“Univermag Tbilisi” Complex
არქიტექტორები რევაზ ბაირამაშვილი, დავით მორბედაძე, ჯახუტი გორდეზიანი, ლერი მეძმარიაშვილი – „თბილქალაქპროექტი“, მეხუთე სახელოსნო
კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი
მშენებლობა 1975
სტატუსი აშენებული
თავდაპირველი ფუნქცია სავაჭრო ცენტრი, თეატრი, მეტროს სადგური
დღევანდელი ფუნქცია იგივე
მდგომარეობა ნაწილობრივ დანგრეული, სრულებით სახეცვლილი
მისამართი რუსთაველის გამზირი N2, თბილისი
Google Maps
მრავალფუნქციური კომპლექსი თავისუფლების მოედანთან, რუსთაველის გამზირსა და სულხან-საბას ქუჩას შორის, 1975 წელს აშენდა. სამი ფუნქციურად განსხვავებული, დამოუკიდებელი ნაწილი კომპოზიციურად ოსტატურად იყო გაერთიანებული. კომპლექსი შეიცავდა „უნივერმაღ თბილისს“, მეტროპოლიტენის სადგურ „ლენინს მოედანს“ (ამჟამად „თავისუფლების მოედანი“) და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრს. პროექტი გაკეთდა „თბილქალაქპროექტის“ მეხუთე სახელოსნოში რევაზ ბაირამაშვილის, დავით მორბედაძის, ჯახუტი გორდეზიანის და ლერი მეძმარიაშვილის მიერ.
უნივერმაღის მასიური მოცულობა მძლავრ სვეტებზე იყო აღმართული (მალი 7.60 მეტრი). სვეტების ხუთი ცენტრალური წყვილი ქმნიდა კოლონადას, რომელიც ქუჩისა და შიდა ეზოს შორის გარდამავალი სივრცის ფორმირებას უწყობდა ხელს. ეზოს სიმყუდროვეს განაპირობებდა მისი მდებარეობა რუსთაველის გამზირის დონესთან შედარებით უფრო მაღალ ნიშნულზე. როგორც კლასიკურ ატრიუმში, აქაც ცენტრში აუზი იყო. ეს ეზოც, მთელი შენობის მსგავსად, მრავალფუნქციური სივრცე იყო – დღისით მას უნივერმაღში მოსული ადამიანები დასასვენებლად ან შესახვედრად იყენებდნენ, საღამოს კი – თეატრის ვესტიბიულის გარე, ღია სივრცედ.
ეზოს ორივე მხარეს სიმეტრიულად იყო განლაგებული უნივერმაღის დამატებითი შესასვლელები. აქვე იყრიდა თავს მეორე სართულის ტერასებთან დამაკავშირებელი ორი ღია კიბე. მარჯვენა ტერასა გრძელდებოდა მეტროს ზედა სადგურის შენობამდე და ქმნიდა მის გადახურვას. ღრმა გადახურული სივრციდან სადგურის მრგვალ ვესტიბიულში იყო შესასვლელი. გრიბოედოვის თეატრის მთავარი შესასვლელი შიდა ეზოს სიღრმეში იყო განლაგებული. ის ფერადი დეკორატიული ვიტრაჟით იყო შემინული, რომელიც მხატვარ ჯიბსონ ხუნდაძის ესკიზის მიხედვით შესრულდა. მთელი კომპლექსის სვეტები და გარე კედლები მოპირკეთებული იყო ღია ფერის ეკლარის ქვით.
მთელი კომპლექსი, რომელიც გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის საინტერესო ნიმუში იყო, დღეს აღარ არსებობს. უნივერმაღის შენობა გაიყიდა და 2015-2017 წლებში მრავალმილიონიანი ინვესტიციის შედეგად რუსთაველი გამზირის დასაწყისში აშენდა სრულებით ახალი კომერციული ობიექტი, „გალერეა თბილისი“ (Moshe Tzur Architects Int. LTD, Tel Aviv, Israel) – რომელსაც შეეწირა უნივერმაღის შენობა და შიდა ეზო. გრიბოედოვის თეატრი დანგრევას გადაურჩა, მაგრამ ის დამწყვდეული აღმოჩნდა კერძო სავაჭრო ცენტრში, ისევე როგორც ქალაქ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მეტროპოლიტენის სადგურ „თავისუფლების მოედნის“ ახალი შესასვლელი. (ნჩ)
ფოტოები: დავით მორბედაძის პირადი არქივი
ლიტერატურა/ბმულები
ნინო ასათიანი, თბილისის 1970 იანი წლების არქიტექტურა. (1988-1992)