ალექსანდრე ჯიბლაძე

Alexandre Jibladze

* 21.02.1929 თბილისი, საქართველო

† 1999 იქვე

არქიტექტორი

ალექსანდრე (ჯონდო) ჯიბლაძემ 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო „თბილქალაქპროექტში“, სადაც იყო ჯერ უფროსი არქიტექტორი, შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მთავარი არქიტექტორი (1962) და 1965 წლიდან სახელოსნოს ხელმძღვანელი. 1971 წელს ჯიბლაძე გახდა ქალაქგეგმარების განყოფილების უფროსის მოადგილე და შემდეგ – უფროსი. 1974-1978 წლებში ის მუშაობდა თბილისის მთავარი არქიტექტურულ-გეგმარებითი სამმართველოს უფროსისა და ქალაქის მთავარი არქიტექტორის პირველ მოადგილედ. 1978 წელს ჯიბლაძე მივლინებით სამუშაოდ წავიდა ირანში და ისლამური რევოლუციის გამო ერთ წელიწადში უკან დაბრუნდა. 1980-1992 წლებში ალექსანდრე ჯიბლაძე მუშაობდა “საქქალაქმშენსახპროექტში“. 1992 წელს ის გადავიდა „თბილქალაქპროექტში“ თბილისის გეგმარების სახელოსნოს უფროსის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 1999 წლამდე.

1963 წლიდან ალექსანდრე ჯიბლაძე იყო თბილისის მთავარ არქიტექტორთან არსებული ქალაქმშენებლობითი საბჭოს წევრი, 1969 წლიდან – საქართველოს სახმშენის საბჭოს წევრი და1981 წლიდან – მინისტრთა საბჭოს ქალაქმშენებლობის პრობლემური კომისიის წევრი; 1969 წლიდან ასწავლიდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; იყო არქიტექტურის ინსტიტუტის ურბანისტიკის კათედრის საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე; 1972 წლიდან მუშაობდა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე და იმავე წელს მიწვეული იყო საზოგადოება „ცოდნის“ საჯარო ლექტორად.

1968 წლიდან ჯიბლაძე მრავალჯერ იყო არჩეული საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრად და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ. ალექსანდრე ჯიბლაძე იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1971), მას მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998) და სხვა მრავალი ორდენი და სიგელი საერთაშორისო და საკავშირო გამოფენებზე (1956, 1958, 1960, 1962, 1963) – მათ შორის ახალგაზრდობის ფესტივალის ლაურეატის და საქართველოს სსრ კომკავშირის სიგელი სადიპლომო პროექტისა (სანატორიუმი) და პლანეტარიუმისთვის (1956), ასევე საქართველოს სახელმწიფო პრემია და ვერცხლის მედალი თბილისის რკინიგზის სადგურის პროექტისათვის (1992). რესპუბლიკურ და საკავშირო კონკურსებში ჯიბლაძეს მიღებული აქვს III პრემია ვახტანგ გორგასლის ძეგლისათვის, მეოთხე კლიმატური ზონისთვის დაპროექტებული ტიპური საცხოვრებელი სახლებისათვის და საზაფხულო კინოთეატრ საქართველოსთვის; II პრემია მოსკოვის სამეურნეო გამოფენაზე საქართველოს პავილიონისათვის და I პრემია სადგურის მოედნის რეკონსტერუქცისათვის; მოსკოვის „გიპროგორის“ კოლექტივთან ერთად I და II პრემიები თბილისის ცენტრის გეგმარება და განაშენიანებისათვის.

ინფო: მამუკა ჯიბლაძე
ფოტოები: ალექსანდრე ჯიბლაძის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

პლანეტარიუმი, მთაწმინდის პარკი, თბილისი 1956 (ალექსანდრე ჯიბლაძე, მადლენა კომახიძე, მთავარი კონსტრუქტორი: დავით ქაჯაია)

– ნორჩი ტექნიკოსების ცენტრალური სადგური, თბილისი, წელი უცნობია

– გენგეგმა და დასასვენებელი სახლების პროექტები, წყნეთი, წელი უცნობია

– არქიტექტორთა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირების ადმინისტრაციული სახლები, თბილისი, წელი უცნობია

– დიღმის საცხოვრებელი რაიონის I-VI კვარტლების განაშენიანების გეგმები, თბილისი 1959 (ივანე ჩხენკელი, ალექსანდრე ჯიბლაძე, ნოდარ მიქაძე, ირაკლი მოსულიშვილის მონაწილეობით)

– მეგობრობის (გრიგოლ რობაქიძის) პროსპექტის განაშენიანების გეგმა, თბილისი 1960

– დიღმის ხიდის სატრანსპორტო კვანძი, თბილისი 1960 (ავტორთა კოლექტივი)

– თემქის საცხოვრებელი რაიონის დეტალური დაგეგმარების პროექტი, თბილისი 1960იანი წლები (ალექსანდრე ჯიბლაძე, ნინო ასათიანი)

– მტკვრის სანაპიროს განაშენიანება დიდუბის რაიონში, თბილისი 1960იანი წლები (ალექსანდრე ჯიბლაძე, გელა ჯაფარიძე)

– ქალაქ თბილისის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლები, (ალექსანდრე ჯიბლაძე, გელა ჯაფარიძე) 1960იანი წლები

– ქალაქ თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმა 1968- 2000 წლებისთვის, 1970 (ივანე ჩხენკელი, ალექსანდრე ჯიბლაძე, გელა ჯაფარიძე, გივი შავდია. ეკონომისტები: ლ ლორთქიფანიძე, ი ბოლქვაძე)

– 9 სართულიანი 106 ბინიანი არქიტექტორების საცხოვრებელი სახლი, ჩიქოვანის (ხილიანის) ქუჩა, თბილისი 1965 (ალექსანდრე ჯიბლაძე, გელა ჯაფარიძე, გივი შავდია. კონსტრუქტორი: შალვა გაზაშვილი)

– საცხოვრებელი სახლი, კეკელილიძის ქუჩა, თბილისი, წელი უცნობია

– ცენტრალური რკინიგზის სადგური, თბილისი 1982 (რევაზ ბაირამაშვილი, ილო ყავლაშვილი, გივი შავდია, ალექსანდრე ჯიბლაძე, გელა ჯაფარიძე)

– სადგურის მოედნის რეკონსტრუქციის გეგმა (რევაზ ბაირამაშვილი, ალექსანდრე ჯიბლაძე, გივი შავდია, გელა ჯაფარიძე)

– ქალაქ მარნეულის რეკონსტრუქციის და განვითარების  გეგმა 1983-2010 წლებისთვის

– მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი, ახალი კინდღი, წელი უცნობია

–  მინისტრთა საბჭოს პანსიონატი, ურეკი, წელი უცნობია

– ქარხანა „ვექტორის“ საცხოვრებელი რაიონის განაშენიანების გეგმა, ზუგდიდი, წელი უცნობია

– მსხვილბლოკიანი საცხოვრებელი სახლების სერია დასავლეთი და აღმოსავლთი საქართველოსთვის, წელი უცნობია

– ხუთ და ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლების სერია ქალაქ რუსთავისთვის, წელი უცნობია

– აკადემქალაქის რაკონსტრუქციისა და განვითარების გეგმა, წელი უცნობია

– გენერალ ჩანჩიბაძის ძეგლი, თბილისი 1954 (მოქანდაკე: ბ. სახვაძე)

– ომში დაღუპულ თსუ-ს სტუდენტთა და მასწავლებელთა მემორიალი, თსუ-ს უნივერსიტეტის ბაღი, თბილისი  (მოქანდაკე: ელგუჯა ამაშუკელი) 1978

– გალატიონ ტაბიძის ძეგლი, თბილისი 1980 (ალექსანდრე ჯიბლაძე, მურმან გოგიშვილი. მოქანდაკე: ჯუნა მიქატაძე)

– გიორგი წერეთლის ძეგლი, თბილისი 1981 (მოქანდაკე: გოგი ოჩიაური)