ღია წერილი

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას
15.04.2024

გამოცხადდეს მორატორიუმი ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე!

ავტორი მარიამ გეგიძე

ლაგუნა ვერეს კომპლექსიდან გაქრა უნიკალური სახტომის კოშკის ნაწილები და მთლიანი შენობა ისეა გამოშიგნული, რომ მისგან მხოლოდ ბეტონის მასა დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ დემონტაჟის ოფიციალური ნებართვა არ იძებნება, ნათელია, რომ შენობის დაშლის პროცესი უკვე დაწყებულია. ლაგუნა ვერე და მიმდებარე ტერიტორია დგას საფრთხის წინაშე გახდეს ადგილი ფინანსური სპეკულაციებისათვის.

ტერიტორიის მფლობელმა, ფონდმა „ქართუმ“, რომელმაც ლაგუნა ვერე ათი წლის წლის წინ რემონტის მიზნით დახურა და მას შემდეგ ნაგებობის შენარჩუნება-აღდგენაზე არ უზრუნია, კომპლექსი ოფიციალურად ერთი წლის წინ გაყიდა. ახალი მფლობელი „ნეო სითი დეველოპმენტი“ მერიის განცხადების მიხედვით, განიხილავს ლაგუნა ვერეს მუნიციპალიტეტისთვის ჩუქნას, რის შედეგადაც ის აუზის „მოწესრიგება-რეაბილიტაციასთან“ დაკავშირებული ხარჯებისაგან განთავისუფლდება. თუ საცურაო აუზის შენობა დაბრუნდება ქალაქის საკუთრებაში, კერძო ინვესტორს სავარაუდოდ მიეცემა უფლება მიმდებარე აბრეშუმის ქარხნის ტეროტორიაზე განახორციელოს მასშტაბური მშენებლობა – მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს, აქ განიხილება 65 სართულიანი კომპლექსის განხორციელება. გაურკვეველია ვინ და რის საფუძველზე განსაზღვრა ახალი კომპლექსის ფუნქცია და ვინ უნდა ისარგებლოს აქ სავაჭრო-კვებითი, საოფისე-ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობებით.

ლაგუნა ვერეს ღირებულება მისი არქიტექტურა, ფუნქცია და ისტორიაა. მისი კარი 90იანი წლების ზამთრის პერიოდებშიც კი არ დახურულა აქ მოსული ათასობით ადამიანისათვის. თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ქალაქის მმართველობა საცურაო კომპლექსის აღდგენას განიხილავდეს.

თბილისის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე გენტრიფიკაციის და ტურისტიფიკციის შედეგები უკვე ნათელია – საზიარო სივრცეების ჩანაცვლება ახალი, დიდი მოცულობის კერძო შენობებით რადიკალურ ცვლილებებს იწვევს ქალაქის მაცხოვრებლებისათვის. დღეს, როდესაც ჩვენი პლანეტის საზღვრები თვალსაჩინოა და სამშენებლო სექტორის როლი გლობალური დათბობის პროცესის დაჩარებაში სრულიად ცხადია, შენობების დაუსაბუთებელი ნგრევა და ქალაქში არსებული რეკრეაციული ზონების უგუველყოფა მიუღებელია.

დღეს თბილისის ცენტრალურ ნაწილში აღარ არსებობს არცერთი მუნიციპალური ღია საცურაო აუზი. ისეთი უნიკალური სივრცეების გააქტიურება, როგორიც იყო ლაგუნა ვერე ამ არსებულ რეალობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ამ გარიგებაში ჩართულ ყველა პირს მორატორიუმსაკენ, სანამ ამ ადგილის განვითარებასთან დაკავშირებით არ მოხდება გამჭვირვალე და საჯარო პროცესების წარმართვა!

ლაგუნა ვერე არ შეიძლება იყოს გაურკვეველი გარიგების საგანი ქალაქის მმართველობასა და კერძო ინვესტორს შორის. ჩვენ ვითხოვთ, რომ უპირობოდ გადაეცეს აუზი ქალაქს, რომელიც იზრუნებს მის მოვლასა და გადარჩენაზე! მხოლოდ პირველადი ფუნქციით აღდგენილი ლაგუნა ვერე დაუბრუნებს თბილისს იმ დაკარგულ ღირებულებას, რომლის მოპოვებაც თავდაპირველადაც არაერთი ათწლეული გაგრძელდა და მრავალ სირთულესთან იყო დაკავშირებული.


Desired Landscapes 07

A magazine reading into cities
12.2023

რედაქტორი ნატასა პაპპა

desired-landscapes.com

Desired Landscapes არის გამომცემლობა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, რომელიც ქალაქების მრავალფეროვან ნაზავს იკვლევს. ჯიბის ფორმატის ჟურნალი ცხრა თვიანი ინტერვალით გამოიცემა. სასეირნო ტურებთან ერთად ბეჭდური გამოცემა მიზნად ისახავს ვიზუალური კულტურის მეშვეობით ეგრეთ წოდებული ადგილის სულის (sense of place) გაზიარებას.

ნომერი 07-ში თავმოყრილია 16 ქალაქი – ყველაზე ფართო კოლექცია აქამდე. ერთ-ერთი მათგანია თბილისი, რომელიც თბილისის არქიტექტურის არქივთან კოლაბორაციით არის წარმოდგენილი.


Architecture Archives of the Future

10-ე წლიური კონფერენცია
21-22.11.2023 დელფტი/როტერდამი

იააპ ბაკემას კვლევითი ცენტრი (Jaap Bakema Study Centre)

© დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TU Delft), ახალი ინსტიტუტი (Nieuwe Instituut), ავტორები

პუბლიკაცია nieuweinstituut.nl

“როგორ მოვახდინოთ წარსულის მომავალში გადმოტანა და მომავალის მოწყობა?” – იააპ ბაკემას სასწავლო ცენტრის მეათე წლისთავის აღსანიშნავი ყოველწლიური კონფერენციის მთავარი კითხვა სწორედ ეს იყო. კონფერენციის Architecture Archives of Future (მომავლის არქიტექტურის არქივები) მიზანია, არქიტექტურულ პრაქტიკას, საარქივო კვლევასა და გამოფენის შექმნას შორის ურთიერთკვეთათა გამოვლენა. წარმოდგენილი კვლევები და აქამდე უცნობი, მრავალმხრივი ისტორიები კურატორული პრაქტიკის, არქიტექტურული მემკვიდრეობის, მეხსიერებისა და ცოდნის, მომავლის ნარატივების აღმოჩენასა და გააზრებას უწყობს ხელს.

თბილისის არქიტექტურის არქივი მიწვეული იყო კონფერენციაზე განყოფილებაში “Precarious Archives” (არქივები საფრთხის ქვეშ) და ნაწილია პუბლიკაციისა, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია მოცემული ბმულიდან.


ზე გავლენა 11

არქიტექტურა – დღევანდელობა და მომავლის პერსპექტივები
07.2023

რედაქტორი მარიამ შერგელაშვილი

ISSN 2667-9728
www.reachartvisual.com

თემატური ონლაინ გამოცემა „ზეგავლენა“ 2021 წლიდან მკითხველს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას და მიმდინარე კულტურულ პროცესების აცნობს. მეთერთმეტე გამოცემაში სათაურით „არქიტექტურა – დღევანდელობა და მომავლის პერსპექტივები“ წარმოდგენილია ინტერვიუები, ესსეები, მიმოხილვები და ინიციატივები ადგილობრივი კონტექსტისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით.

სექციაში „წარდგენა – უახლესი ინიციატივები“ გამოქვეყნებულია თბილისის არქიტექტურის არქივის ხედვა, მიზნები და მუშაობის მოკლე აღწერა.


BaunNetzWoche#626

Digitales Archiv Georgien

გამომცემელი BauNetz
10.08.2023

ტექსტი გრეგორ ჰარბუში

www.baunetz.de/baunetzwoche

BauNetz არის ციფრული არქიტექტურული ჟურნალი, რომელიც 1990-იან წლებში ბერლინში დაარსდა და მილიონობით გამომწერი ყავს. გერმანულენოვანი პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ფორმატს და რედაქციას. დაახლოებით ორკვირიანი შუალედით ქვეყნდება თემატური გამოცემა BauNetzWOCHE. ამ გამოცემის 626-ე გამოშვება სათაურით Digitales Archiv Georgien (საქართველოს ციფრული არქივი) დაეთმო თბილისის არქიტექტურის არქივს.

ჩვენთან ჩაწერილი ინტერვიუ და თბილისის არქიტექტურის არქივიდან არჩეული მასალა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მითითებული ბმულიდან pdf-ფორმატში.


წიგნი „ლაგუნა ვერე“

გამომცემელი თბილისის არქიტექტურის არქივი

ტექსტი რამაზ კიკნაძე, გაგა კიკნაძე, ნინო ჩაჩხიანი, მარიამ გეგიძე

დიზაინი არქ ბერლინი

ბეჭდვა და აკინძვა ფავორიტი, თბილისი 2022

ISBN 9-789941-848599

შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებში:

They said books
ახვლედიანის ქ. 10, თბილისი 0108
ფოსტა და კონა
მაზნიაშვილის ქ. 10, თბილისი
0102
სტამბის წიგნები
კოსტავას ქ. 14, თბილისი 0108
pro qm
ალმშტატის ქ. 48, 10119 ბერლინი
m books
მარკტის ქ. 16, 99423 ვაიმარი
bruno
დორსოდურო 2729, 30123 ვენეცია

თბილისის არქიტექტურის არქივის პირველი ბეჭდური გამოცემა ეძღვნება „ლაგუნა ვერეს“ სახელით ცნობილ საწყლოსნო-სპორტულ კომპლექსს, რომელიც უკვე მრავალი წელია უფუნქციოდ არის მიტოვებული. წიგნზე მუშაობა დროში დაემთხვა თბილისის მერიის ინფორმიაციას იმის შესახებ, რომ კომპლექსი მალე მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნდება და ძველი ფუნქციით ამუშავდება. გაურკვეველია ითვალისწინებს თუ არა ეს გეგმა არსებული სტრუქტურის პირვანდელი სახით შენარჩუნებას და რესტავრაციას. ამავდროულად ცნობილია, რომ განიხილება მიმდებარე ტერიტორიისათვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლა და მისი მჭიდრო განაშენიანება.

თბილისელთა არაერთ თაობას ძლიერი ემოციური ბმა და ბევრი მოგონება აკავშირებს განადგურების პირას მყოფ ქართული მოდერნიზმის ამ თვალსაჩინო ნიმუშთან. საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, აუცილებლად მიგვაჩნია, ლაგუნა ვერეს და მისი მიმდებარე ტერიტორიის მომავალთან დაკავშირებული ყველა გეგმა განიხილებოდეს საჯაროდ, პროფესიული წრეებისა და მოქალაქეების აქტიური ჩართულობით. ჩვენი პუბლიკაციის მიზანია „ლაგუნა ვერეს“ მრავალმხრივ ღირებულებებზე ყურადღების გამახვილება, რადგან ასეთი უნიკალური ურბანული სივრცეების მნიშვნელობის ფართო გააზრება მათზე ზრუნვის წინაპირობაა.

ორენოვან წიგნში შესულია არქიტექტორ რამაზ კიკნაძის მიერ 1968 წელს შედგენილი პროექტის განმარტებითი ბარათის თარგმანი. გაგა კიკნაძე ტექსტში „ვერის აუზი“ აღწერს პროექტის განვითარების და მშენებლობის ისტორიას; ნინო ჩაჩხიანის ესსე „წმინდა წყლის ბრუტალიზმი“ სახტომი კოშკის უნიკალურობას ეძღვნება და მარიამ გეგიძის „აუზის საქმე“ სოციალისტური ხანის თბილისში კომუნალური საცურაო აუზების დაპროექტების მოკლე ისტორიას მოგვითხრობს.

პუბლიკაციაში წარმოდგენილია ნახაზები, ჩანახატები, პროფესიონალური და სამოყვარულო ფოტოები ეროვნული არიქივიდან და კერძო კოლექციებიდან.

წიგნი დაიბეჭდა თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2022-ის მხარდაჭერით.


გამოფენა „ლაგუნა ვერე“

15.10–15.11.2022

თანამედროვე ხელოვნების სივრცე „მაუდი“
მისამართი ყოფილი მაუდის ქარხანა, წერეთლის გამზირი 140, თბილისი

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს, „რა იქნება შემდეგ“, ფარგლებში გაიმართა გამოფენა „Future presence“, რომელიც საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში გვიანი სოციალისტური არქიტექტიურის ნიმუშებს მიეძღვნა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ცენტრმა თბილისში, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლამ VA[A]DS და თბილისის არქიტექტურის არქივმა.

ჩვენ მიერ მომზადებული ექსპოზიცია მიზანად ისახავდა საწყლოსნო-სპორტულ კომპლექს „ლაგუნა ვერეს“ არქიტექტურულ ღირებულებაზე, და ასევე, მის სოციო-კულტურულ მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებას.

გამოფენაში გამოვიყენეთ საქართველოს ეროვნული არქივის მასალები საქინფორმის, კინო-ფოტო-ფონო და უახლესი ისტორიის არქივებიდან; „ლაგუნა ვერეს“ სტუმრების, სპორტსმენებისა და ბავშვთა სპორტ-სკოლის მოსწავლეების პირადი ფოტოები; პროექტის ავტორების – არქიტექტორების, რამაზ კიკნაძისა და შოთა ყავლაშვილის პირადი არქივები; მხატვარ კოკა იგნატოვის პირადი არქივი; „ლაგუნა ვერეს“ ყოფილი დირექტორის, ვლადიმერ გოიაშვილის პირადი არქივი; ფოტოგრაფ სიმონა როტას ფოტო კოლექციიდან „ოსტალგია“.

მადლობას ვუხდით თბილისის არქიტექტურის ბიენალეს და გამოფენის ორგანიზატორებს, ასევე საქართველოს ეროვნულ არქივსა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირადი არქივის მფლობელს მასალების მოწოდებისთვის და თანამშრომლობისთვის.

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდმა და შემოქმედებითი ევროპის ევროკავშირის პროგრამამ.