Guram Abuladze
* 17.05.1941 თბილისი, საქართველო
† 12.10.2009 იქვე
არქიტექტორი
გურამ აბულაძე 1958-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო „თბილქალაქპროექტში“ – არქიტექტორად, შემდეგ უფროს არქიტეტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად და პროექტის მთავარ არქიტექტორად. 1969-1972 წლებში იყო „თბილქალაქგაფორმების“ კომბინატის საპროექტო ჯგუფის უფროსი, ხოლო 1984 წლიდან 1987 წლამდე – დირექტორი. გურამ აბულაძე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა საპროექტო ბიუროს უფროსის მოადგილე (1973-1974) და 1981 წლამდე ბიუროს უფროსი. 1987-1991 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს დიზაინისა და კეთილმოწყობის სამმართველოს საპროექტო კანტორის უფროსად. 1991-1996 წლებში ის იყო ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, არქიტექტურის კათედრის პედაგოგი და დიზაინის კათედრის დოცენტი.
გურამ აბულაძე იყო საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი (არქიტექტურის სექცია, 1967-1973); საქართველოს არქიტექტორთა კავშირის სარევიზიო საბჭოს თავმჯდომარე და გამგეობის წევრი (1974-1980); საქართველოს სახალხო დეპუტატთა გლდანის რაიონის რაისაბჭოს დეპუტატი (1985-1987 და 1987-1991 წლებში).
მას მიღებული აქვს I პრემია საუკეთესო სადიპლომო ნამუშევრისათვის (საკავშირო კონკურსი, 1964), I პრემია ნომინაციაში წლის საუკეთესო რესტავრაცია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პროექტისთვის (საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, 1998).
ინფო: ეკა აბულაძე
ფოტოები: გურამ აბულაძის პირადი არქივი
ძირითადი პროექტები
– საზოგადოებრივი და სავაჭრო ობიექტების რეკლამები, ინტერიერები, და მცირე არქიტექტურული ფორმები თბილისის ქუჩებისთვის, 1969-1991
– რესტორანი „რიონი“, არბატი, მოსკოვი 1969
– „თერგდალეულთა“ მემორიალური კომპოზიცია, დარიალის ხეობა 1972
– საქართველოს გამოფენის ექსპოზიცია საერთაშორისო ბაზრობაზე, კაირო, ეგვიპტე 1972 (გურამ აბულაძე, თინათინ ერისთავი, შოთა ყავლაშვილი)
– საწყლოსნო-სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერე“, თბილისი 1978 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე, გურამ აბულაძე. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური. მხატვარი: ნიკოლოზ იგნატოვი)
– საქართველოს გამოფენის ექსპოზიცია, პოზნანი, პოლონეთი 1980
– თბილისი-აეროპორტის ტრასის და საქართველოს სამხედრო გზის თბილისი-მცხეთის მონაკვეთის კეთილმოწყობა, გაფართოება-რეკონსტრუქცია და არქიტექტურულ-მხატვრული გაფორმება, 1987-1991 (თინათინ ერისთავი, გურამ აბულაძე)
– თბილისის დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრის რეკონსტრუქცია 1998-2007 (გურამ აბულაძე, თ. შაშიაშვილი)
– თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია, 1998
– სანერგე მეურნეობის ადმინისტრაციული შენობა, გორი, წელი უცნობია (თინათინ ერისთავი, გურამ აბულაძე)
– ვაჭევის ღვინის ქარხნის საჭაშნიკო, ზესტაფონი, წელი უცნობია
– მიწისქვეშა გადასასვლელი, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისი, წელი უცნობია
– ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია, წინანდალი, წელი უცნობია
– ვერის პარკის რეკონსტრუქცია, თბილისი, წელი უცნობია
ლიტერატურა/ბმულები
ლაღიძე, ნინო. თანამედროვე ქართველი არქიტექტორები. გურამ აბულაძე. თბილისი 2009. ISBN 978-9941-0-0938-9