Tsekavshiri building – Cooperation House
არქიტექტორები გივი მელქაძე, ნელი ქვარცხავა – „თბილქალაქპროექტი“, პირველი და მეექვსე სახელოსნო
კონსტრუქტორი დავით ქაჯაია, გ. მარტინოვა, ვეფხვაძე
პროექტირება 1966 მშენებლობა 1971
სტატუსი აშენებული
თავდაპირველი ფუნქცია ადმინისტრაციული
მდგომარეობა დანგრეული
მისამართი თავისუფლების (ლენინის) მოედანი 7, 0105 თბილისი
Google maps
სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის „ცეკავშირის“ ადმინისტრაციული შენობა „კოოპერაციის სახლი“ თბილისში, თავისუფლების (ყოფილი ლენინის) მოედანზე, გივი მელქაძის და ნელი ქვარცხავას პროექტით 1971 წელს აშენდა. ამ დროისთვის მოედანს ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა 1930-იან წლებში რეკონსტრუქციის შედეგად მიღებული ძირითადი ქალაქგეგმარებითი სტრუქტურა, და უმეტესად მეცხრამეტე საუკუნეში აგებული, პერიმეტრის მრავალფეროვანი განაშენიანება.
მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოლოში, პუშკინის სკვერთან, თბილისის კულტურული მემკვიდეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი – შალვა ამირანაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების მუზეუმის შენობა დგას (არქ. ბერნადაცი, 1825). აქვე იწყება სამუზეუმო კვარტალი. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, რუსთაველის პროსპექტის პირველი ნომერი, საცხოვრებელი სახლი (არქ. ყუბანეიშვილი, ქურდიანი, მელია, 1939), გვერდითა ფასადით ესაზღვრება მოედანს. შენობა, საერთო განაშენიანებასთან შედარებით, დიდი მოცულობისაა და ამ მხარეს მასშტაბის ახალ სტანდარტს აწესებს. სწორედ ამ ადგილას, საცხოვრებელ სახლსა და მუზეუმს შორის გადაწყდა კოოპერაციის სახლის მშენებლობა. ამისთვის გუდიაშვილის (ყოფილი კეცხოველის) ქუჩის ამ მონაკვეთში უნდა დანგრეულიყო რამდენიმე შენობა. როგორც ჩანს, ცეკავშირი ფლობდა საჭირო სახსრებს და ადგილის არჩევის პრივილეგიას.
ცეკავშირის შენობა, იმდროინდელი თბილისის ახალ ნაგებობათა შორის, რამდენიმე ნიშნით იყო გამორჩეული. პირველი, ადვილად შესამჩნევი, მისი უჩვეულოდ მაღალი ხარისხი იყო. როგორც თბილქალაქპროექტის გამოშვებულ ბროშურაში წერია, მთავარი ფასადი შემოსილი იყო მინისა და ალუმინის შეკიდული პანელებით, რომლებიც დამზადებული იყო უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის მშენებლობის სამინისტროს საწარმო „ფემუნკაშში“. ფასადის სიბრტყის ვერტიკალური დანაწევრებისა, და იმავდროულად, საჩრდილობლის ფუნქციას ასრულებდა ალუმინის „ნეკნები“. ინტერიერები უახლესი მოსაპირკეთებელი მასალებით იყო გაფორმებული, ხოლო შენობის ტექნიკა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდა. ფასადის შიდა მხარე, ალუმინის ფანჯრების გასწვრივ, ხის ელემენტებით იყო მოპირკეთებული. მასალების ასეთი, თითქოს უბრალო კომბინაცია ექსტერიერსა ინტერიერს შორის სასიამოვნო განსხვავებას ქმნიდა. ნელი ქვარცხავას არქივში დაცული საპროექტო დოკუმენტაცია შეიცავს ზედმიწევნით ზუსტად, მაღალ პროფესიონალურ დონეზე დაგეგმილ დეტალების ნახაზებს.
„კოოპერაციის სახლის“ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იყო მისი ადგილთან შეთავსება, ფორმა და მოცულობა. შვიდსართულიანი შენობის გეგმა ქუჩის არსებულ კონტურს მიყვებოდა. გათვალისწინებული იყო მეზობელი შენობის სიმაღლე, მოედნის მომავალი რეკონსტრუქციის გეგმები და ტრანსპორტის მოძრაობის სქემა. განაშენიანების ფართობი იყო 2400 კვ.მ, საერთო ფართობი – 9893 კვ.მ, საერთო მოცულობა – 51700 კვ.მ. შენობის უკანა ფასადსა და საცხოვრებელ სახლს შორის დაგეგმილი იყო კეთილმოწყობილი ბაღი. მიწისქვეშა სართულში მანქანების სადგომი, ტექნიკური სათავსები და საწყობები იყო განლაგებული. პირველ სართულზე იყო ვესტიბიული გარდერობით, წიგნებისა და სუვენირების მაღაზიები, რკინიგზის სალაროები, კაფე-სასადილო, გაზეთების კიოსკი და ტელეფონის ჯიხური. ღია შესასვლელი სივრცის გაგრძელებაზე იყო შიდა ეზო პატარა აუზით. მეორე სართულზე იყო სააქტო დარბაზი, ფოიე საგამოფენო სივრცით, სტუმრების მისაღები და ადმინისტრაციის ოფისები. მესამე სართულზე – კინოსაპროექციო და რადიო-კვანძი, ტექნიკის ოთახი და რამდენიმე ოფისი. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სართულის გეგმები იდენტური იყო და სამუშაო ოთახებს შეიცავდა.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ ისტორიულ ურბანულ გარემოში ახალი ადმინისტრაციული შენობის დაპროექტება სერიოზული გამოწვევა იყო. მით უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებენ პროექტის მთავარი არქიტექტორი გივი მელქაძე და მისი კოლეგა ნელი ქვარცხავა ისეთი პროექტის განხორციელებისთვის, რომელმაც სოცრეალიზმის არქიტექტურასა და მეცხრამეტე საუკუნის რუსულ ნეოკლასიციზმს შორის არსებულ პატარა მონაკვეთზე თავისი ეპოქის საუკეთესო სახე შექმნა, გარემო არ დააზიანა და მაღალი კულტურის, ოსტატობისა და პროფესიონალიზმის ნიმუშად მოგვევლინა. ცეკავშირის შენობამ ცოტა ხანს იარსება. სამწუხაროდ, ქალაქმა მისი არქიტექტურული ღირებულება და ისტორიული მნიშვნელობა ვერ შეაფასა და 2010-იან წლებში დასანგრევად გაიმეტა. ის რაც მის ადგილას აშენდა, ე.წ. პანორამა თბილისის ერთ-ერთი სასტუმრო, პირდაპირ წინააღმდეგობაში დგას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებასთან და სულ სხვა ღირებულებების ამსახველია. ცეკავშირის დროინდელი თავისუფლების მოედანი კი შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს. (ნჩ)
ფოტოები: ნელი ქვარცხავას პირადი არქივი; საქართველოს ეროვნული არქივი; ფოტოალბომი „თბილისი“, 1975. შემდგენელი ვ.ჭიაურელი, ფოტოგრაფები: არჩვაძე, დვალი, დათიკაშვილი, კიკვაძე, ფერაძე, რასკინი, რუხაძე, თურქია, სააკოვი.
ლიტერატურა/ბმულები
“კოოპერაციის სახლი ლენინის მოედანზე თბილისში” (რუს). როტაპრინტ სსი თბილქალაქპროექტი, დაკვ. N°55, 1972
ნინო ჩაჩხიანი, თავისუფლების მოედანი 2013.