Zugdidi Administrative Building
არქიტექტორები ლევან კილაძე, ციალა გიორგაძე – „საქქალაქმშენსახპროექტი“, პირველი სახელოსნო
პროექტირება 1976 მშენებლობა 1985
სტატუსი აშენებული
თავდაპირველი ფუნქცია ადმინისტრაციული
დღევანდელი ფუნქცია იგივე
დღევანდელი სახელწოდება ქალაქ ზუგდიდის მერია
მდგომარეობა განახლებული
მისამართი თავისუფლების მოედანი, ზუგდიდი
Google Maps
ადმინისტრაცული შენობის შესანიშნავი მაგალითი გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის ეპოქიდან ლევან კილაძისა და ციალა გიორგაძის პროექტის მიხედვით აშენდა. პროექტირება ჯერ კიდევ 1970-იან წლებში „საქქალაქმშენსახპროექტის“ პირველ სახელოსნოში დაიწყო. მშენებლობა დასრულდა 1985 წელს.
ქალაქ ზუგდიდში, იმდროინდელ ოქტომბრის მოედანზე აგებული ხუთსართულიანი შენობა თავდაპირველად ზუგდიდის საქალაქო და რაიონული კომპარტიის კომიტეტებისთვის იყო განკუთვნილი.
შენობის გეგმა, ისევე როგორც მთავარი ფასადი, სიმეტრიულია. ის შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან – დიდი ცენტრალური სივრცე და ორი ფლიგელი. შემაღლებულ პირველ სართულზე მოთავსებულია ორსინათლიანი, გამრჭოლი სივრცე, რომლიც მოედანთან პარადული კიბითაა დაკავშირებული და ორივე ფლიგელისათვის ღია ვესტიბიულის ფუნქციას ასრულებს. მის თავზე, მესამე სართულზე, მოთავსებულია ბიბლიოთეკა ტერასით, ხოლო მეოთხე და მეხუთე სართულები საკონფერენციო დარბაზს უჭირავს.
შენობის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელებს იდენტური გეგმები აქვთ. მათში ხუთივე სართულზე განლაგებულია სამუშაო ოთახები. თითოეული ფლიგელს მთავარ ფასადზე კარგად გამოკვეთილ, ორ მძლავრ პილონში მოთავსებული, საკუთარი კიბის უჯრედი აქვს.
საპრეზენტაციო ალბომში დაცული გეგმები არა მხოლოდ არქიტექტურულ ღრებულებას ატარებს. ეს არის დროის საინტერესო დოკუმენტი, რომელიც კომპარტიის ფუნქციონერთა იერარქიული კიბის, „ვერტიკალის“, ზუსტ ილუსტრაციას შეიცავს. როგორც უკვე ითქვა, ფლიგელები სიმეტრიულადაა განლაგებული, გეგმები კი იდენტურია. მარჯვენა ფლიგელში ქალაქ ზუგდიდის პარტიული კომიტეტია, მარცხენაში – ზუგდიდის რაიონის. მეორე სართულის სამუშაო ოთახები კომკავშირის ორგანიზიიცის ხელმძღვანელისა და მისი სამი მდივნისთვისაა განკუთვნილი. მესამე სართულზე პარტიული კომიტეტის ინსტრუქტორები, მბეჭდავები და საერთო განყოფილებაა, მეოთხე სართულზე – პარტიის მეორე მდივნები, აგიტაციისა და პროპაგანდის, სამრეწველო და საორგანიზაციო განყოფილებები, ხოლო მეხუთე, ყველაზე მაღალ სართულზე – პარტიის რაიკომისა და ქალაქკომის პირველი მდივნები მისაღები ოთახებითა და სხდომათა დარბაზებით.
1980-იან წლებში აგებული მონუმენტური შენობა, როგორც იმდროინდელი გაზეთები წერდნენ, კარგად ერწყმება ქალაქის ცენტრის დაბალსართულიან განაშენიანებას და „თავისი იერით მოედნის დომინანტად გვევლინება“. არქიტექტორებს ამ პროექტისთვის 1987 წელს მიანიჭეს საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია „ხუთწლედის მატიანე“.
დღეს ამ შენობაში ქალაქ ზუგდიდის მერიაა განთავსებული. ფასადების შემოსვა სახეცვლილია, ხოლო ცენტრალური ღია სივრცე – შემინული. (ნჩ)
ფოტოები: ლევან კილაძის პირადი არქივი
ლიტერატურა/ბმულები
ანა მალიუგინა, წარმატების საიდუმლო. გაზეთი კომუნისტი, 8.12.1987.