ირაკლი მარგიშვილი

Margishvili, Irakli

* 11.07.1927 გორი, საქართველო

 17.11.2000 თბილისი, საქართველო

არქიტექტორი

ირაკლი მარგიშვილმა 1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით. 1950-1997 წლებში მუშაობდა „საქსოფლმშენსახპროექტში“ არქიტექტორად და ჯგუფის ხელმძღვანელად, 1950 წლიდან იყო პროექტის მთავარი არქიტექტორი, 1957 წლიდან სახელოსნოს უფროსი, ხოლო 1988-1997 წლებში ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი. ირაკლი მარგიშვილი მუშაობდა სოფლების გეგმარებისა და განვითარების პროექტებზე. ის ხელმძღვანელობდა სასოფლო მშენებლობისთვის განკუთვნილი, საზოგადოებრივი დანიშნულებისა და საცხოვრებელი შენობების ტიპობრივი პროექტებისა და სერიების პროექტების განვითარებაზე საქართველოს სხვადასხვა კლიმატური პირობებისთვის.

ირაკლი მარგიშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1971), საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი და “სახმშენის” დიდი საბჭოს წევრი (1958). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის – ღირსების ორდენი (1999).

ირაკლი მარგიშვილს მიღებული აქვს II პრემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მიღწევათა პავილიონისათვის მოსკოვში (1957); I ხარისხის დიპლომი სოფლის საცხოვრებელი სახლების სერიისათვის (1968); მოსკოვის საკავშირო დათვალიერება-კონკურსში სოფლის საცხოვრებელი სახლების სერიის პროექტისთვის ბრინჯაოს მედალი (1971); ვერცხლის მედალი (1980); ოქროს მედალი (1981); წლის საუკეთესო პროექტი, მოსკოვი (1985); არქიტექტურის მსოფლიო ბიენალე (INTERARCH-85, სოფია), “გრან-პრი” სოფელ გუდანის პროექტისთვის არქიტექტურის (დავით მორბედაძესთან და ლილი მჭედლიშვილთან ერთად).

ინფო: გიორგი მარგიშვილი
ფოტოები: ირაკლი მარგიშვილის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის ექსპერიმენტული დასახლება, 1973-1977

სოფელი გუდანი, 1980 (ირაკლი მარგიშვილი, დავით მორბედაძე, ლილი მჭედლიშვილი)

სოფელი შატილი, 1980 (ირაკლი მარგიშვილი, დავით მორბედაძე, ლილი მჭედლიშვილი, ნუგზარ დვალი)

სოფელი ხახმატი, 1980 (ირაკლი მარგიშვილი, ვახტანგ დავითაია)

სოფელი ჭერემი, 1978-1980

სხვადასხვა პროექტი სოფლებისათვის: დმანისი, ომალო, წუღრუღაშენი, კორშა, ფრისი, ჯუთა, სამთაწყარო, ოკამი, გოგაშენი და სხვა.