, მანანა სურამელაშვილი, ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ხათუნა ჭურღულია. არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში. თბილისი 2012. ISBN978-9941-0-4207-2

ხიმშიაშვილი, ქეთევან: ლევან ხიმშიაშვილი (26.05.2013)