ვალერია ჰაჯიბეილი

Valeria Hajibeili

* 02.06.1914 თბილისი, საქართველო

† 10.01.1995 იქვე

არქიტექტორი

ვალერია (ლელი) ჰაჯიბეილიმ 1936 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. სწავლის პერიოდში მან მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ „საქკურორტპროექტში“ არქიტექტორ-სტაჟიორად. 1941 წლიდან 1944 წლამდე მუშაობდა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატის სპეციალური დანიშნულების სამშენებლო კანტორაში ინჟინერ-მკვლევარის თანამდებობაზე. ხოლო 1944 წელს ის გადავიდა „საქკომუნპროექტში“, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა „საქქალაქმშენსახპროექტად“ – სადაც ის მუშაობდა პროექტის მთავარ არქიტექტორად.

1948-1952 წლებში ლელი ჰაჯიბეილი ივანე ჩხენკელთან, შალვა დავითაშვილთან, სოლომონ რევიშვილთან და კონსტანტინე ბოკუჩავსთან ერთად მონაწილეობდა „სახმშენის“ მიერ ორგანიზებულ ექსპედიციაში, რომლის მიზანიც იყო მე-18 და მე-19 საუკუნეებში აგებული კახური საცხოვრებელი სახლების აზომვა და გრაფიკული ფიქსაცია. ამ ექსპედიიცის ფარგლებში შექმნილი ნამუშვერები დღეს თბილისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახება. კატალოგში „კახური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა“ დაბეჭდილია ამ მასალის ნაწილი.

ვალერია ჰაჯიბეილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967). მიღებული აქვს მთავრობის ჯილდო 25-ადგილიანი სასტუმროს ტიპური პროექტისათვის.

ინფო: მერაბ და სანდრო ჩხენკელები
ფოტოები: ვალერია ჰაჯიბეილის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა დედოფლისწყაროს რაიონულ ცენტრში (ყოფილი წითელწყაროს)

– ტიპური საცხოვრებელი სახლების სექცია რესპუბლიკის რაიონებისათვის

– 25-ადგილიანი სასტუმროს ტიპური პროექტი

– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიული ინსტიტუტი, თბილისი 1969

საქართველოს ეროვნული არქივის შენობა, თბილისი 1970

– კულტურის სახლი, საგარეჯო 1981

არქიტექტურის ძეგლთა ანაზომები

– მე-18 და მე-19 საუკუნის კახური სახლების ანაზომები, 1948-1952 (ივანე ჩხენკელი, შალვა დავითაშვილი, ვალერია ჰაჯიბეილი, სოლომონ რევიშვილი, კონსტანტინე ბოკუჩავა).
პუბლიკაცია: ჩხენკელი, მერაბ. კახური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა, თბილისი 2019. ISBN 978-9941-8-1654-3