საცურაო აუზის პროექტები

Swimming Pool Projects

არქიტექტორი იური კასრაძე – „თბილქალაქპროექტი“, პირველი სახელოსნო

პროექტირება 1946-1950

სტატუსი განუხორციელებელი

ფუნქცია სპორტულ-გამაჯანსაღებელი საცურაო აუზი

მისამართი

საცურაო აუზი სანაპიროს პარკში
Google maps

საცურაო აუზი დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე
Google maps

საცურაო აუზი ფიზკულტურელთა პარკში
Google maps

თბილქალაქპროექტში, არქიტექტორ იური კასრაძის მიერ არაერთი ღია თუ დახურული საცურაო აუზის პროექტი დამუშავდა – მდინარე მტკვრის სანაპიროზე ფიზკულტურელთა პარკში და სტადიონ „დინამოს“ მიმდებარედ. პროექტები არ განხორციელებულა. ეროვნულ არქივში დაცულია ამ პროექტების დოკუმენტაციის ნაწილი.

საცურაო აუზი სანაპიროს პარკში

1940-იანი წლების დასაწყისში თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მადათოვის კუნძული არსებული განაშენიანებისაგან სრულიად „გაწმენდილია“ და, მტკვრის მარჯვენა ტოტის ამოშრობის შემდეგ, მდინარის ჯებირები და ახალი სანაპიროს მაგისტრალის მშენებლობა ამ მონაკვეთში დასრულებულია. ყოფილ კუნძულზე გაშენებულია სანაპიროს პარკი, რომელშიც კლუბ „დინამოს“ ჩოგბურთის კორტებია განთავსებული. 1946 წელს, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცდა ახალი დავალება, ამ ტერიტორიაზე დახურული საცურაო აუზის პროექტირების შესახებ. მშენებლობისათვის გამოიყო 4000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია, რომელზეც ამ დროისათვის კლუბ „დინამოს“ ჩოგბურთის კორტები იყო განლაგებული. საცურაო აუზის პროექტის შედგენა დაევალა „თბილქალაქპროექტს“. ამავე წელს გარკვეული შენიშვნებით დამტკიცებული პროექტის მთავარი არქიტექტორია იური კასრაძე.

1946-47 წლით დათარიღებულ „თბილქალაქპროექტის“ მიერ შედგენილ საქმეში აღნიშნულია, რომ დახურული საცურაო აუზი განკუთვნილია სასწავლო მიზნებისათვის და წყლის სპორტის სახეობებში შეჯიბრებების ჩასატარებლად. საპროექტო დავალებაში ასევე აღნიშნულია, რომ ცურვის ცოდნა ის აუცილებელი უნარია, რომელსაც წითელი არმიის ჯარისკაცები უნდა ფლობდნენ და ჩამოთვლილია ცურვის ცოდნასთან დაკავშირებული დადებითი მხარეები. განმარტებით ბარათში წერია, რომ აუზი მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს ექსპლოატაციაში და ერთ სამუშაო დღეში 1300 ადამიანს უნდა იღებდეს, შესაბამისად დილის 9 საათიდან საღამოს 12 საათამდე – 15 საათი დღეში, უნდა იყოს ღია. პროექტში განთავსებული უნდა იყოს 4,5 მეტრი სიღმის საცურაო აუზი, სახტომი კოშკი, მაყურებლების დარბაზი, კაცებისათვის 100 ადგილიანი და ქალებისათვის 50 ადგილიანი გასახდელები. ხოლო არქიტექტურა უნდა შეესაბამებოდეს ადგილმდებარეობას ქალაქის ერთ-ერთ მთავარ, ახალ მაგისტრალზე.

იური კასრაძის მიერ დაპროექტებული შენობა ორ სართულიანია. პირველ სართულზე საცურაო აუზი, მშრალი ცურვის დარბაზი, დამხმარე სათავსები, ინსტრუქტორების ოთახები, გასახდელები, საშხაპეები ასევე მაყურებლების ვესტიბიული 900 ადგილზე გათვლილი გარდერობით. ვესტიბიული ორი გვერდითა კიბით დაკავშირებულია მეორე სართულზე მდებარე 600 მაყურებლისთვის გათვლილ მაყურებლების ტრიბუნებთან და ლოჟებთან. აქვე მდებარეობს ორკესტრის დარბაზი, ფოიე, ბიბლიოთეკა სამკითხველო ოთახით და დიდი ტერასა. მიწისქვედა დონეზე განთავსებულია აუდიტორია საპროექციოთი, ადმინისტრაციის ოთახები, ბუფეტი და ტექნიკური ოთახები. როგორც იური კასრაძე განმარტებით ბარათში აღნიშნავს, „ფასადი თავისი ხასიათით მოითხოვს სიმეტრიულ, თეატრალურ-პავილიონურ გადაწყვეტას, ფიზკულტურისთვის შესაფერი მსუბუქი ფორმებით, რაც მიღწეულია შენობის კუთხეებში გამოწეული კოშკების დახმარებით. განიერი კიბეები, გადახურვა და კოშკები შენობის კომპოზიციას პარადულობას მატებს, რაც აუცილებელია, რადგან დასრულების შემდეგ ეს იქნება თეატრალურ-სპორტული კომპლექსი“.

გეგმის მიხედვით საცურაო აუზი 1948 წელს უნდა გახსნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყდა პროექტისათვის ორი მილიონი მანეთის გამოყოფა, გაურკვეველი მიზეზების გამო მშენებლობა არ დაწყებულა.

საცურაო აუზი დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე

1947 წელს იური კასრაძე კიდევ ერთ დახურული საცურაო აუზის პროექტს ამუშავებს, ამჯერად სტადიონ „დინამოს“ ტერიტორიაზე. შენობის არქიტექტურა წააგავს სანაპიროს პარკისთვის დაგეგმილი აუზის პროექტს, თუმცა მასთან შედარებით შედარებით სადა და ნაკლებად პომპეზურია. დიდი ცენტრალური კიბე, რომლის ორივე კუთხეშიც სიმეტრიულად ქანდაკებებია აღმართული, თაღებიანი შესასვლელისაკენ არის მიმართული. მთავარ ფასადზე, ქანდაკებების გაყოლებაზე, ორი შედარებით მცირე ზომის კოშკია განთავსებული.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პროექტი თავდაპირველად სხვა ადგილისათვის იყო განკუთვნილი – ადგილი დაკონკრეტებული არ არის – ამიტომ, აუზის ფუნქციონირებასთან და ფასადის არქიტექტურასთან დაკავშირებული ყველა შენიშვნა შემოთავაზებულ პროექტში უკვე გათვალისწინებულია. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ კოშკების არქიტექტურა სასურველია იყოს უფრო მონუმენტური.

დინამოს აუზის შენობა ორსართულიანია. აქ ერთდროულად მხოლოდ 25 ადამიანს შეუძლია ცურვა, მასიური შეჯიბრებების დროს კი 50-ს. შენობის მიწისქვეშა დონეზე მოთავსებულია ბუფეტი, მშრალი ცურვის დარბაზი და ტექნიკური ოთახები. პირველ სართულზე ვესტიბიული და 750 ადგილზე გათვლილი გარდერობი, ასევე გასახდელები, საშხაპეები და თანამშროლების ოთახები. ხოლო ბოლო სართულზე აუზს მიუყვება 500 მაყურებლზე გათვლილი ტრიბუნები და ფოიე. მშენებლობისთვის მოთხოვნილია ორ მილიონ მანეთზე მეტის გამოყოფა. პროქტი დამტკიცებულია შენიშვნით, რომ გაიზარდოს აუზის ტევადობა 120-150 ადამიანამდე. ხოლო „დინამოს“ საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ აუზი უნდა იყოს პირველ რიგში სპორტული-სასწავლო მიზნებისათვის განკუთვნილი და მაყურებელთა ტრიბუნები 200 ადამიანს უნდა იტევდეს. უცნობია გაგრძელდა თუ არა პროექტზე მუშაობა.

საზაფხულო აუზი ფიზკულტურელთა პარკში

1950 წელს ფიზიკური კულტურისა და სპორტის საქმეთა კომიტეტი „თბილქალაქპროექტს“ მიმართავს თხოვნით, შემუშავდეს საზაფხულო აუზის არქიტექტურული პროექტი, რომელიც სტალინის სახელობის ფიზკულტურელთა პარკში აშენდება. ამჯერად კომპლექსი სამ ღია აუზს და სახტომ კოშკის ასევე 1600-2000 ადამიანზე გათვლილ ტრიბუნებს უნდა შეიცავდეს. აუზისათვის გამოიყო ადგილი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მდინარე ვერესა და ჩელუსკინელების ხიდს შორის. შემუშავებული პროექტის არქიტექტორი კვლავ იური კასრაძეა. ეროვნულ არქივში ინახება ტექნიკური პროექტის და კონსტრუქციის დეტალური აღწერა და სხვადასხვა აქტები, მათ შორის საექსპერტო დასკვნები, რომლებიდანაც ირკვევა, რომ ინჟინერი დავით ქაჯაია და კ.ი. მესხი პროექტის კონსტრუციის გათვალისწინებით შენობას უარყოფით შეფასებას აძლევენ.

არქივში ასევე დაცულია 1955 წელს კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე დახურული საცურაო აუზის საპროექტო წინადადების ნახაზები და დოკუმენტაცია. (მგ)