იური კასრაძე

Kasradze, Yuri

* 25.01.1911 ალი, გორის რაიონი, საქართველო

† 1991 წლის სექტემბერი, თბილისი

არქიტექტორი

იური კასრაძემ 1930 წელს დაამთავრა თბილისის ჰიდროტექნიკუმი. 1931 წელს ის ჩაირიცხა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე, რომელიც 1936 წელს არქიტექტორის დიპლომით დაამთავრა. 1935-1938 წლებში კასრაძე მუშაობდა არქიტექტორად საქალაქო საბჭოს საპროექტო განყოფილებაში, რომელიც 1938 წელს საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაპროექტად“ გადაკეთდა. 1939 წელს იური კასრაზე გაიწვიეს ჯარში. 1942 წელს ის, მძიმედ დაჭრილი, მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნდა. გამოჯანმრთელების შემდეგ მან მუშაობა გააგრძელა „თბილქალაქპროექტში“ ჯერ არქიტექტორად, შემდეგ – პირველი არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად და მთავარ სპეციალისტად.
 
იური კასრაძემ 1950 წელს დაამთავრა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი, ის იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი (1934), თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი (1951 და 1953), საბჭოთა კავშირის სპორტულ ნაგებობათა საბჭოს წევრი (1960), საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1961); მიღებული აქვს დიპლომი არქიტექტორთა მეორე საკავშირო დათვალიერებაზე  (1947), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1949) „სპორტის სასახლის მშენებლობისთვის“, მედალი „შრომითი წარჩინებისთვის“ (1966). გარდა ამისა – მეორე მსოფლიო ომის მონაწილის მედლები, ჯილდოები, საპატიო ნიშნები სპორტული ღონისძიებების ორგანიზაციისთვის და სხვა.
 
იური კასრაძე ახალგაზრდობაში თამაშობდა ფეხბურთს. მისი გუნდის, თბილისის „ზიი”-ს (ზიი – ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი) ბაზაზე მოგვიანებით საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ დაარსდა, რომელიც 1934 წელს მოსკოვში სტუდენტთა სპარტაკიადაზე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.


ფოტოები: იური კასრაძის პირადი არქივი, საქართველოს ეროვნული არქივი

ძირითადი პროექტები

– სპორტული დარბაზი „ელვა“ (მოლნია), ვერის პარკი, თბილისი 1939

– საშუალო სკოლა 880 მოსწავლეზე, კომკავშირის ქ., თბილისი 1939

– კულტურის სახლი, ამბროლაური და ონი 1944 (იური კასრაძე, მიხეილ მელია)

– იპოდრომი 10 000 მაყურებელზე, თბილისი 1950

– იპოდრომი, ზუგდიდი 1950

– თბილისის აღმასკომისა და შამპანკომბინატის 35-ბინიანი საცხოვრებელი სახლი, მელიქიშვილის ქ., თბილისი 1950 (იური კასრაძე, ალექსანდრე თევზაძე)

– ადმინისტრაციული შენობა, აბაშა 1947 (იური კასრაძე, მიხეილ მელია)

დახურული საცურაო აუზები სანაპიროს პარკში და დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე, თბილისი 1947 (განუხორციელებელი)

– საზაფხულო ღია აუზი ფიზკულტურის ბაღში, თბილისი 1950 (განუხორციელებელი)

– საცხოვრებელი სახლი, თამარ მეფის (ყოფ. ჩელუსკინელების ) ქუჩა, თბილისი 1953 (იური კასრაძე, ალექსანდრე თევზაძე)

– შინაგან საქმეთა სამინისტროს 52 ბინიანი საცხოვრებელი სახლი, ჭავჭავაძის პროსპექტი, თბილისი 1955 (იური კასრაძე, ალექსანდრე თევზაძე)

– საცურაო აუზი კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, თბილისი 1955 (განუხორციელებელი)

– საცხოვრებელი სახლი, ჭავჭავაძის ქ., თბილისი 1956

– „საქმთავარენერგო“, ადმინისტრაციული შენობა, თბილისი 1956

– ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ჭავჭავაძის პროსპექტი, თბილისი, 1957

– კალათბურთის მოედანი 3000 ადგილზე, ვერის პარკი, თბილისი 1959 (იური კასრაძე. კონსტრუქტორი: დავით ქაჯაია)

სპორტის სასახლე, თბილისი 1961 (არქიტექტორები: იური კასრაძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კონსტრუქტორი: დავით ქაჯაია)

– ფიგურული სრიალის სკოლა, თბილისი 1962 (იური კასრაძე, თეიმურაზ აბაშიძე. ინჟინერი: დავით ქაჯაია)

– თბილისის აეროპორტის სასტუმრო და რესტორანი, თბილისი 1965 (იური კასრაძე, თეიმურაზ აბაშიზე, მ. სამთელაძე. კონსტრუქტორი: მაკარაშვილი)

– სასტუმრო „კახეთი“, თელავი 1977 (იური კასრაძე, ილია ტარასაშვილი, აბესალომ ხეჩუაშვილი, კონსტრუქტორები: ი.კახაძე, ა.ვეფვაძე)

ლიტერატურა/ბმულები

ჯაფარიძე, თ.: იური კასრაძე. თბილისი, ხელოვნება, 1991.