მეტროს სადგური „მარჯანიშვილი“

Metro station „Marjanishvili“

არქიტექტორები გივი მელქაძე, თემო მიქაშავიძე, ნელი ქვარცხავა, ილო ყავლაშვილი – „თბილქალაქპროექტი“, პირველი სახელოსნო

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი

პროექტირება 1962-1964

სტატუსი აშენებული

ფუნქცია მეტროს სადგური

მდგომარეობა ნაწილობრივ სახეცვლილი

მისამართი დავით აღმაშენებლის გამზირი 89-97, თბილისი
Google maps

მეტროს სადგური „მარჯანიშვილი“, თბილისის მეტროს პირველი ხაზის დანარჩენ ხუთ სადგურთან („დიდუბე“, „ელექტროდეპო“, „ოქტომბერი“ (ნაძალადევი), „სადგურის მოედანი“, „რუსთაველი“) ერთად გაიხსნა 1966 წლის 11 იანვარს. მეტროს პირველ ხაზს ერთ წელიწადში დაემატა სადგურები „ლენინის მოედანი“ (თავისუფლების მოედანი), „26 კომისარი“ (ავლაბარი) და „300 არაგველი“.

არქიტექტორ მიხეილ მელიას პროექტით 1940-იანი წლების ბოლოს, პლეხანოვის პროსპექტისა და მარჯანიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე განხორციელდა ახალი, მარჯანიშვილის მოედნის გეგმარება და განაშენიანება. მოედნის შემომსაზღვრელი საცხოვრებელი სახლები 1948 წელს აშენდა, „თბილქალაქპროექტის“ შენობა კი, რომელშიც მეტროს სადგურის ერთადერთი შესასვლელია მოთავსებული – 1956 წელს.

მარჯანიშვილსა და რუსთაველის სადგურებს შორის მეტროს ხაზი მდინარე მტკვრის ქვეშ გადის და ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს. მეტროს სადგურის მიწისზედა და მიწისქვეშა ვესტიბიულები ერთმანეთთან ესკალატორებითაა დაკავშირებული. ქვედა სივრცეების პროექტი ეკუთვნის „თბილქალაქპროექტის“ პირველი არქიტექტურული სახელოსნოს (ხელმძღვანელი იური კასრაძე) არქიტექტორებს – გივი მელქაძეს, თემო მიქაშავიძეს, ნელი ქვარცხავას და ილო ყავლაშვილს. 1980-იან წლებში „თბილქალაქპროექტში“ ვლადიემერ ქურთიშვილის ხელმძღვანელობით იგეგმებოდა მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს მეტროს სადგურის მეორე ამოსასვლელის მოწყობა.

მიწისქვეშა სივრცე სამი პარალელური დარბაზისაგან შედგება. ისინი ერთმანეთთან თაღოვანი გასასვლელებითაა დაკავშირებული. გასასვლელი თაღების შიდა სიბრტყეები შემოსილია მუქი მარმარილოთი. იატაკი მოპირკეთებულია გაპრიალებული „ბორჯომის“ გრანიტით. იმავე ქვითაა მოწყობილი სკამები კედლებისა და მასიური სვეტების გასწვრივ. სამგზავრო პლატფორმების იატაკის კიდეები დაბოლოებულია ასფალტის ზოლით, რომელშიც კონტრასტული ფერის მეტლახის კვადრტული ფილებია ჩასმული. ეს უსაფრთხოების ზოლი დღემდე უცვლელადაა შემორჩენილი.

ინტერიერი გადაწყვეტილია ორ ფერში. სამივე სივრცის კედლები მოპირკეთებულია „ლოფოტის ძარღვის“ სპილოსძვლისფერი მარმარილოთი, რომელიც ინტერიერის ძირითად ფონს ქმნის. იგივე მარმარილოა გამოყენებული ცენტრალური დარბაზის მთავარ კედელზე, რომელზედაც რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ბრინჯაოში ჩამოსხმული სკულპტურული პორტრეტია განთავსებული (მოქანდაკე – მერაბ ბერძენიშვილი). იქვე, პორტრეტის ქვეშ, კოტე მარჯანიშვილის სიტყვებს ვკითხულობდით: „ხელოვნების მიზანი უბრალოა – მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა“, რომელიც დღეს გაუგებარი მიზეზის გამო ჩამოხსნილია. ასოების ბრინჯაოში ჩამოსასხმელად არქიტექტორების მიერ შექმნილია სპეციალური შრიფტი.

არქიტექტორებს მოპირკეთების დიზაინისა და განათების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ შემუშავებული. პროექტის მიხედვით ინტერიერის გაფორმება მეტი სისადავით იყო დაგეგმილი. მარჯანიშვილის მეტროსადგური მრავლად შეიცავს დახვეწილ დეტალებს, როგორიცაა სავენტილაციო ცხაურები, მათი დამაკავშირებელი დურალუმინის დეკორატიული წინფრები თეატრალური ნიღბის გამოსახულებით და სხვა. (ნა)

ფოტოები: საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის უბის წიგნაკი, ინტერმედია, ნეტგაზეთი